15.03.2016
სახელმწიფო უწყებები ონლაინ
მედიასაშუალებებს საინფორმაციო მომსახურებისთვის ათასობით ლარს
უხდიან. საინფორმაციო მომსახურებაში შედის: მათი პრესრელიზების
გავრცელება, ფოტოების, სასურველი სტატია/ინტერვიუების გამოქვეყნება და
გამოკითხვების ჩატარებაც. მკითხველისთვის სულ უფრო ძნელი ხდება
გაარჩიოს, რომელი მასალაა რედაქციის მიერ მომზადებული და რომელი -
შეკვეთით გამოქვეყნებული.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი
“ინტერპრესნიუსია”. მათივე მოწოდებული ინფორმაციით, გამოცემამ 2016
წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 18 - ში მიიღო
მონაწილეობა და 17-ში გაიმარჯვა. მათ შორის ერთ-ერთი ჯანდაცვის
სამინისტროს ტენდერი იყო.
“ინტერპრესნიუსი” მხოლოდ ჯანდაცვის
სამინისტროს ბიუჯეტიდან 11 თვის განმავლობაში 7 ათას ხუთას ლარს
მიიღებს. სანაცვლოდ კი ვალდებულია, მოამზადოს და გაავრცელოს
ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ანონსების, პრესკონფერენციების,
პრეზენტაციებისა და კონფერენციების შესახებ, გადაიღოს ფოტოები
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში თვეში არანაკლებ 2-ჯერ.
ხელშეკრულების თანახმად, თვეში ერთხელ სააგენტოს სამინისტროსთვის
მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და
კომენტარების მომზადება და გავრცელებაც ევალება.
"ნეტგაზეთის" მთავარი რედაქტორი
ნესტან ცეცხლაძე ფიქრობს, რომ საჯარო უწყებებს სატენდერო პირობები
კონკრეტული მედიასაშუალებისთვის აქვთ დაწერილი.
“თუ გავაანალიზებთ საჯარო
უწყებების მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა ასეთი ტენდერის პირობებს,
ცხადი ხდება, რომ მათი უმრავლესობა იდენტურია. მაგალითად, ყველა
უწყებას უჩნდება სურვილი, რომ ისეთ საინფორმაციო სააგენტოსთან
გააფორმოს ხელშეკრულება, რომელსაც დღეში არანაკლებ 40-50 ათასი
მომხმარებელი ჰყავს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს სატენდერო
პირობებში უწერია, რომ პრეტენდენტის ოფიციალურ საიტს ყოველდღიურად
უნდა ჰყავდეს მინიმუმ 50 000 უნიკალური და 2 000 000 მნახველი. ბევრი
ასეთი ნიუანსია ყველა ამ სატენდერო განცხადებაში, რაც ნათლად
აჩვენებს, რომ ამა თუ იმ საჯარო უწყებამ თვითონ კი არ შეიმუშავა
პრეტენდეტის კრიტერიუმები, არამედ უბრალოდ ჩაწერა კონკრეტული
კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. თორემ ჯერ ერთი ისე არ
ჩაწერდა, როგორც ზემოთ ვახსენე და მეორეც, თუ ამა თუ იმ სამინისტროს
სურს დღეში 40 ათას ინტერნეტის მომხმარებელს მიწვდეს, პროფესიონალი
კარგად გაიაზრებს, რომ ამისთვის სულაც არაა აუცილებელი ერთ კონკრეტულ
საიტს ჰყავდეს ამდენი უნიკალური მომხმარებელი. მე შესაძლოა რამდენიმე
საიტი მაქვს და ჯამში ჩემი ვიზიტორების რაოდენობა არის იმდენი,
რამდენსაც სატენდერო პირობები ითხოვს”, - ამბობს ნესტან
ცეცხლაძე.
საინტერესოა ისიც, რომ საგარეო
საქმეთა სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციის ფაილს, რომელიც
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზეა განთავსებული, პირდაპირ
ჰქვია “სატენდერო დოკუმენტაცია_IPN“ (სავარაუდოდ, „ინტერპრესნიუსი“)
ანუ იმ დოკუმენტს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონით ყველა
მედიაორგანიზაციას უნდა აცნობდეს, სადაც ახსნილია, როგორ
მედიაორგანიზაციას ეძებს და რა მომსახურების შესყიდვა უნდა,
გადაწყვეტილებას კი საუკეთესო ფასისა და პირობების შემოთავაზების
შემდეგ უნდა იღებდეს, თავიდანვე ჰქვია: IPN . ჩვენ რამდენიმე დღის
განმავლობაში ვცდილობდით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ამ საკითხზე
კომენტარის ჩაწერას, მაგრამ სამინისტროში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
ინტერპრესნიუსში კი ამაზე განგვიცხადეს რომ ტენდერები ცხადდება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე, დაინტერესების შემთხვევაში
მონაწილეობას იღებენ და ტენდერში გამარჯვებულს სატენდერო კომისია
ავლენს.
პირდაპირი მიყიდვის წესი
გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია,
საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულებები, რომლის ფასიც ხუთი ათას
ლარზე ნაკლებია, უტენდეროდ, კონკურენციის გარეშე, ერთ პირთან
მოლაპარაკების წესით გააფორმოს კომპანიებთან. სახელმწიფო უწყებებს
საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედიასაშუალებებთან მსგავსი ათობით
ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რა
ნიშნით არჩევენ მედიასაშუალებებს საჯარო უწყებები? მაგალითად, ვაკის
რაიონის გამგეობას ერთ პირთან მოლაპარაკების წესით ერთდროულად ორ
მედიასაშუალებასთან “ინფო9-სთან“ და “პრაიმ ტაიმთან” აქვს
ხელშეკრულება გაფორმებული. მერიაში ამბობენ, რომ მედიასაშუალებები
ვიზიტორების სიმრავლისა და ფასის მიხედვით შეარჩიეს და ორივე
მედიასაშუალებას ჯამში დღეში 35 ათასი მნახველი ჰყავს. ერთი წლის
განმავლობაში ვაკის გამგეობა ამაში დაახლოებით 9 ათას ლარს
გადაიხდის.
თელავის გამგეობამ ასევე პირდაპირი
მიყიდვის წესით საინფორმაციო მომსახურება “ეტალონი მედიასგან”
შეიძინა. მედიასაშუალებას ძირითადად რეგიონებში სხვადასხვა
მუნიციპალიტეტთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული და ის, 2016 წელს
პირდაპირი მიყიდვის წესით 10-ზე მეტ საჯარო უწყებას გაუწევს
საინფორმაციო მომსახურებას. ხელშეკრულების ფარგლებში მასალებს
www.etanews.ge და www.etatv.ge-ზე აქვეყნებს. ვებგვერდის მფლობელი
მანანა ღოღობერიძე ამბობს, რომ მათი ნიშა რეგიონში მომხდარი ამბების
გაშუქებაა და საჯარო უწყებების მიერ მოწოდებულ მასალებსაც გაფორმებული
ხელშეკრულებების ფარგლებში ავრცელებენ. მანანა ღოღობერიძე ტელეწამყვან
გოჩა ტყეშელაშვილის ცოლია. ტელეწამყვანი სხვადასხვა ვიქტორინას
მოსწავლეებს შორის მუნიციპალიტეტებში გამგეობების დაკვეთითაც
ატარებს.
ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის
გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილს ვკითხეთ, როგორ შეარჩია “ეტალონი
მედია”, რომელსაც ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ 1 წლის
განმავლობაში ბიუჯეტიდან 2 ათას ლარს გადაუხდის. მისი თქმით, გოჩა
ტყეშელაშვილმა თელავში მოსწავლეებს შორის ვიქტორინა ჩაატარა და ამ
ვებგვერდთან ხელშეკრულების გაფორმებაც სთხოვა. ჩვენს კითხვაზე,
რამდენად ეფექტურია ვებგვერდზე გავრცელებული მასალა, ამბობს, რომ
საკუთარი გამოცდილებით, ეფექტურია: “მე ხშირად ვნახულობ სხვადასხვა
მუნიციპალიტეტების ამბებს”, თუმცა კითხვაზე, რამდენად ნახულობს ამას
ხალხი, პასუხის გაცემა უჭირს: “ხალხიც ნახავს ალბათ, მე ზუსტად ვერ
გეტყვით თუ ნახულობს”, - ამბობს ის “მედიაჩეკერთან” საუბრისას.
ეთიკური დილემები
რა განსხვავებაა რეკლამასა და
სარედაქციო მასალას შორის? რეკლამაში რედაქცია ფულს იღებს და
შესაბამისად, ეთიკური სტანდარტების მიხედვით, მკითხველს უნდა
აცნობდეს, რომ ამ მასალაში ფული აქვს აღებული. ხოლო სარედაქციო მასალა
არის ის მასალა, რომელზეც რედაქცია მუშაობს, დეტალურად ამოწმებს მის
სისწორეს, სიზუსტეს და აქვეყნებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ფული
გადაუხადა, არამედ იმიტომ, რომ მიიჩნევს საჭიროდ და მნიშვნელოვნად.
როცა მედიასაშუალება აქვეყნებს მასალას, რომელსაც არ აქვს მითითება,
რომ ის დაფინანსებულია, ან რეკლამაა, ან მომზადებულია რომელიმე
უწყებასთან/კომპანიასთან ხელშეკრულების ფარგლებში, მკითხველს
ლოგიკურად აქვს მოლოდინი, რომ მასალა სარედაქციოა, შესაბამისად, მას
გავლილი აქვს ყველა ის სარედაქციო ფილტრი (ინფორმაციის გადამოწმება,
დაზუსტება და ა.შ.) რასაც ჩვეულებრივ, ნებისმიერი ტიპის ჟურნალისტური
პროდუქტი უნდა გადიოდეს.
გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, არის
თუ არა სიახლე, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნდება,
„ნიუსღირებულების“ , გადის თუ არა ის, ე.წ. „გეითქიფინის“ იმ პროცესს,
რასაც ამბავი ჩვეულებრივ უნდა გადიოდეს ხოლმე. გამოაქვეყნებდა თუ არა
იმავე ამბავს სააგენტო, მისი გაშუქება კონკრეტულ კომპანიასთან ან
უწყებასთან დადებული ხელშეკრულების პირობა რომ არ იყოს?!
(მასკომუნიკაციის თეორიების მიხედვით, „გეითქიფინგის თეორია“
გულისხმობს პროცესს, როცა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რედაქცია
წყვეტს რამდენად აქვს ამბავს „ნიუსღირებულება“, რამდენად ღირს მისი
გაშუქება, საინფორმაციო ბადეში ან გაზეთისა თუ ონლაინგამოცემების
გვერდებზე მოხვედრა“).
“რელიზს მოწოდებისთანავე არ ვდებთ,
ადგილზე არის ჟურნალისტი, რომელიც ამოწმებს, მართალია თუ არა
მოწოდებული ინფორმაცია, ფოტოებს თუ შეხედავთ, ჩვენი კორესპონდენტის
გადაღებულია. მეორე მხარის კომენტარიც არის ან იქვე, ტექსტში, ან სხვა
ნიუსში. ამიტომ იმის აუცილებლობას, რომ დავწერო პრესრელიზია/რეკლამაა
- ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში”, - ამბობს თამუნა ლეფსვერიძე
Ipress.ge-ს რედაქტორი.
სააგენტო “აქცენტების” მთავარი
რედაქტორის, ეკა ცანავას, თქმით კი, ისინი ხელშეკრულების ფარგლებში
მოწოდებულ ინფორმაციაში წერენ, რომ “ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ
პრესრელიზში”.
“ამას ისე კი არ ვდებთ, რომ ჩვენი
თვალით ვნახეთ, აშენებულია, გაკეთებულია და მოსახლეობა კმაყოფილია,
არამედ ჩვენ ვწერთ რომ, მაგალითად, ამის შესახებ ნათქვამია
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. მკითხველი
წესით უნდა მიხვდეს, რომ ეს მასალა მე არ მომიპოვებია და გაავრცელა
გამგეობამ”, - ამბობს ეკა ცანავა.
მედიაორგანიზაციების თქმით, ამ
ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია მათი არსებობისთვის.
მედიაჩეკერის მიერ 2015 წლის
ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში "პალიტრამედიის" ნიუსრუმის მთავარი
რედაქტორი ნატა მუმლაძე გვპასუხობდა, რომ ხელმომწერების მიერ
გამოქვეყნებულ მასალებს რომ დააწერონ “რეკლამა”, მაშინ
“ინტერპრესნიუსის“ ნიუსების 90 პროცენტი რეკლამის ნიშნით უნდა
გავიდეს”. დღეს ნატა მუმლაძე ამბობს, რომ გაითვალისწინა
Mediachecker-ის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაცია და
მსგავსი მასალებისთვის შემოიღეს აღნიშვნა"NS", ნიშანზე მაუსის
მიტანისას კი იწერება "news from subscriber".თუმცა რამდენად ხვდება
მკითხველი, რას ნიშნავს NS ან news from subscriber, ეს სხვა
საკითხია. ნატა მუმლაძე გვპასუხობს, რომ ეს “ჩვენს შესახებშია”
განმარტებული. იქ კი ერთი წინადადებით აღნიშნულია, რომ “ხელშეკრულების
ფარგლებში დადებული სიახლეები დაიდება "NS" – News from Subscriber
ნიშნით”. (შენიშვნა: ინტერვიუს ჩაწერის მომენტში, ნატა მუმლაძე
„ინტერპრესნიუსის“ რედაქტორი იყო).
www.liberali.ge-ის ბიზნეს
განვითარების მენეჯერის ქეთევან ქავთარაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ
გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ, რადგანაც
სახელმწიფო სტრუქტურების პიარ მასალების გამოაქვეყნება არ სურთ. რაც
შეეხება სხვა სახის სარეკლამო მასალებს, რედაქციას მკაცრად აქვს
განსაზღვრული, რომ სარედაქციო კონტენტი და რეკლამა მკაფიოდ უნდა
გაიმიჯნოს ერთმანეთისგან.
“გვქონია კონტრაქტი ღვინის ეროვნულ
სააგენტოსთან, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და
ამიტომ იყო ჩვენთვის საინტერესო. რა თქმა უნდა, დავაწერეთ, რომ
რეკლამა იყო (ნიშნით „რეკლამა“). საერთოდ, მიგვაჩნია,
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემისთვის საჯარო უწყებების მიერ
შეკვეთილი მასალების გამოქვეყნება, თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი, როცა
აწერია, რომ რეკლამაა, მიზანშეწონილი არ არის, მკითხველისთვის რთული
აღსაქმელია ერთი მხრივ „კრიტიკული“ და მეორე მხრივ კი პიარ სტატიები
ერთ სივრცეში ხვდებოდეს”, - ამბობს ქეთევან ქავთარაძე
“ნეტგაზეთს” პრაქტიკაში არსებული
პირობებით საჯარო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ
აქვს. მათი თქმით, ბუნდოვანია “საინფორმაციო მომსახურების” განმარტება
და ისიც, თუ რით განსხვავდება ის რეკლამისგან.
“ორი წლის წინ ერთ-ერთ
სამინისტროსთან, რომელსაც ანალოგიური ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული,
ვცადეთ დაზუსტება, რას გულისხმობდნენ ამ ტერმინში და ვეკითხებოდით,
იყო თუ არა ეს სარეკლამო მომსახურება. პასუხად რამდენიმე წერილზე ერთი
და იგივე მივიღეთ, რომ ეს ეხებოდა არა სარეკლამო, არამედ საინფორმაციო
მომსახურებას”,- ამბობს ნესტან ცეცხლაძე.
სახელმწიფო ორგანოების
პასუხისმგებლობა?
სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლების ნაწილი, რომელსაც Mediachecker ესაუბრა, პრობლემას
ვერ ხედავს იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მედიას ინფორმაციის
გავრცელებაში ფულს უხდიან. ისინი, საინფორმაციო სააგენტოების ნაწილის
მსგავსად, ფიქრობენ, რომ ამ ტიპის მასალები არა რეკლამა, არამედ
„საინფორმაციო მომსახურებაა“.
მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრო
განმარტავს, რომ “პრესრელიზი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება
რეკლამად. ეს არის საინფორმაციო ხასიათის და უმეტეს შემთხვევაში
(თანაც სამინისტროს სპეციფიკის გათვალისწინებით) შეიცავს
საზოგადებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას”, - ჯანდაცვის
მინისტრის მრჩეველი მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
საკითხებში ნინო შუბლაძე.
“სააგენტოებში იგზავნება
პრესრელიზი და ფოტომასალა, ეს ინფორმაცია არ არის რეკლამა, არამედ
წარმოადგენს მიმდინარე ან შესრულებული სამუშ აოების შესახებ
ინფორმაციას”, - ამბობენ თბილისის მერიის პრეს სამსახურში.
მედიაორგანიზაციების იმ ნაწილის
აზრით, რომლებიც სახელმწიფოსთან ამგვარი ხელშეკრულებების გაფორმებაზე
უარს ამბობენ, ხელისუფლების და მედიაორგანიზაციების მსგავსი
ურთიერთობა მედიისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის.
“დამკვეთს, სახელმწიფო იქნება ეს
თუ კერძო კომპანია, რა თქმა უნდა, ურჩევნია კონტრაქტი გააფორმოს იმ
მედიაორგანიზაციასთან, რომელიც არ აღნიშნავს, რომ მასალა რეკლამაა.
ჩვენი პოლიტიკის გამო ხშირად ვამბობთ უარს კონტრაქტებზე, სადაც
მასალების გამოქვეყნებას რეკლამის ნიშნის გარეშე გვთხოვენ.
შესაბამისად ჩვენი ტიპის მედიები არაკონკურენტულ გარემოში ვხვდებით და
სარეკლამო შემოსავალზე უარის თქმა გვიწევს, “- ამბობს "ლიბერალის"
წარმომადგენელი ქეთევან ქავთარაძე.
„ნეტგაზეთის“ რედაქტორის ნესტან
ცეცხლაძის თქმით, სამინისტროების მსგავსი მიდგომა არის ხელისუფლების
მხრიდან პირდაპირი ჩარევა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.
“აქ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა
არ აქვს ეს ნებაყოფლობითი პროცესია თუ არა, რადგან ასეთი ჩარევით
ზარალდებიან არა მხოლოდ იმ კონკრეტული მედიასაშუალებების მკითხველები,
რომლებიც ამ “ტენდერს იგებენ”, არამედ ზარალდება მთლიანად
მედიაგარემო, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეებს მაღალი
სტანდარტის ჟურნალისტიკით, გადამოწმებული ინფორმაციით, ინტერვიუებით
იმ თემებზე, რომლებიც გამოცემებს მიაჩნიათ მნიშვნელოვნად და არა ამა
თუ იმ სამინისტროს. ხელისუფლების და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ
წლების განმავლობაში დამკვიდრებული ეს ე.წ. “საინფორმაციო
მომსახურება” სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა მოქალაქეების
მიმართ, თუმცა ამ შემთხვევაში მგონია რომ საჯარო დაწესებულებებს უფრო
მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და უნდა გადახედონ ამ პოლიტიკას”, - ამბობს
ნესტან ცეცხლაძე.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი
იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს დისკუსია ჟურნალისტიკის ანბანზე -
რა არის ახალი ამბავი, რა არის პრესრელიზი და რა არის პროპაგანდა,
როგორ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო და სარეკლამო კონტენტი - სწორედ ამ
“საინფორმაციო მომსახურებების” პრაქტიკის დამსახურებაა.
/media/1001663/2018/02/20/2db1f18d520b7005bb6d38065609bd7d.jpg