ვარაუდები კალაძის და რესპუბლიკელი მინისტრების შესაძლო გადაყენების შესახებ
26.04.2016
„კალაძე მთავრობის მიღმა“ 20 აპრილს ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ტელეკომპანია „თავისუფალ თაობაზე“ დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კახი კალაძე მინისტრთა კაბინეტს მალე დაემშვიდობება. სიუჟეტის თანახმად, კალაძე მინისტრობიდან„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გადაინაცვლებს. ამავე მასალის მიხედვით, არჩევნებამდე 6 თვით ადრე თანამდებობებს რესპუბლიკელი მინისტრებიც დატოვებენ. სიუჟეტში არ ჩანს არც ერთი სარწმუნო წყარო, რომელიც ინფორმაციას დაადასტურებდა. ამბავი მხოლოდ,„თავისუფალი თაობის“ ინფორმაციას ეყრდნობა, რას ეყრდნობა თავად ორგანიზაცია ამ ინფორმაციის გავრცელებისას, ბუნდოვანია.

სიუჟეტის ტექსტიდან ვიგებთ, რომ კვირიკაშვილი კალაძის საქმიანობით უკმაყოფილოა, ინფორმაციის წყარო, ამ შემთხვევაშიც თავისუფალი თაობა და მისი წევრი ლადო სადღობელაშვილია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ საკითხზე სამთავრობო გუნდში არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ შესაძლოა, კალაძე გუნდს გამოეთიშოს. ამ მოსაზრების„დასტურად“მასალაში ჩასმულია უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის სინქრონი:„ვინ, მოგიშლის წადი სამტრედიაში იყარე კენჭი, ხო? აქედან გამომდინარე შეიძლება შესთავაზონ ეს ამბავი და არამარტო კახის შესთავაზონ. ამიტომაც დაველოდოთ 14 მაისს“.

ამავე სიუჟეტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე თანამდებობებს რესპუბლიკელი მინისტრებიც დატოვებენ.

„არჩევნებამდე 6 თვე რჩება, თუმცა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის, პოსტებს რესპუბლიკელი მინისტრებიც დატოვებენ, საკადრო გადაადგილებაზე პრემიერი საუბრობს“- ამბობს ჟურნალისტი და ამ მოსაზრების დასტურად, მოჰყავს პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის რამდენიმეწამიანი სინქრონი, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, გასულ კვირას გააკეთა:

„არჩევნებამდე, მე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ, სავარაუდოდ იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება“- ეს განცხადება, პრემიერმა კვირიკშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, გიორგი გაბუნიას კითხვაზე პასუხად შეხვედრის დაწყებიდან 21:49 წუთზე გააკეთა. თუმცა, ამავე შეხვედრაზე, ტელეკომპანია„ობიექტივის“ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის აპირებს პრემიერი რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას კვირიკაშვილი პასუხობს:

„რაც შეეხება რესპუბლიკელი მინისტრების ყოფნას მთავრობის შემადგენლობაში, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას, კანონით არის გათვალისწინებული ვადები, ეს არის ერთთვიანი ვადა, თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას ამ პერიოდისთვის, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“.

(იხ. ვიდეო: 1:06 დან);

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად სიუჟეტში არ ჩანს არც ერთი წყარო, არც ოპოზიციიდან და არც სამთავრობო გუნდიდან, რომლებიც რესპუბლიკელი მინისტრების გადაყენებაზე აკეთებენ განცხადებებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სიუჟეტი, მეტწილად, ვარაუდებზეა აგებული.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ