ატრიარქი, სააკაშვილი და „ეროვნული მოტივები“ - reportiori.ge-ზე
05.04.2016
reportiori.ge - ს კონტენტი მრავალფეროვანია, მკითხველს აქ პოლიტიკის, კულტურისა თუ რელიგიის სფეროდან ახალი ამბების ნახვა შეუძლია.

გამოცემაში დიდი ადგილი ეთმობა მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ საკითებს. მაგალითად, 7 მარტს მთავარ თემაში, ე.წ სლაიდშოუში, დღის პირველ ნახევარში განთავსებული იყო 3 სიახლე პატრიარქის შესახებ, განახლების შემდგომ 13:00 ვეცნობით ე.წ. 2 „ნიუსს“ რელიგიური თემატიკით პირველი: „ნუცა ჯანელიძე: არ საუბრობს პატრიარქი სიძულვილის ენით!!!“ და მეორე „ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად“ - საიტზე დაკვირვება აჩვენებს იმასაც, რომ „არ საუბრობს პატრიარქი სიძულვილის ენით“ - კამპანიურ ხასიათს ატარებს და ვებგვერდზე ამ სახელწოდების არაერთი მასალის ნახვაა შესაძლებელი.

აქვეა მასალები, რომლებიც ეროვნულობის საკითხის წინ წამოწევას ემსახურება. აქცენტი ხშირად კეთდება იმაზე, რომ „გაურკვეველი ძალები შესაძლოა საქართველოს და მარლთმადიდებლობას ებრძოდნენ“, რომ „ლიბერალური ღირებულებები შესაძლოა სახიფათო იყოს“, საიტზე ხშირია სიახლეები ლევან ვასაძის შესახებაც: „დიახ! თეა თუთბერიძის თანამოაზრე თამარ სანიკიძე მართლმადიდებლობას ცეცხლითა და მახვილით ებრძვის!“ „ზვიად ტომარაძე: საქართველოში, შესაძლოა, ხუთი არაბული სოფელი გაშენდეს!“, „ვასაძე: ქალის ლეჩაქს თუ არ დავიხურავთ, ლიბერალურ ფაშიზმს დავამარცხებთ“ „ლევან ვასაძე: შე მამაძაღლო, მოდიხარ და განათლების სამინისტროში ნერგავ რაღაც საგნებს, როგორ გავზარდო ბავშვები?“ „საგანი "მე და საზოგადოება" ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის კულტივირება სკოლებში - მარინა კაჭარავა“.

საიტი ნეგატიური განწყობებით გამოირჩევა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, საძიებო სისტემაში გვარის „სააკაშვილი“ ჩაწერის შემდგომ საკმაოდ მოცულობითი მასალა გროვდება.

„ლალი მოროშკინა: სააკაშვილი შეეცადა, ჭუჭყი და ტალახი მიესხა გიორგი კვირიკაშვილისთვის!“ „მიხეილ სააკაშვილის გაუგებარმა სიტყვებმა ინტერნეტში დიდი ხალისი გამოიწვია“ „დავით თარხან-მოურავი: სააკაშვილი პირდაპირ რუსეთის აგენტია“ - საიტზე შესაძლებელია მსგავსი შინაარსის არაერთი მასალის ნახვა.

საიტზე ხშირია ისეთი სიახლეებიც, რომლებიც მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს ეხება: „საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო“, „ნოდარ ხადური: ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ველოდებით“ „სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს“, „დავით ნარმანია: სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელი გზა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია“. აქვე, რამდენიმე მასალა ეძღვნება ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოსავლენად ტარდება: “ავთანდილ იმედაძე: „რა გაწუხებთ?“ ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა მოქალაქეების საჭიროებების დასადგენად!”, „თემურ ნანეიშვილი: აქცია - „რა გაწუხებთ?“ ფაქტობრივად, ეპიდემიოლოგიურ კვლევასაც მოიცავს” და „„რა გაწუხებთ?“ - სოციალური ინიციატივის ფარგლებში 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა“.

2015 წლის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2015 წლის აგვისტოს თვეში ვებგვერდს სარეკლამო მომსახურება გაწეული აქვს: ქალაქ თბილისის საკრებულოსთვის, რომლისგანაც ბანერის განთავსების სანაცვლოდ 300 ლარი მიიღო.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს საიტმა 2,500 ლარის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 1,620 ლარის მომსახურება გაუწია.

ამ მომენტისათვის საიტზე 15 რეპორტიორია დასაქმებული, საიტზე რეკლამის სახით განთავსებულია 2 სარეკლამო ბანერი. ვებგვერდზე არაა მითითება დონორის ან სხვა სახის დამფინანსებლის შესახებ, შესაბამისად, გაუგებარი რჩება მედიასაშალების დაფინანსების წყაროც.

გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით („ვის ეკუთვნის ქართული მედია“) ონალინ მედიასაშუალება reportiori.ge-ის მფლობელები გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე არიან, მათვე ეკუთვნით პრესკლუბი „რეპორტიორი“. რეესტრის ინფორმაციით შპს „რეპორტიორი“ 2014 წლის 18 ივნისს დაარსდა.

გიორგი მამაცაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალიტი იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ნუგზარ ფოფხაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობას, მას კომუნისტური რეჟიმის დროს ცეკას მდივნის თანამდებობაც ეკავა. 2004 წლამდე ნუგზარ ფოფხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. მისი დეკანობის პერიოდში გიორგი მამაცაშვილი ფაკულტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე გახლდათ.

ამავე კვლევის თანახმად, ნანა დევდარიანთან ერთად მამაცაშვილი და ფოფხაძე „თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი VI კორპუსის” გამგეობის წევრები არიან.

ნანა დევდარიანი ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარესთან, გულბაათ რცხილაძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობის” გამგეობის წევრია. ორგანიზაცია იმავე სახელწოდებით მოსკოვში 2009 წელს დაარსდა. საქართველოში დაარსებული ორგანიზაცია რუსულ „კავკასიურ თანამშრომლობასთან” მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის „სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენაა“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ