14.04.2016
შესწორება ჟურნალისტიკაში ზუსტი
ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის მეხუთე პრინციპი სწორედ შესწორების სტანდარტს ეხება:
„მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებულიარსებითად არაზუსტი
ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაშიშეჰყავს საზოგადოება“. ამ მუხლის
განმარტებით ნაწილში კი აღნიშნულია: ამ მუხლით ჟურნალისტები და
რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ
არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის.
მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან
სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია,
მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.
როგორია შესწორების სტანდარტი
ონლაინ, ბეჭდურ და ტელემედიაში და როგორია ქარტიის საბჭოს პრაქტიკა ამ
საკითხთან დაკავშირებით. მედიაჩეკერი გთავაზობთ ინტერვიუს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრთან, მაია
მეცხვარიშვილთან.
მაია მეცხვარიშვილი:
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად,
უნდა შესწორდეს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია,
რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. შესწორების ფორმა
მედიასაშუალებების ტიპების და სპეციფიკის მიხედვით სხვადასხვაა.
მაგალითად, ბეჭდური მედიის შემთხვევაში უკვე დაბეჭდილ და გავრცელებულ
გამოცემაში ვერ შევძლებთ მცდარი ინფორმაციის გასწორებას. ამიტომაც
აუცილებელია, რომ მეორე ნომერში გავიდეს შესწორება. თანაც იმავე
გვერდზე, რომელზეც წინა არაზუსტი ინფორმაცია დაიბეჭდა.
ტელევიზიის შემთხვევაში თუკი,
მაგალითად, დილის საინფორმაციო გამოშვებაში რაიმე არაზუსტი ინფორმაცია
გავრცელდა და მყისიერად, იმავე გამოშვებაში შესწორება ვერ მოხერხდა,
ის უნდა შესწორდეს მეორე ან მესამე გამოშვებაში.
რაც შეეხება ონლაინ მედიას,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ამ მხრივ შეიმუშავა
სპეციალური რეკომენდაცია ონლაინ მედიაში დასაქმებული
ჟურნალისტებისათვის - ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა
იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს სხვა ვარიანტიც, სტატია
შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, მაგრამ მომზადებული ახალი მასალა,
რომელიც ასწორებს ამ ძველ სტატიას, აუცილებლად იყოს „გალინკული“ იმ
ძველ სტატიაში, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება.
თუმცა ამ ვარიანტმა, შესაძლოა, მკითხველი დააბნიოს, ამიტომ საბჭო
რეკომენდაციას პირველ ვარიანტს აძლევს - შეცდომაში შემყვანი
ინფორმაცია არ უნდა იძებნებოდეს. რაც ნიშნავს იმას, რომ არაზუსტი
ინფორმაცია იქვე უნდა იყოს ჩასწორებული, ოღონდ ამის თაობაზე
ახსნა-განმარტება აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. აუცილებელია, რომ
იქვე იყოს განმარტებული რა შესწორდა, რატომ შესწორდა. პირდაპირ
კორექტირებების შეტანა თავისთავად არაეთიკურია და მიუღებელია. როცა
მკითხველი შემოდის გვერდზე, ეცნობა მასალას და მოგვიანებით ის
შეცვლილი ხვდება, მან უნდა იცოდეს რა მოხდა, რატომ შეიცვალა
ინფორმაცია.
თუ არსებობს რაიმე სტანდარტი
შესწორების დროსთან დაკავშირებით? მინიმუმ რამდენ ხანში უნდა
გაასწოროს რედაქციამ მცდარი ინფორმაცია, რომ შესწორების სტანდარტი
დაცულად მივიჩნიოთ? რა არის „გონივრული ვადა“ შესწორებისთვის?
საერთოდ, თითოეული შემთხვევა
ინდივიდუალურია და უნიკალური რეცეპტი, რომელიც ყველას მოერგება, არ
არსებობს. დაირღვა თუ არა შესწორების სტანდარტი, ამის განსასაზღვრად
მნიშვნელოვანია ზიანის განსაზღვრა. რა ზიანი მიადგა კონკრეტული
ინფორმაციის გავრცელებით აუდიტორიას ან იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ
ეხება ეს არაზუსტი ინფორმაცია. ზიანის განსაზღვრისთვის კი
მნიშვნელოვანია დროის რომელ მონაკვეთში გამოქვეყნდა არაზუსტი
ინფორმაცია,რამდენი ვიზიტორი, მკითხველი ან მაყურებელი ჰყავს
მედიასაშუალებას. რაც შეეხება ვადას, ქარტიის საბჭომ ერთ-ერთ
გადაწყვეტილებაში „ნეტგაზეთის“ შესახებ შესწორების სტანდარტი
დარღვეულად არ მიიჩნია და დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში საათ-ნახევარი
გონივრული ვადა იყო მასალის გასასწორებლად. თუმცა ჩვენ გვაქვს საბჭოს
მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად, ქევხიშვილი-
მთივლიშვილის წინააღმდეგ, სადაც საბჭომ უფრო მეტი ვადაც - 8 საათიც
მიიჩნია გონივრულ ვადად. მაგრამ შეიძლება არსებობდეს ისეთი
შემთხვევაც, როცა ნახევარი საათიც კი ვერ ჩაითვლება შესწორების
გონივრულ ვადად. ვადა განისაზღვრება მიყენებული ზიანის
შესაბამისად.
ქარტიის საბჭოს ბოლო
გადაწყვეტილება შესწორების საკითხს ეხება, იქნებ გვითხრათ რა
გარემოებების გამო მიიჩნია საბჭომ დარღვევა ამ საქმეზე?
GDS -ის ეთერში გევორქიანის ცეკვის
აკადემიის მიერ შესრულებული „დაისის“ შესახებ ორი სიუჟეტი გავიდა.
პირველ სიუჟეტში მინიშნება იყო იმაზე, რომ „სომხურმა ანსამბლმა
ქართული ცეკვა მოიპარა“. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც
ადასტურებდა რომ ანსამბლს არაფერი მოუპარავს, პირველ სიუჟეტში არ
გაშუქებულა. მოგვიანებით მომზადდა მეორე სიუჟეტიც, სადაც საუბარი იყო
იმაზე, რომ კონკრეტული ანსამბლის ხელმძღვანელი თითქოს ბოდიშს იხდიდა
მომხდარის გამო. სინამდვილეში ეს ადამიანი ბოდიშს იხდიდა მესამე
მხარის, იმ ადამიანის ნაცვლად, რომელმაც უნებართოდ ატვირთა ინტერნეტში
ვიდეო მცდარი დასათაურებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ეს არ იყო შეცდომის
გასწორება, ეს იყო უბრალოდ ახალი სიუჟეტი იმავე თემაზე. გამოშვებაში
არ უხსენებიათ, რომ პირველი სიუჟეტი არსებითად მცდარ ინფორმაციას
შეიცავდა.
როგორია შესწორების სტანდარტი
უცხოური პრესის საბჭოების პრაქტიკაში ან მედიაში?
ონლაინ მედიაში არის განსხვავებული
სტანდარტი. ძველი, შემდგომში დაზუსტებული, შესწორებული ან შეცვლილი
მასალა შესაძლოა უცვლელად იდოს, ოღონდ იქვეა განმარტებაც, რომ
მასალაში შეცდომაა დაშვებული, რომელიც გასწორდა. გამოცემები
გვთავაზობენ ახალ ბმულს. როგორც გითხარით, საქართველოში ქარტიის
საბჭოს რეკომენდაცია განსხვავებულია - არაზუსტი ინფორმაციის შემცველი
მასალა აღარ უნდა იძებნებოდეს. ასე რომ მიდგომები სხვადასხვანაირია,
მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მედიამ დაშვებული შეცდომა
აუცილებლად უნდა გაასწოროს.