10.03.2016
ონლაინ მედიაგამოშვება
Geworld.ge-ზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური, ანტიდასავლური განწყობების
შემცველი თუ ქსენოფობიური მასალები „მედიაჩეკერმა“ არაერთხელ
განიხილა. ამჯერად ამ გამოცემის „წარმომავლობის“ შესახებ
ვისაუბრებთ.
Geworld.ge გაზეთ „საქართველო და
მსოფლიოს“ ელექტრონული გამოცემაა. ონლაინგამოცემას ბეჭდურისგან
განსხვავებული და დამოუკიდებელი კონტენტი აქვს. „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ვის ეკუთვნის
ქართული მედია“ - თანახმად, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო” 2009 წელს
დაარსდა. გაზეთის გამომცემელი აიპ „ისტორიული მემკვიდრეობაა”, მისი
მთავარი რედაქტორი კი ირაკლი თოდუაა. ირაკლი თოდუა „ასავალ-დასავალის”
რედაქტორთან, ლაშა ნადარეიშვილთან, ერთად „საქართველოს ჟურნალისტთა
შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია.
Geworld.ge-ს ვებგვერდის დომენი
„ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა
რეგისტრირებული. Geworld.ge და თავად ტარას გაგნიძე ორგანიზაციების:
„ისტორიული მემკვიდრეობა“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“ პარტნიორები არიან.
საიტზე განთავსებულია ევრაზიის ინსტიტუტის, როგორც პარტნიორი
ორგანიზაციის ბანერიც. თავის მხრივ, „ევრაზიის ინსტიტუტის”
პარტნიორები არიან Georus.org – “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული
დიალოგისა და თანამშრომლობისთვის” და ლევ გუმილევის ცენტრი. „ევრაზიის
ინსტიტუტი” საქართველოში 2009 წელს დაარსდა. „ევრაზიის ინსტიტუტი”
დეკლარირებულად პრორუსული ორგანიზაციია და მის მთავარ პრიორიტეტად
ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება რჩება.
საიტზე რუსოფილიის გამოვლინების
არაერთი მაგალითია, ყველაზე თვალსაჩინო კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ
პუტინისთვის დათმობილი სიახლეებია.
მაგალითად: „აშშ-ის ანალიტიკოსები:
პუტინის 2007 წელს გამოთქმული პროგნოზები ბოლო 9 წლის განმავლობაში
ახდა“ „პოლკოვნიკს ყველა წერს“ პუტინისა და ობამას სატელეფონო საუბარი
სირიისა და უკრაინის საკითხებზე“.
საიტზე უხვადაა ანტიდასავლური,
ანტიამერიკული, თურქოფობიური მასალები: „სერგეი ლავროვი: თუ ნატო
საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს,
რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს“, „ვის მხარეზე უნდა იყოს
საქართველო რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში?“ „თინა ხიდაშელი
მეუღლესთან ერთად ნატოში გაიქცა“ „სოდომია ვაშინგტონის დიადი
გამარჯვება“ „უკრაინელებს ჰომოსექსუალიზმში საფოსტო მარკებით
გაანათლებენ ანუ როგორ ნერგავენ უკრაინაში “დასავლურ
ფასეულობებს”.
საინტერესო რუბრიკებია „ისტორია“
და „რელიგია“. პირველი მათგანი თითქმის სრულად აქვს დათმობილი
სტალინს. მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ მედიასაშუალება სტალინის,
როგორც ძლიერი ბელადის, პოლიტიკოსის, ზოგადად, ლიდერის რეაბილიტირებას
ცდილობს.
სტატიაში „სტალინი დიდი
მხედართმთავარი“ ვკითხულობთ: “მსოფლიოში ყველა თოფმომარჯვებულის _
მომხდურის თუ დამხდურის, ყველაზე დიდი მხედართმთავარი იყო ქართველი
კაცი _ იოსებ ჯუღაშვილი. დღეს ვიღაც ისტორიკოსს, რომანისტსა თუ
ბელეტრისტს ეშინია, კალამი არ გაექცეს და სტალინს იმაზე მეტი არ
მიაწეროს, რაც ეკუთვნის...“
ხოლო სტატიაში „სიმართლე გულაგის
არქიპელაგის შესახებ“ - საუბარია იმაზე, რომ სტალინის მმართველობის
ეპოქაში სულაც არ იყო რეპრესირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით
დიდი.
„დასავლელი მკვლევარების მიერ
რეპრესირებულთა მონაცემების ფალსიფიკაციის მიზანი მეორე მსოფლიო ომში
ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების მისაკუთრება და სსრკ-ის, უწინარესად,
ამ ომში გამარჯვების სულისჩამდგმელის, სტალინის, როლის
დამცრობა-დაკნინება რომ იყო, კარგად წარმოაჩინა რუსეთის მეცნიერებათა
აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის, ახლახან გარდაცვლილი ვიქტორ ზემსკოვის კვლევის
შედეგებმა, რომლის შესახებაც მასალა _ “რეპრესიები უემოციოდ“.
რუბრიკა „რელიგიაში“ კი,
უმეტესწილად, თავმოყრილია ინტერვიუები სასულიერო პირებთან. ხშირ
შემთხვევაში განხილვის საგანი პოლიტიკური თემებია. საყურადღებოა ისიც,
რომ ამ რუბრიკაში გამოქვეყნებულ მასალებში დასავლეთი მარლთმადიდებლურ
რელიგიასთან მებრძოლადაა გამოყვანილი.
მასალაში: “ანტიმართლმადიდებლების
მთავარი მიზანია, ერი დაიშალოს პატარ-პატარა ჯგუფებად და გახდეს იოლად
სამართავი” - ვკიხულობთ: „დღეს მოდურ ტენდენციად იქცა ათეისტობა,
მაგრამ უამრავ ადამიანს, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტს უწოდებენ,
საერთოდ არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ისინი, უბრალოდ, ექცევიან
დასავლეთის მიერ წამოწყებული ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდის
ზეგავლენის ქვეშ, ამის შემდეგ საკუთარი სარწმუნოების დაცვა და
პატივისცემა სათაკილოა“.
რელიგიურ საკითხებთან მიმართებით
ხშირადაა აქცენტირებული ის, რომ ამერიკა და ევროპა ცოდვების,
„ნორმალურობად“ წარმოჩენისთვის იბრძვის, მაშინ როცა ამ უკანონობის
აღმკვეთი ერთმორწმუნე რუსეთი შეიძლება იყოს. ამის დასტურად გამოდგება
თუნდაც ისიც, რომ სასულიერო პირებთან ჩაწერილ ყველა ინტერვიუში
ჟურნალიტები სვამენ კითხვას რუსეთთან დაახლოების და მისი როლის
შესახებ.
მაგალითისთვის გამოდგება ინტერვიუ
სასულიერო პირთან, დავით ნოზაძესთან, სათაურით: „მამა დავით (ნოზაძე):
“ცისფერი კომისრები” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები
არიან და ძირს უთხრიან სხელმწიფოს“, ინტერვიუში ვკითხულობთ:
ჟურნალისტი: „დასასრულ,
რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც გკითხავთ. ბევრი ფიქრობს, რომ
სარწმუნოება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს ორ
სახელმწიფოს შორის დაძაბულობის განსამუხტავად, ზოგი კი ამას
არარეალურად მიიჩნევს. თავის მხრივ, “ლიბერალები” ამაზე ბევრს
ქილიკობენ, _ ერთმორწმუნეობა არაფერს ნიშნავსო. თქვენ როგორ ფიქრობთ:
რა როლი ეკისრება ეკლესიას ამ პროცესებში?“
სასულიერო პირი დავით ნოზაძე: „რაც
შეეხება ურთიერთობების დარეგულირებას, თუკი აჭარაში სამასი წლის
განმავლობაში ფაშები ისხდნენ და დღეს თურქებს ძმებს ვეძახით (ირანში
კიდევ გვახსოვს, წინა პრეზიდენტის ვიზიტისას რა განცხადებები გაკეთდა:
ოდითგანვე ცნობილია ირანელებისა და ქართველების მეგობრობაო), ჩვენ და
რუსები რომ ისევ დავმეგობრდეთ, რა დაშავდება?! ვფიქრობ, ეს
ჩვეულებრივი ამბავია და, თუ ღმერთი ინებებს, ასე იქნება. მთავარია, არ
გავტყდეთ სულიერად და არ წავიდეთ სარწმუნოებრივ კომპრომისზე, რომელსაც
დღეს ამერიკა და ევროპა ითხოვს...“
ინტერვიუში სათაურით: „მამა გიორგი
(რაზმაძე): თუ ასე გაგრძელდა, აჭარასაც საბოლოოდ დავკარგავთ“
ვკითხულობთ:
ჟურნალისტი: „ანტიდასავლური
განწყობის გაძლიერებაში ზოგი რუსული პროპაგანდის კვალს ხედავს.
საუბრობენ რუსული არხების აკრძალვაზეც.
სასულიერო პირი გიორგი რაზმაძე:„ეს
აბსურდია და თვითონაც კარგად იციან. ანტიდასავლური, განსაკუთრებით
ანტიამერიკული, განწყობა იმიტომ ძლიერდება, რომ ეს სახელმწიფო სჩადის
უამრავ ბოროტებას“
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიის
განვითარების ფონდის ჩატარებული კვლევის თანახმად, Geworld.ge და
„საქართველო და მსოფლიო“ ონლაინ მედიაში ლიდერობენ ანტიდასავლური
განწყობების ტირაჟირებით.