30.05.2016
მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებულ აღწერაში ვკითხულობთ, რომ „პოლიტალტერნატივის“ მიზანია „პოლიტიკური გაერთიანებების აქტივობების, რეგიონებში მათ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მუშაობის წარმოჩენა, ახალგაზრდული და ქალთა მოძრაობების გააქტიურება და მაყურებლისთვის მათი მუშაობის გაცნობა“. „თავისუფალი ტრიბუნის“ აღწერაში კი აღნიშნულია, რომ „გადაცემის მიზანია უკეთ წარმოაჩინოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების ინიციატივები, ხედვა და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების მიმართ.წამყვანი დისკუსიას მართავს, როგორც პარტიის წარმომადგენელებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან".
ორივე გადაცემა ეთერში სტუდიური ინტერვიუს ფორმატით გადის. მართალია, ერთ-ერთი მათგანის აღწერაში ვკითხულობთ, რომ „წამყვანი დისკუსიას მართავს, როგორც პარტიის წარმომადგენელებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან“, მაგრამ ბოლო ორი თვის გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ დისკუსია არც „თავისუფალ ტრიბუნაში“ გხვდება და არც „პოლიტალტერნატივაში“. ერთი საათის განმავლობაში ორივე გადაცემის შემთხვევაში მაყურებელი უსმენს წამყვანისა და სტუმრის მშვიდ საუბარს, რომელიც ძირითადად, სტუმრის მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც წესი, წამყვანი სტუმარს საუბარს არ აწყვეტინებს, არ უსვამს კრიტიკულ კითხვებს, არ უწევს ოპონირებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაცემაში მისი ერთადერთი ფუნქცია წინასწარ შეთანხმებულ თემებზე საუბრის შეხსენებაა.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემების ავტორები თავიანთ მიზნად პარტიების საქმიანობის წარმოჩენას ასახელებენ, არის შემთხვევები, როცა გადაცემის შინაარსი ამ მიზანს არ ემსახურება.
მაგალითად, 23 მაისის „პოლიტალტერნატივის“ ერთი ბლოკის სტუმრები იყვნენ მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრები. გადაცემის წამყვანმა დააანონსა, რომ გადაცემაში მაყურებელი გაიგებდა, ეს პოლიტიკური ძალა როგორ ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა, გადაცემაში ამ თემაზე საუბარი თითქმის არ ყოფილა. გადაცემის სტუმრები, ძირითადად, საუბრობდნენ 1910-1920-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საერთაშორისო პროცესებზე - როგორ დადო საბჭოთა რუსეთმა გერმანიასთან ბრესტ ლიტოვსკის 1918 წლის შეთანხმება. განსახილველ თემასა და სტუმრების საუბარს შორის მსგავსი აცდენა არც თუ ისე იშვიათია, მაგრამ წამყვანი არ ცდილობს, სტუმრებს შეახსენოს ის სასაუბრო თემა, რაზეც გადაცემაში არიან მოწვეული.
გადაცემების კონცეფცია მეტნაკლებად გასაგებია, როგორც ჩანს ესაა მცდელობა, თავისუფალი ეთერი დაუთმონ პოლიტიკურ ჯგუფებს. მართალია, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროგრამული პრიორიტეტებით განსაზღვრული აქვს დროის დათმობა პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ მაშინ, როცა ჟურნალისტი არ სვამს კრიტიკულ შეკითხვებს, ან ეთერში არ ჩანან ოპონენტები, წამყვანი სიმბოლურ ხასიათს იძენს. როცა გადაცემა თავისუფლად, ყოველგვარი კრიტიკული შეკითხვის, მოსაზრების გარეშე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსს გამოთქვას აზრები და ხედვები, ბუნებრივია, ჩნებდა კითხვა რა საჭიროა ასეთ ფორმატში წამყვანი? რა ფუნქცია აქვს მას? ასეთ დროს, გადაცემა პირდაპირი გამტარი ხდება იმ ინფორმაციისა, რომელსაც პოლიტიკოსი აწვდის აუდიტორიას. ასეთ ფორმატს ახლავს რისკი, რომ ტელეეთერი პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებების ტრიბუნად იქცეს. შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება არაწინასაარჩევნო პერიოდში ამ ტიპის გადაცემის საეთერო ბადეში ჩასმა.
წამყვანის როლი ორივე გადაცემაში იმდენად მცირეა, რომ სტუმარს ეძლევა საშუალება, გაავრცელოს დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი და ამასთანავე, ქსენოფობიური განცხადებაც კი. მაგალითად, 20 მაისის „პოლიტალტერნატივაში“ სტუმრად იყო სახალხო პარტიის ლიდერი თემურ გიორგაძე, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოს ინგლისურენოვანი დასახელების შეცვლა:
“ჯორჯიელი, ასეთი ნაცია არსებობს? ამ ქვეყანაზე თუ არსებობს ჯორჯიელი? თუ არსებობს ქართველი, რატომ არ უნდა იყოს მთელს მსოფლიოში ქართველების ქვეყანა? არა ოსების, არა სხვა ეთნიკური ჯგუფების, არა გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანების, არამედ უწყვეტი სახელმწიფოებრიობის მქონე საქართველოსი და რატომ არ უნდა ეწეროს ჩვენი ნაკრების წევრებს ზურგზე, მაისურზე, საქართველო? მითუმეტეს, საქ შეიძლება გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში".
მიუხედავად ამ ქსენოფობიური გამონათქვამისა, წამყვანი არ ჩარეულა და მას მისცა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა მსგავსი მოსაზრებები.
7 აპრილის „თავისუფალ ტრიბუნაში“ სტუმარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ამბობს, რომ მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების უფლებას თუ ევროპელ ინვესტორებს მივცემთ, ეს პრობლემას არ შექმნის, პრობლემა „აზიელი „ვითომ ბიზნესმენების“ შემთხვევაში წარმოიშობა. აზია თავად გადატვირთულია, ეს არის კატასტროფა, ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი“. 6 აპრილის გადაცემაში კი, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი მის ხედვას გვიზიარებს „ქართულ გენზე და ღირებულებებზე დამყარებული საქართველო-ს“ შესახებ. სტუმარი წუხილს გამოთქვამს, რომ მალე საქართველოში ეროვნებით ქართველები აღარ იქნებიან, „მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ ტერიტორია საქართველო გვქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ აქ ქართველები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ის ქართველებმა მოიყვანა ხელისუფლებაში. ეს ჩვენი უპირველესი საზრუნავი იქნება, ქართველების დემოგრაფიის გაზრდა. უნდა გავზარდოთ ქართველთა გამრავლების პროცენტი“ . სამწუხაროდ, წამყვანი არც ამ შემთხვევაში სვამს კრიტიკულ, დამაზუსტებელ კითხვებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი თავისუფლადაა გამოყენებული დისკრიმინაციული ქსენოფობიური მოსაზრებების ტრიბუნად.
გადაცემებს არ აქვთ დინამიკა, მათი ბოლომდე ყურება თითქმის შეუძლებელია. თავად წამყვანებისა და სტუმრების საუბრიდანაც ჩანს, რომ გადაცემებმა საკუთარი თავი ამოწურა. ვინაიდან „პოლიტალტერნატივაში“ მხოლოდ 14 პარტიის წარმომადგენლებს იწვევენ, „თავისუფალ ტრიბუნაში“ კი 11 კვალიფიციურ სუბიექტს, პარტიების წარმომადგენლებს ეთერში ყოფნა რეგულარულად უწევთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ სასაუბრო თემებიც ამოწურულია. ხშირად მოისმენთ წამყვანებისგან ფრაზებს, “ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია”, “ზუსტად ამ წინადადებით არაერთხელ შეგიფასებიათ ეს საკითხი”. შესაბამისად, გაუგებარი რჩება, საზოგადოებრივი მაუწყებელი რატომ ხარჯავს რესურს გადაცემებზე, რომლთა ფორმატიც არ არის მრავალფეროვანი, სადაც თვეების განმავლობაში იწვევენ შეზღუდული რაოდენობის, ერთსა და იმავე პარტიებს და სადაც მაყურებელს არა აქვს საშუალება, მოისმინოს კრიტიკული, განსხვავებული მოსაზრებები.