09.03.2016
“მეტი ქალი პოლიტიკაში”,
კვოტირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მსჯელობა ქალთა პოლიტიკაში
მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ნაკლები ყვავილი და ნაკლები აქცენტი
ქალზე, როგორც „ნაზ არსებასა“ და “სუსტ სქესზე” - შარშანდლისგან
განსხვავებით, ქართულმა მედიასაშუალებებმა წლევანდელი 8 მარტი სწორედ
ასე გააშუქეს. სიუჟეტების ძირითადი აქცენტი სწორედ ქალთა უფლებებზე
იყო.
თბილისსა და რეგიონებში გამართული
აქცია კვოტირებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით
თითქმის ყველა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა.
მაგალითად, „საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა“ აქციის გაშუქების გარდა, მოკლე ისტორიული ექსკურსიც
შესთავაზა მაყურებელს იმაზე, თუ რა მოიტანა კვოტირებამ მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში. გრაფიკების საშუალებით ინფორმაცია ამომწურავად
და გასაგებად იყო გადმოცემული.
რვა მარტს ქალთა უფლებების თემას
„რუსთავი 2-ის“ ეთერში ერთი სიუჟეტი მიეძღვნა. სიუჟეტი კვოტირების
მომხრეთა მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.
აქციის შესახებ სიუჟეტის გარდა
„იმედის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე მომზადებული მასალაც მოხვდა. სიუჟეტი
დაწესებულებაში მყოფი ქალების ცხოვრებას ასახავდა. მასალაში ძირითადი
აქცენტი იყო იმაზე, რომ ქალები შეწყალებას ითხოვენ, დაწესებულებაში
მყოფი მსჯავრდებულების სხვა პრობლემების შესახებ სიუჟეტში საუბარი არ
ყოფილა. მასალა მსჯავრდებულების ცეკვისა და სიმღერის ამსახველი
კადრებით დასრულდა.
აქცია ტელეკომპანია “კავკასიის”
დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც მოხვდა. თუმცა „კავკასიამ“
გაუშვა მასალა, თუ როგორ ულოცავენ ქალ მძღოლებს რვა მარტს საპატრულო
პოლიციის თანამშრომლები.
წლევანდელი სარვამარტო გაშუქება
ნაკლებად დისკრიმინაციული იყო, თუმცა მიუხედავად ამისა,
ტერმინოლოგიური პრობლემები მაინც გამოიკვეთა. მაგალითად,
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კვოტირებისა და ქალთა ზოგადი
მდგომარეობის მაჩვენებელზე საუბრისას, ოჯახში ძალადობის ნაცვლად
ტერმინი “ოჯახური ძალადობა” გამოიყენეს. “მაესტრომ” ჟურნალ “სითის”
ღონისძიების გაშუქებისას, არაერთხელ ახსენა ტერმინი “ქალბატონი”
(ამავე მიმართვის ფორმას იყენებდა რესპონდენტი ეკა ხოფერიაც), ეს
სიტყვა ხშირად იყო გამოყენებული “კავკასიის” საინფორმაციო
გამოშვებაშიც.