Lenta.ge - რუსულენოვანი ვებსაიტი დაფინანსების გარეშე
18.05.2016
ვებგვერდი lenta.ge 2016 წლის 20 თებერვლიდან აქვეყნებს ახალ ამბებს რუსულ ენაზე. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე კი ამ ვებგვერდზე ატვირთული მასალები Inter Press News-ის სახელით ვრცელდება. დომენის მფლობელი და ვებგვერდის მმართველი გიორგი უფლისაშვილია. მას ფეისბუქის საშუალებით დავუკავშირდით და როგორც სოციალურ ქსელში საუბრისას განმარტა, მის პროექტს კავშირი არც რუსულ ანალოგ lenta.ru-სთან და არც ქართულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” არ აქვს. საერთო არის მხოლოდ სახელწოდება და ასევე ის, რომ lenta.ru-ს მსგავსად, Lenta.ge რუსულენოვანია. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსში" კი განგვიცხადეს,რომ სააგენტომ თავისი სასაქონლო ნიშანი შესაძლოა სამართლებრივი გზით დაიცვას: " ინტერპრესნიუსს მის სახელზე რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი. რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არის დაცული სიკეთე და ნებისმიერი პირი ვინც, კანონიერი საფუძვლის გარეშე იყნებს სასაქონლო ნიშანს პასუხს აგებს. ინტერპრესნიუსი მზად არის დაიცვას კანონით მინიჭებული უფლება და მოითხოვოს ყველა დამრღვევი პირის პასუხისგება, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა და ფინანსური კომპენსაცია", ამბობს ანა სამსონია, პალიტრა მედიის იურისტი.

lenta.ge -ს თემატიკა ძირითადად პოლიტიკურია. საიტი საქართველოს, კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. შედარებით ნაკლებია არაპოლიტიკური თემატიკის მასალები. მაგალითად, რელიგიის, შოუბიზნესისა და ხელოვნების შესახებ. ასევე ქვეყნდება სტატიები ისტორიულ ფაქტებზე.

რუბრიკაში “ისტორია” საუბარია კოლხეთის დაბლობსა და ოქროს საწმისზე, ასევე სტალინის მასწავლებელსა და ბერიაზე, ნორვეგიელი მწერლის ჩანაწერებზე საქართველოს შესახებ.

ხშირია სტატიები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე.

მაგალითად გამოქვეყნდა შემდეგი სტატიები:

Россия стала крупнейшим импортером Грузинского вина (რუსეთი საქართველოსთვის ღვინის უმსხვილეს იმპორტიორად იქცა), Для грузинской продукции откроется 14 миллионный рынок Европы (ქართული პროდუქციისთვის ევროპის 14 მილიონიანი ბაზარი გაიხსნება), Жители Абхазии и Цхинвальского региона смогут ездить в Европу без виз по грузинскому паспорту (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს ევროპაში გამგზავრება ქართული პასპორტით უვიზოდ შეეძლებათ), Сирийские параллели для Грузии (სირიის პარალელები საქართველოსთვის). Президент России поздравил Грузинский народ с Днем Победы (რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა)

საიტზე არცერთი მასალა არ ეკუთვნის თავად lenta.ge-ს. უფლისაშვილის თქმით, მისი მიზანი სულაც არ არის უნიკალური კონტენტის შექმნა. ის სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, მისთვის საინტერესო სტატიებს აგროვებს და lenta.ge-ზე აქვეყნებს.

ამ დროისთვის საიტზე 100-ზე მეტი სტატიაა გამოქვეყნებული. მათგან ყველაზე მეტი, დაახლოებით 80, თებერვალში გამოქვეყნდა. შემდეგ საიტს ორთვიანი წყვეტა ჰქონდა და მაისში გააქტიურდა.

საიტზე ყველაზე ხშირად წყაროდ მითითებულია რუსული გამოცემის სპუტნიკის ქართული ვებგვერდი sputnik-georgia.ru. გარდა sputnik-georgia.ru-სი საიტი ხშირად ეყრდნობა tvzvezda.ru-ს, geomigrant.com-ს, რუსულენოვან BBC-ის, apsny.ge-ს, bizzone.info-ს, newsgeorgia.ge-ს, korrespondent.net-ს, abkhazeti.info-ს, kavkazplus.com-ს, pravda.ru-სა და ru.saqinform.ge-ს. თითო-თითო მასალა აქვს გამოქვეყნებული შემდეგ ვებგვერდებზე დაყრდნობით: ria.ru, NTB, ORT, life.ru, utro.ru, forbes.com, antifashist.com და სხვა. გიორგი უფლისაშვილი ამბობს, რომ თითოეული მათგანისგან ნებართვა აქვს აღებული სტატიების გამოსაქვეყნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კონტენტი უნიკალური არ არის, საიტის ავტორის, გიორგი უფლისაშვილის, თქმით, დღეში 5 – 7 ათასი მკითხველი ჰყავს.

ავტორის თქმით, პროექტს ყოველგვარი ფინანსური დანახარჯების გარეშე თავად მართავს. ვებგვერდი იურიდიულადაც არ არის დარეგისტრირებული და ამ ეტაპზე ავტორისთვის მისი მართვა ჰობის ხასიათს ატარებს.

“ეს საიტი კონკრეტულად რუსულენოვანი მკითხველისთვის მაქვს გაკეთებული და არა მარტო საქართველოდან. პირველი მიზანი არის ფეისბუქგვერდის პოპულარიზაცია. ზოგადად, საიტის განვითარებაა მთავარი გეგმა - დაინტერესებული მკითხველის მოზიდვა და მომავალში საინტერესო სარეკლამო ადგილის შექმნა”, - ამბობს უფლისაშვილი. მას გარდა lenta.ge-სა კიდევ ერთი გვერდი postad.ge აქვს ქართულენოვანი მკითხველისთვის. ამ გვერდზე ახალ ამბებთან ერთად სხვადასხვა სახის განცხადებაც ქვეყნდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ