18.04.2016
17 აპრილს, გადაცემაში "P.S"
გავიდა სიუჟეტი - "ივანიშვილი და რუსული აგენტურული ქსელი", სადაც
საუბარია იმაზე, რომ ქართულმა სპეცსამსახურმა რუსული აგენტურული
ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა, პრაქტიკულად, შეწყვიტა. მასალაში ორ
ადამიანს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი ისე, რომ დამადასტურებელი ფაქტები
და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
სიუჟეტში პოლიციის გენერალ-მაიორი
ლევან გვაზავა აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების
სამსახურის მონაცემთა საიდუმლო ბაზიდან ამავე უწყების ანალიტიკური
სამსახურის თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და ის რუსულ
სპეცსამსახურს გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ გვაზავა კონრეტული პირის
სახელსა და გვარს არ ამბობს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ
ოპოზიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ინფორმაცია გაიტანა, გია
არდაზიშვილია. ის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს.
ჟურნალისტი არდაზიშვილის დედასაც დაუკავშირდა, თუმცა მან
ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთ-ერთი პირი კი, რომელიც
სიუჟეტში არდაზიშვილის ნათესავად არის მოხსენიებული, ამბობს, რომ მისი
დაკავება სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. რესპონდენტი ზუსტად
არ ადასტურებს, ბრალი უკავშირდება თუ არა ჯაშუშობას (კომენტარის დროს,
მისი სახე დაფარულია.)
ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ
უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადასტურებს,
რომ არდაზიშვილი დაკავებულია და ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული.
აქ ჟურნალისტი არ აზუსტებს არსობრივად მნიშვნელოვან ინფორმაციას -
კონრეტულად რას ედავება მას ბრალდება და არის თუ არა დასახელებულ ოთხ
მუხლს შორის ჯაშუშობა.
ამის შემდეგ, ჟურნალისტი ამბობს,
რომ უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, ბრალდებულს საიდუმლო
მასალებთან წვდომა არ ჰქონია. კადრში გვიჩვენებენ ნინო გიორგობიანის
ფეისბუკ სტატუსს, ჟურნალისტი კი სტატუსის მხოლოდ იმ ნაწილს კითხულობს,
სადაც საუბარია იმაზე, რომ დაკავებულს დახურულ ინფორმაციასთან წვდომა
არ ჰქონდა. არადა, ამავე სტატუსში გიორგობიანი იმ მუხლებსაც
ასახელებს, რომლითაც არდაზიშვილს ბრალი აქვს წაყნებეული:
„მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან
გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი
ინფორმაცია რუსეთში გაიტანა. 1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას
ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგოგადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თაღლითობა;
333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა
არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური
მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება,
თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას“.
გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ
პირმა „წვდომა მოახდინა“ დახურულ ინფორმაციაზე და ის გაიტანა. სხვა
წყაროსთან ინფორმაცია გადამოწმებული არ არის. გაუგებარია, თავად
ოპოზიციის ლიდერს, გივი თარგამაძეს საიდან აქვს ეს ინფორმაცია და რა
ადასტურებს მის ნათქვამს.
ჟურნალისტი კახეთიდან, მაია
მოსიაშვილი კი, „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემულ კომენტარში ყვება, როგორ
აღმოჩნდა სუს-ში გია არდაზიშვილი, რომელიც მანამდე თელავის
უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა: "2012 წლის შემდეგ ის უკავშირდება
კონტრდაზვერვის თანამშრომელს, პაატა ბატიაშვილს, რომელიც თელავში
ცხოვრობს და ის ამ ფორმით ხდება სუს-ის თანამშრომელი. თუმცა, მას
შემდეგ, რაც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მის რეკომენდატორს
- ბატიაშვილს სამსახურიდან ათავისუფლებენ“. წყაროს საუბრიდან
გარკვევით არ ჩანს, რა დანაშაულზეა საუბარი. ამ საუბრიდან არ
დასტურდება, რომ წყარო არდაზიშვილის ჯაშუშობას გულისხმობს. გარდა
ამისა, „კურიერის“ ჟურნალისტების მიერ, რესპონდენტის ნათქვამი
გადამოწმებული არ არის. მაყურებლისთვის გაუგებარია, მართლაც
გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან ბატიაშვილი და თუ გაათავისუფლეს,
რა გახდა სამსახურიდან მისი დათხოვნის საფუძველი.
„P.S.-ის“ სიუჟეტში ავტორი ამბობს,
რომ პაატა ბატიაშვილი, ვისი რეკომენდაციითაც გია არდაზიშვილი
სპეცსამსახურებში სამუშაოდ აიყვანეს, შევარდნაძის მთავრობის დროს
კახეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო და უშიშროების
სისტემიდან ის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაუშვეს. "გავრცელებული
ინფორმაციით", ის ამ პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკის"
უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2012 წლის შემდეგ კი ის ისევ
უშიშროების სისტემაში დაბრუნდა. "ბატიაშვილი ცნობილი პრორუსული, კგბ-ს
ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია - ხაბურძანიას და სხვებს ვგულისხმობ.
ეს თავისთავად მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით ის იყო ან გავლენის
აგენტი ან პირდაპირი აგენტი თავიდანვე, " - ამბობს თარგამაძე.
სიუჟეტიდან გაუგებარია, სად არის
ახლა ბატიაშვილი, არის თუ არა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართაც
აღძრული. პირს, რომელსაც ფაქტობრივად ბრალი დასდეს ჯაშუშობაში,
სიუჟეტში არ მიეცა ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება.
გამოდის, რომ ერთადერთი წყარო,
რომელიც არდაზიშვილის და ბატიაშვილის აგენტობაზე საუბრობს, „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გივი თარგამაძეა. სიუჟეტიდან
გაუგებარია, რას ეყრდნობა წყარო, პირად მოსაზრებებს თუ ფაქტებს, არც
ის ჩანს, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. არ ყოფილა წარმოდგენილი
სარწმუნო წყარო ან ფაქტი, რომელიც თარგამაძის მიერ გაჟღრებულ
ბრალდებებს დაადსატურებდა.