19.05.2016
2016 წლის მარტის დასაწყისში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე სააათით გაითიშა იუთუბი. “კავკასუს ონლაინს” თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, “სილქნეტში” კი განაცხადეს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს გათიშვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ვორდპრესის გათიშვასთან დაკავშირებით სუსმა ნეტგაზეთს განუცხადა: “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით დაიბლოკა, თუმცა უცნობია, რატომ მიჰყვა მას ვორდპრესის ჰოსტნგზე არსებული სხვა ვებგვერდებიც“. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა დაბლოკვა, მეტს ვერაფერს გეტყვით”, –აცხადებდნენ სუს-ში.
მედიაჩეკერი შეეცადა სუსიდან დამატებითი ინფრომაციის მოპოვებას, გვაინტერესებდა, რას ნიშნავს პლატფორმის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით დაბლოკვა“, კონრეტულად რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში, ასეთ სიტუაციაში სამოქმედოდ, ვინ, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის ამოღებაზე და როგორია პროცედურა - უკავშიკრდებიან პირდაპირ პროვაიდერს და ეუბნებიან, რომ გათიშონ რესურსები, თუ უკავშირდებიან თავად პლატფორმებს (იუთუბი , ვორდპრესი). სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, განგვიმარტეს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ამ თემაზე ვერ ისაუბრებენ.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, გავრცელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „უკანონოდ ატვირთული“ ვიდეო გავრცელებიდან რამდენიმე საათში youtube.com-თან თანამშრომლობის შედეგად დაიბლოკა. რატომ იყო წვდომა შეზღუდული მთლიან საიტზე, და ხომ არ ერია ამაში სახელმწიფოს ხელი, მაშინ არავის განუმარტავს. საკითხზე ისევ და ისევ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ არც ახლა საუბრობენ.
მომხდარში ერთობლივ კოორდინციას ხედავს არასამთავრობო სექტორი. მათ ეჭვებს ისიც ზრდის რომ, ორივე შემთხვევაში რესურსების დაბლოკვა კონრეტული ინფორმაციის, ვიდეობის გავრცელებას დაემთხვა.
„ასეთ შემთხვევაში ერთადერთი კანონიერი გზა, ვიდეოების დასაბლოკად, იყო იუთუბისთვის მიმართვა. იუთუბის აქვს ე.წ. „დარეპორტების“ ფუნქცია, კონტენტის ამოღების ლეგალური წესი თავად იუთუბის მიერაა დადგენილი: მიწერ, განიხილავენ და წაშლიან. მესმის, რომ ამას დრო მიაქვს და ვიდეოს მოხსნა მყისიერად არ ხდება.... პროვაიდერების მიერ მთლიანი რესურსის გათიშვა, გასაგები იქნებოდა, საქმე რომ გვქონოდა იუთუბის მსგავს რუსულ, ჩინურ პლატფორმასთან. „დარეპორტების“ გარეშე ასე პლატფორმის გათიშვას, ინტერნეტ ცენზურის კვალიფიკაცია ენიჭება სამართლებრივად, რაც პრობლემაა. ამ შემთხვევაში საქმე სოციალური ქსელის ბლოკირებასთან გვქონდა. ჩემ მიერ მიღებული ინფორმაციით “სილქნეტმა” განაცხადა, რომ არ მოხდა შეზღუდვა და იყო ტექნიკური ხარვეზი გამავალ არხზე - ეს კიდევ სხვა პრობლემაა. კანონმდებლობის მიხედვით, გამავალ სიგნალზე შეზღუდვის უფლება ოპერატორებს არ აქვთ. იუთუბი საქართველოში დაიბლოკა და პროვაიდერების არგუმენტი არ არის ჩემთვის სარწმუნო“ - ამბობს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან ონლაინ რესურსებზე გარკვეული შეზღუდვის დაწესების შესახებ არ ჰქონდათ, თუმცა კომისია ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.
კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება. ასევე დაუშვებელია მასობრივი მედიასაშუალებების ცენზურა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას თუ ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება საფრთხე.
“ზღვარი ძალიან მტკივნეულ, გამოხატვის თავისუფლების საკითხზე გადის. იუთუბის შემთხვევაში, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გვაქვს. ყველაფერი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ არ დაკნინდეს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც გამოხატვის თავისუფლებაა,” - ამბობს უჩა სეთური.
„კონტენტის შინაარსს რომ თავი დავანებოთ, რასთანაც გვქონდა საქმე, ეს იყო პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლებამ უბრალოდ, ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ჩახსნა სოციალური ქსელები. როგორც ჩანს, კონკრეტული უწყებებიდან კონკრეტული პროვაიდერების მიმართ იყო ზარი და ისინიც მოთხოვნას დამორჩილდნენ. ჩვენ ვიცით, რომ უცხოეთიდან საიტებზე წვდომა შესაძლებელი იყო,“ - ამბობს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი. ის ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა სტანდარტის მიხედვით ხდება წვდომის შეზღუდვა.
„დღეს შეიძლება, ამას ტერორიზმი დაარქვა, თუმცა რა გარანტიაა, არ აღმოჩნდეს, რომ ხვალ ის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს და ხელს უწყობს სახელმწიფო გადატრიალებას? რატომაც არა, ასეთი შემთხვევები ხომ გვქონდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მედიასაშუალებები ჩახსნეს და ეთერი გამოურთეს?“ - ამბობს ის.
ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობას ვებ-პლატფორმებთან ვიდეოების დაბლოკვის შემდეგ ან როგორ შეიძლება სწრაფად იქნას აღებული არასასურველი კონტენტი, ამ კითხვებით იუთუბის დავუკავშირდით. მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში მთავრობასთან კომუნიკაციის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყველა ვიდეოს ქვემოთ არის სპეციალური დროშის ნიშანი, სოციალური ქსელი კი ყოველ 24 საათში ერთხელ ატარებს იმ კონტენტის მონიტორინგს, რომელიც მომხმარებელმა დროშით მონიშნა.
„იუთუბის წევრთა გაიდლაინი კრძალავს უმიზეზო ძალადობას, სიშიშვლეს, საფრთხის შემცველ და უკანონო აქტივობას ქსელზე, ასევე სიძულვილის ენას. გამონაკლისს ვუშვებთ ისეთ კონტენტზე, რომელსაც საგანმანათლებლო, დოკუმენტური მიზნები აქვს,“ - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში. იუთუბის წარმომადგენელი ასევე იტყობინება, რომ 11 და 14 მარტს სოციალურ ქსელს ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია.
„გასაგებია, რომ იყო ფორსმაჟორი, მაგრამ არ იყო საზოგადოებისა და მთავრობის შეჯერებული პოზიცია ამ თემაზე და ღია მსჯელობის ნაცვლად, ხელისუფლების გარკვეულმა შტოებმა პრობლემას ტექნიკური ხარვეზი დაარქვეს. ეს უკვე ცუდი პრაქტიკის გაგრძელებაა. ღია მსჯელობა აუცილებელია. ასევე აუცილებელია, პროცესში ვებ-ტექნოლოგიების მცოდნე პირები ჩაერთონ, ვიანიდან ზოგჯერ ყველაზე დიდი თავდაცვა სწორედ მოხალისეობრივი ჯგუფების მობილიზება და საქმეში მათი ჩართვაა. თან მაშინ, როდესაც ეს ადამიანებიც მოდიან კონტაქტზე,“ - ამბობს ნათიაკუპრაშვილი.
უჩა სეთური ფიქრობს, რომ იუთუბისა და ვორდპრესის დაბლოკვა შემდეგი წლის„Freedom House-ს“ ქსელის თავისუფლების ინდექსზე უარყოფითად აისახება: „ჩვენ ვაწარმოებთ მსგავსი შემთხვევების აღრიცხვას. ჩემი პირადი აზრით ამ პროცესებში პირდაპირაა ჩართული სახელმწიფო ორგანოები და ხდება კონტენტის ბლოკირება - ოფიციალური განმარტებები ამ შემთხვევებზე არ მახსენდება. დიდი იმედი მაქვს, მომავალში ეს არ განმეორდება“.