25.05.2016
საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტარების სახელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას და პირველი არხის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს “ეროვნული მედიაპროდუქტ “ეტალონის” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნება სთხოვა.
“ტელეგადაცემა “ეტალონმა” თავისი არსებობის ათწლიანი ისტორიის განმავლობაში მთელ საქართველოში მოიპოვა ნდობა და აღიარება. ის საქართველოში გამოგონებული და დაპატენტებული მედიაპროექტია და მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში ახალი მიმართულების მედია პედაგოგიკის წარმატებით განხორციელების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. გადაცემის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი კი საქართველოში ამ დარგის პირველი აკადემიური დოქტორია”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მაუწყებელის დამოუკიდებლობა კანონითაა გარანტირებული და პარლამენტის წევრების მიერ მიმართვა ამა თუ იმ გადაცემის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია აღქმული იყოს, როგორც მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გადაცემა “ეტალონი“ აღარ გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ის გადაცემა “წიგნების თარომ” ჩაანაცვლა, ხოლო, “ეტალონის” ეთერში დაბრუნების საკითხი საზოგადოებრივ მაუწყებელში არ განიხილება.
“პროექტი „წიგნების თარო“ 2015 წელს მაუწყებლის მიერ გამოცხადებული შერჩევის ერთ-ერთი გამარჯვებულია, აღნიშნულ შერჩევაში გადაცემა „ეტალონმაც“ მიიღო მონაწილეობა, თუმცა შერჩევის პროცესში ჩართული კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებით, ასევე მოწვეული წევრებით, „ეტალონი“ არ დასახელდა საუკეთესო პროექტად”, - ვკითხულობთ მაუწყებლის განცხადებაში.
„მედიაპროექტ ეტალონის“ მთავარი მენეჯერი მანანა ღოღობერიძე ამბობს, რომ 2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ეტალონის“ შეჩერების მიზეზი სპონსორობასთან დაკავშირებით კანონში შესული ცვლილებები იყო.
„კანონში შესული ცვლილებების შედეგად შეიზღუდა სპონსორობის საკითხი, „ეტალონს“ კი ჰყავდა სპონსორები, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასებით არ მზადდებოდა, მაუწყებელს იქით ვუხდიდით ფულს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მაუწყებელს, მის ბორდს და შევთავაზეთ ისეთი ფორმატი, სადაც სპონსორობის პრობლემა მოხსნილი იქნებოდა. ჩვენი მიმართვები, როგორც წესი, უპასუხოდ რჩებოდა. მხოლოდ ერთხელ გვიპასუხეს წერილობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ორგანოა და ის თავად იღებს გადაწყვეტილებას რა დარჩეს საეთერო ბადეში და რა არა. ჩვენ უკვე გვაქვს 31 ათასი პედაგოგის ხელმოწერა, ისინი გადაცემის ეთერში დაბრუნებას ითხოვენ, სამწუხაროა თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ითვალისწინებს აუდიტორიის სურვილს“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიამონიტორინგისას გადაცემა “ეტალონში” არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. კვლევის მიხედვით, “ეტალონში” ფარული რეკლამის არაერთი ნიშანი გამოიკვეთა. მაგალითად, წამყვანის მაგიდა “ტაო პრივატ ბანკის” ლოგოთი იყო გაფორმებული, გადაცემის უკანა ფონზე გაკრული იყო “ჰუავეის” სარეკლამო პოსტერები, წამყვანი რეკომენდაცია უწევდა პურ “მხნეობას” და ა.შ. "მონიტორებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული ფაქტები სპონსორობას ცდებოდა და კომერციული რეკლამის ნიშნებს ატარებდა" - აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.
ამავე კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც “ეტალონში” გამოიკვეთა იყო ის, რომ სპონსორების ჩამონათვალში, „ეტალონის“ მხარდამჭერად დასახელებული იყო შსს-ს დაცვის პოლიცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. კანონით კი აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მაუწყებლის ეთერში გასული გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება/ თანადაფინანსება/ სპონსორობა.