13.04.2016
სამთავრობო უწყებების საქმიანობა,
მათი წარმატებული პროექტები და აქტივობები - ინფო 9 -ის შინაარსობრივი
მონიტორინგისას იკვეთება, რომ გამოცემა ამ ტიპის სიახლეებს ხშირად
აშუქებს. მაგალითისთვის, 24 მარტს, საღამოს 21:00-მდე, საიტზე სულ 90
ნიუსი განთავსდა. მათგან 44 მთავრობის, პრეზიდენტის (1) და თბილისის
მერის (1) საქმიანობის გაშუქებას მიეძღვნა. ამ სიახლეებში, მთავრობა
მეტწილად, პოზიტიურად იყო გაშუქებული.
მედიასაშუალება „ინფო 9-ის“ 100%
წილის მფლობელი ბაია ცანავაა, რომელიც პარალელურად, სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს.
ცანავა ამ პოზიციაზე 2015 წლის 14 აგვისტოს დაინიშნა, ამის შესახებ
მედიის განვითარების ფონდი წერს.
იქამდე, საინფორმაციო სააგენტო
„ინფო 9-სთან“ 2015 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტრომ 4000 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა.
კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები მოიცავდა სააგენტოს მიერ
სამინისტროს საინფორმაციო მხარდაჭერას, აქტივობების გაშუქებას.
ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 31 იანვარს ამოიწურა. მას შემდეგ,
სამინისტროს გამოცემასთან ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია.
(აბზაცში შესულია შესწორება. განმარტება იხ. სტატიის ბოლოს)
გამოცემის გვერდზე
სასჯელაღსრულების სამინისტროს შესახებ ორმოცდაათამდე სიახლე იძებნება,
სიახლეების უმეტესობა მინისტრის, მოადგილეების აქტივობებს ეხება,
სამინისტრო რამდენიმე მასალაში ნეიტრალურადაა გაშუქებული, სიახლეების
უმრავლესობა კი, უწყებისადმი პოზიტიურ იმიჯს ქმნის. გთავაზობთ,
რამდენიმე მათგანის სათაურს:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი N19
დაწესებულებას ესტუმრა;
აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს
ბაირამობასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ;
შსს-ს აკადემიაში უწყებებს შორის
ფსიქოლოგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა;
8 მარტთან დაკავშირებით N5
პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა;
სასჯელაღსრულების მე-5
დაწესებულებაში კონცერტს მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ;
კახა კახიშვილმა სამინისტროს 119
თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა;
მსჯავრდებულ ქალბატონებს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა 8 მარტი
მიულოცეს;
პენიტენციური დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მსჯავრდებულ
ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა;
გამოქვეყნებული მასალები
ძირითადად, „პოლიტიკისა“ და „საზოგადოების“ რუბრიკაში იდება, არც ერთ
მათგანს სარეკლამო ნიშანი არ აქვს მითითებული, შესაბამისად,
მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, სააგენტოზე გამოქვეყნებული
სიახლეებიდან რომელია თავად სააგენტოს გადაწყვეტილებით გამოქვეყნებული
და რომელი, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების
ფარგლებში.
ბაია ცანავა ამბობს, რომ
გამოცემაში 100%იანი წილის ფლობა და სამინისტროს პრესსამსახურში
მუშაობა ინტერესთა კონფლიქტს არ ქმნის: „კანონის თანახმად, სრული
უფლება მაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის
პოზიციას ვიკავებდე და ამავე დროს, ვფლობდე საწარმოს ან წილს
საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლს სასჯელაღსრულების სამინისტრო
არ ახორციელებს. მით უმეტეს, რომ „ინფო 9-ში“ მე არ მიკავია არანაირი
პოზიცია და არ ვასრულებ ანაზღაურებად სამუშაოს. მოგეხსენებათ,
მედიასფეროში მუშაობის მრვალწლიანი გამოცდილება მაქვს. არამხოლოდ
„ინფო 9ის“, არამედ სხვა წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს
დამფუძნებელიც ვიყავი და წილსაც ვფლობდი, რომელიც ცოტა ხნის წინ
გავასხვისე. ვერავინ დამისახელებს „ინფო9“-ს მიერ სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროსადმი ტენდენციურობის გამოვლენის თუნდაც ერთ
მაგალითს“.
გამოცემაში სხვა სამინისტროების
საქმიანობაც აქტიურად შუქდება. მაგალითისათვის, საიტზე დღის
განმავლობაში ერთი და იმავე შინაარსის ნიუსი 3 სხვადასხვა მინისტრზე
დაიდო. სამივე შემთხვევაში ნიუსი პრემიერის, ნოდარ ხადურის და
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ბელგიელი ხალხის მიმართ
სამძიმრის გამოხატვას გვამცნობდა.
ვებგვერდის მონიტორინგმა აჩვენა
ისიც, რომ საიტზე აქტიურად შუქდებოდა ჯანდაცვის სფეროსთან
დაკავშირებული საკითხები. ისეთი თემები, როგორებიცაა ჯანდაცვის
სამინისტროს პროგრამა, რომელიც C - ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობას
გულისხმობს, ამ თემაზე საიტზე ათობით სიახლის ნახვაა
შესაძლებელი.
„მედიის განვითარების ფონდის“
კვლევაში „მედიის თავისუფლება 2015“, (კვლევა მიმოიხილავს მედიის
თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას)ერთ-ერთი
ქვეთავი სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან მედიასაშუალებებისთვის
სარეკლამო დროის/სივრცის შესყიდვისთვის გადახდილ თანხებს ეთმობა.
კვლევაში ნათქვამია, რომ 2015 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მედიაში
სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებისთვის საქართველოს მასშტაბით 7
173 955 ლარი გადარიცხეს. კვლევის თანახმად, ონლაინ მედიაში საბიუჯეტო
ორგანიზაციების მხრიდან მიღებული თანხებით საინფორმაციო საშუალება
„ინფო 9“ 2015 წელს 66286 ლარით მესამე პოზიციაზეა.
შესწორება: მასალაში შეტანილია
ცვლილება, თავდაპირველ ვერსიაში, აღნიშნული არ იყო, რომ ხელშეკრულების
ვადა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ინფო 9-ს შორის 2016 წლის
იანვარში ამოეწურა და მას შემდეგ, გამოცემასთან ახალი ხელშეკრულება
აღარ დადებულა. გარდა ამისა, მასალა შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას,
რომ ბაია ცანავა ინფო 9-ის რედაქტორი იყო, რის გამოც მედიაჩკერი
მკითხველს ბოდიშს უხდის. ეს ნაწილი ამოღებულია სტატიიდან.
შესწორებული ვერსია: იქამდე,
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-სთან“ 2015 წლის 27 თებერვალს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 4000 ლარის მომსახურების
ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები მოიცავდა
სააგენტოს მიერ სამინისტროს საინფორმაციო მხარდაჭერას, აქტივობების
გაშუქებას. ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 31 იანვარს ამოიწურა. მას
შემდეგ, სამინისტროს გამოცემასთან ახალი ხელშეკრულება აღარ
გაუფორმებია.
თავდაპირველი ვერსია: საინფორმაციო
სააგენტო „ინფო 9-სთან“ 2015 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრომ 4000 ლარის მომსახურების ხელშეკრულება
გააფორმა, კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები მოიცავს სააგენტოს მიერ
სამინისტროს საინფორმაციო მხარდაჭერას, აქტივობების გაშუქებას.
შესწორება შევიდა 15 აპრილს, 15:35
სთ.