ქართული მედია და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები
12.03.2016
11 მარტს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გამოქვეყნების შესახებ.

ეს ფაქტი ქართული მედიის დიდმა ნაწილმა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სრულად დაფარვით გააშუქა. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ფარულად გადაღებული კადრები გავრცელდა.

მედიის დიდმა ნაწილმა საკითხის გაშუქების საკმაოდ მაღალი სტანდარტი აჩვენა, თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებაში მაინც მოხდა პოლიტიკოსის იდენტიფიცირება. ზოგიერთმა მათგანმა შეცდომა გააცნობიერა, ზოგიერთმა - არა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” (ipn.ge) 16 საათსა და 11 წუთზე გამოაქვეყნა. გამოცემას ვიდეო არ გაუვრცელებია, თუმცა მასალაში ჩანდა პოლიტიკოსის ვინაობა (ნახსენები იყო ვიდეოს სახელი, რომელშიც პოლიტიკოსის გვარი და სახელი ფიგურირებდა). ინფორმაცია ასეთივე ფორმით გაავრცელა სააგენტო Etanews.ge-მ და რადიო “ფორტუნას” ვებ-გვერდმა Fortuna.ge-მ. Etanews.ge-მ ვიდეოდან ფოტოკადრიც გამოიყენა, სადაც შესაძლებელი იყო კადრებში ასახულ პირთა იდენტიფიცირება. თუმცა ამ ვებ-გვერდებმა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მალევე წაშალეს და ბოდიშიც მოიხადეს. Etanews.ge-მ საერთოდ სტატია წაშალა. სააგენტო “ინტერპრესნიუსში” კი ამ შეცდომის გამო სამსახური დატოვა სააგენტოს პასუხისმგებელმა რედაქტორმა.

ინფორმაცია იდენტიფიცირებით გაავრცელა ერთმა ქართულენოვანმა და ერთმა რუსულენოვანმა ვებგვერდმა. მათ სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან არცერთმა მათგანმა არ შეცვალა მასალა და არ წაშალა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

საზოგადოების რეაქცია საკმაოდ ხისტი იყო. უფრო ხისტი აღმოჩნდა მთავრობის წევრთა პოზიცია. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მათი უწყებების ფარგლებში თანამშრომლობა შეწყვიტეს სააგენტო “ინტერპრესნიუსთან”, წულუკიანმა - რადიო “ფორტუნასთანაც”.

თეა წულუკიანმა განაცხადა: “სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ”.

თინა ხიდაშელისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებში საუბარი იყო მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტაზე. მათ არ უსაუბრიათ საინფორმაციო სააგენტოსთვის პრესრელიზების არგაგზავნის შესახებ.

“სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ,”- აღნიშნა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში.

"დღეს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება იქნებოდა ადეკვატური, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

აღნიშნული კადრების გავრცელებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ცალსახად, პასუხისმგებლობას აკისრებდა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს”, ზოგი მათგანი კი საუბრობდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდარ აქცენტებზე.

“ინტერპრესნიუსს” მისი შეცდომის შემდეგ, მიუხედავად ბოდიშისა, არა მხოლოდ სამთავრობო უწყებები, არამედ მედიასაშუალებებიც გაემიჯნენ.

ამ ფორმას მიმართეს ჯერ ტელეკომპანია “მაესტრომ” და შემდეგ “რუსთავი 2”-მა. გარდა იმისა, რომ მათ ვიდეოს გავრცელება დაგმეს, ჩამოთვალეს სხვა მსგავსი ფაქტები, დაგმეს IPN-ის და სხვა მედიასაშუალებების ქმედებები, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ფარული კადრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას. “რუსთავი 2”-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ აღარ დაეყრდნობა სააგენტო IPN-ის მიერ გავრცელებულ არცერთ ინფორმაციას, “რადგან სააგენტომ უგულებელყო როგორც ჟურნალისტური ეთიკის, ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები”.

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მედიაორგანიზაციის მიერ, ოპერატიულობისა და რეიტინგის სახელით ადამიანის პირადი ცხოვრების ნებისმიერი ფორმით გამოყენება”, - ასე დაასაბუთა “მაესტრომ” თავისი გადაწყვეტილება.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერმა ნინო რობაქიძემ მთავრობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ აქცენტის გადატანა და პასუხისმგებლობის მედიაზე დაკისრება , არასწორია.

“ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას, კონკრეტულად სამართალდამცავ სტრუქტურებს იმ გამოუძიებელი ფაქტების გამო, რომელიც ამ შემთხვევას წინ უსწრებდა. მსგავსი ფაქტების არაეფექტური გამოძიება, ჩვენი აზრით, ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს მსგავსი ფაქტის გამეორებისთვის. ამ დროს ოფიციალური პირებისგან მედიის პასუხისმგებლობაზე საუბარი, უბრალოდ არასწორია. მიუხედავად იმისა, თუ რა სტანდარტი დაარღვია მედიამ და რა დააშავა. მედია პასუხისმგებელია მისი აუდიტორიის, საზოგადოების და არა პოლიტიკოსების წინაშე”, - აღნიშნა რობაქიძემ.

ჟურნალ “ინდიგოს” რედაქტორის ჟურნალისტ ნინო ჯაფიაშვილის თქმით კი, არ არის კარგი, როდესაც სახელმწიფო მოხელეები მედიას შეცდომის გამო, რომელიც აღიარა და რომლის გამოც ბოდიში მოიხადა, ინფორმაციის შეზღუდვას უწესებენ.

“ამასთან ცუდია ის, რომ ხელისუფლება პროპაგანდისა და პიარისთვის იყენებს მედიას და მედია ცხადად არ ამბობს, ან მალავს, რომ ამაში ფული აქვს აღებული”, - აღნიშნა ჯაფიაშვილმა.

მედიაჩეკერი აგრძელებს თემაზე მუშაობას და მასალებს, დღის განმავლობაში, კიდევ შესთავაზებს მკითხველს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ