24.03.2016
ინტერნეტ გამოცემა Euronews.ge
2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როგორც აღწერაში აქვს მითითებული, ის
“არის საინფორმაციო პორტალი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების
შესახებ”.
სააგენტოს თავის ფეისბუკ გვერდზე
მითითებული აქვს, რომ არის “დამოუკიდებელი, თვითდაფინანსებაზე მყოფი
ონლაინ მედია პორტალი, რომლის მიზანი არის ევროატლანტიკური და
ევროპული პოლიტიკის პოპულარიზაცია საქართველოში”.
მედიაჩეკერი დაუკავშირდა
euronews.ge-ს ხელმძღვანელ ტატო (შალვა) მახაშვილს, რომელმაც
განგვიცხადა: „2015 წლის დეკემბერში პროექტი დაიწყო ნოდარ კაპანაძემ,
ის თავიდან თანამშრომლობდა ჟურნალისტ ლიზა გეგეჭკორთან, რომელმაც
მოგვიანებით მუშაობა დაიწყო უშიშროების ეროვნულ საბჭოში, ამის შემდეგ
ის წავიდა euronews.ge-დან და გამოცემა მთლიანად გადმომაბარეს მე,
რადგან ამ მიმართულებით მაქვს გამოცდილება. შპს სოლოსტუდიო, რომლის
მფლობელიც ვარ მე, ასევე ფლობს live24.ge-ს, yelloblog.ge-ს. მე
შემომთავაზეს ევრონიუსის მართვა და ეს ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა,
რადგან მომეწონა თემატიკა. დომენის გადმოფორმება ნოდარ კაპანაძიდან
ჩემი კომპანიის სახელზე ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა, ეს უახლოეს
მომავალში მოხდება და მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი“. ტატო
მახაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ euronews.ge გახდეს მომგებიანი
გამოცემა და ეს არის მისი პირადი ბიზნესი.
საჯარო რეესტრის მონაცემების
მიხედვით, შპს სოლოსტუდიოს 100%-ს ტატო მახაშვილი ფლობს, ის ასევე
ფლობს შპს სოლომედიას 55%-ს. აღნიშნული კომპანიის 45%-ის მფლობელი კი
შორენა ბოლქვაძეა. რაც შეეხება შორენა ბოლქვაძეს, ის არის ბათუმის
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ
თურმანიძის ცოლი. თამაზ თურმანიძის ბიოგრაფიაში, რომელიც ბათუმის
საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, წერია, რომ ის არის სოლოჯგუფის
დამფუძნებელი. თურმანიძე 2012 წლიდან პარტია ქართული ოცნების
წევრია.
Euronews.ge თავდაპირველად
საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლის თებერვალში მოექცა, როცა
გამოაქვეყნა ახალი ამბავი სათაურით “ფრანსუა ოლანდი პოლონეთისა და
სხვა ულტრა-მემარჯვენე მთავრობების მქონე ქვეყნების ევროკავშირიდან
გარიცხვის მომხრეა”. აღნიშნული ამბავი მკითხველს euronews.ge-ზე
დაყრდნობით უცვლელად შესთავაზა საინფორმაციო სააგენტო
ინტერპრესნიუსმაც.
Euronews.ge მომხმარებელს შემდეგი
შინაარსის ამბავს სთავაზობს: „ევროკავშირის ხელშეკრულებები
ითვალისწინებენ იმ წევრების გარიცხვას, რომელთა ქმედება დემოკრატიის
პრინციპებს ეწინააღმდეგება“ – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ
რადიოსთან საუბარში. „როდესაც მედიის დამოუკიდებლობა საფრთხეშია,
პრობლემა ექმნება კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს.ევროკავშირი
ვერ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი ასეთი ქვეყნებისათვის“- დასძინა
ოლანდმა.
ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილმა
ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული ინფორმაციის სინამდვილე, რის შემდეგაც
მედიაჩეკერმა მისი გადამოწმება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის
პრეზიდენტის მსგავსი რადიკალური განცხადების შესახებ არცერთი
საერთაშორისო მედიასაშუალება არ წერს. ერთადერთი ინგლისურენოვანი
წყარო, სადაც აღნიშნული ინფორმაცია იძებნება, breitbart.com-ია,
რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა გერმანულენოვან გამოცემა Deutsche
Wirtschafts Nachrichten-ს. პაკისტანურ გამოცემა brecorder.com-ს კი
იგივე ინფორმაციის ავტორად საერთაშორისო სააგენტო AFP აქვს
მითითებული, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სხვაგან არ იძებნება.
სააგენტო ინტერპრესნიუსი 2016 წლის
თებერვლიდან ყოველდღიურად აქვეყნებს ახალ ამბებს euronews.ge-ზე
დაყრდნობით.
ინტერპრესნიუსის ყოფილმა მთავარმა
რედაქტორმა ნატა მუმლაძემ, რომელიც ახლა პალიტრა მედია ჰოლდინგში
ვებგანვითარების მენეჯერია, მედიაჩეკერს განუცხადა, რომ euronews.ge
არის ქართული ინტერნეტ გამოცემა და მას კავშირი არ აქვს ტელეარხ
ევრონიუსთან.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ
euronews.ge-სთან, რადგან ჩვენთვის საინტერესოა მათი კონტენტი და
ამიტომ გადავწყვიტეთ, თუმცა არანაირი ფინანსური დაინტერესება არ არის.
რადგან ჩვენი მედიასაშუალებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული
ღირებულებები და ეს მედიასაშუალებაც ამ მიმართულებით მუშაობს,
ჩვენთვის საინტერესო იყო”, - გვითხრა ნატა მუმლაძემ.
მისივე თქმით,ინტერპრესნიუსი
euronews.ge-ს მასალებს თავდაპირველად გადაუმოწმებლად აქვეყნებდა,
თუმცა, ფრანსუა ოლანდთან დაკავშირებული ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ,
რომლის სანდოობაც ეჭვქვეშ დადგა, ინტერპრესნიუსმა მასალების
გადამოწმება დაიწყო და იგივე მოითხოვა euronews.ge-სგანაც. მიუხედავად
ამისა, ინტერპრესნიუსის ვებგვერდზე 20 მარტამდე შეიძლებოდა
დაუდასტურებელი ინფორმაციის წაკითხვა აღნიშნულ ბმულზე ფრანსუა ოლანდის
განცხადებასთან დაკავშირებით (მასალა 24 თებერვალს გამოქვეყნდა).
ამჟამად სადავო ნიუსი საიტიდან მოხსნილია.
ინტერპრესნიუმა რუბრიკების
განყოფილებაში მთავარ გვერდზე ცალკე განყოფილებად გამოიტანა
euronews.ge, სადაც ამ დრომდე აქვეყნებს აღნიშნული სააგენტოს
მასალებს.
euronews.ge რეგულარულად აქვეყნებს
ახალ ამბებს ევროპაში მიგრანტთა კრიზისზე, ევროკავშირის მომავალზე,
შენგენის ზონის გამოწვევებზე და ა.შ.
არის შემთხვევები, როცა ინტერნეტ
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს ევროპაში მიმდინარე
მნიშვნელოვან პროცესებზე ისე, რომ გაუგებარია, წყაროს წარმოადგენს
გამოცემის ჟურნალისტი, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი, თანამდებობის
პირი თუ ვინმე სხვა. ტატო მახაშვილის თქმით, Euronews.ge-ს ნამდვილად
ყავს წყარო, რომელიც გამოცემას აწვდის ექსკლუზიურ ინფორმაციას და მის
ვინაობას ვერ გაამჟღავნებს. მისივე თქმით, გამოცემა ცდილობს, რომ
ყველა მასალა სანდო წყაროზე დაყრდნობით მომზადდეს და მუდმივად
ინახავენ იმ ორიგინალი მასალის ბმულებს, საიდანაც თარგმნიან ახალ
ამბებს.
მაგალითად, 18 თებერვალს პორტალმა
გამოაქვყნა ახალი ამბავი სათაურით “წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთი
ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას არ დათანხმდება”. გამოცემა წერს,
რომ ეს ინფორმაცია Euronews.ge-ს წყარომ მიაწოდა.
გამოცემის ვებგევრდზე შეხვდებით
ახალ ამბებს სათაური: “შენგენის ზონა დაშლის საფრთხის წინაშე დგას?”
“გერმანულ ლუდში გლიფოსატი აღმოაჩინეს”(ამბავი ეხება კონკრეტულ ბრენდს
და არა ყველა გერმანულ ლუდს), “შენგენის ზონა საფრთხეშია: აცხადებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო” და ა.შ.
10 თებერვალს გამოცემამ
გამოაქვეყნა მოსაზრება “უკან მომავალში, ანუ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ
შეხვალ?” . მასალას ავტორი არ აწერია, თუმცა, ის მკითხველს სთავაზობს
სუბიექტურ მსჯელობას იმის შესახებ, რამდენად შეძლებს ევროკავშირის
დამფუძნებელი ექვსი ქვეყანა გაერთიანების წინაშე არსებული
გამოწვევების გადალახვას: “არსებითი, რაც კომუნიკედან ჩანს, არის
კიდევ ის, რომ ეს ექვსი ქვეყანა ირიბად აღიარებს ევროკავშირის წევრთა
სიმრავლეს, როგორც მთავარ პრობლემას გადაწყვეტილებათა მიღების
პროცესში. ეს კი თავის მხრივ იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მომავალი
გაფართოვება არათუ სასურველი, საფრთხილოც კი არის მინიმუმ იქამდე,
ვიდრე თავად ევროკავშირი არ რეფორმირდება”.
Top.ge-ს მონაცემებით,
euronews.ge-ს რეიტინგი ინტერნეტ გამოცემებს შორის მზარდია. 21 მარტის
მონაცემებით, საიტს დღეში დაახლოებით 4 500–მდე უნიკალური ვიზიტორი
სტუმრობს.
შენიშვნა: სტატიაში დაზუსტების
მიზნით, შეტანილია ცვლილება, მესამე და მეოთხე აბზაცი დამატებულია
გამოქვეყნების შემდეგ. 25 მარტი, 2015. 16:30