18.05.2016
როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი? რა თქმა უნდა, გამხდარი. მკერდის, წელის და თეძოს გარშემოწერილობა უნდა იყოს 90-60-90, ანდა მაქსიმალურად მასთან მიახლოებული. გრძელი და ჩამოქნილი ფეხებით, ზამთარ-ზაფხულ ნამზეური კანით, მაღალი ღაწვებით, პატარა ცხვირით და დიდი ტუჩებით. სწორედ ასეთი გარეგნობის ქალებს ვხედავთ მედიაში - სხვადასხვა გადაცემებში, სატელევიზიო შოუებში, გაზეთების, ინტერნეტგამოცემების გვერდებზე და პრიალა ჟურნალების ყდებსა და რეკლამებში. მედიამ შექმნა “სრულყოფილი” და “იდეალური” ქალის სტანდარტი და ხატი. მამაკაცებისთვის ასეთი სტანდარტი ძლიერი და დაკუნთული სხეულია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული სიგამხდრე მსოფლიოში მოდურ ტენდენციად იქცა, რის შედეგადაც, ქალის სხეულის მასა და ზომა საგრძნობლად შემცირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ მყარი თვითშეფასების არმქონე ბავშვები, რომლებიც მედიის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, ხშირად ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში წარმატების მიღწევისთვის აუცილებლად იდეალურ ფორმაში უნდა იყონ: “მედია ბავშვებს კარნახობს, როგორი უნდა იყოს სოციალურად მისაღები ქალის და კაცის გარეგნობა. სხეულის სტანდარტების მოკარნახე მედია ხშირად მართავს და აკონტროლებს მოზარდის ქცევას, მათ უზღუდავს არჩევანს და ართმევს თავდაჯერებას. მოზარდი იჯერებს, რომ მხოლოდ სხეულის არასტანდარტული ფორმების გამო ის შეიძლება მეორეხარისხოვან ადამიანად ჩათვალონ. გარეგნული მონაცემების იდეალიზება პირდაპირ უკავშირდება კვებითი აშლილობის წამყვან მახასიათებლებს: ეს ადამიანები გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სხეულს და ფიქრობენ, რომ მათი გარეგნობა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მედიისა და საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმას და ამის გამო საკუთარ პიროვნებას, მიღწევებს და შესაძლებლობებს სრულად უგულებელყოფენ.”
“გახდომა მსურს, გული მხლოდ ამას წუხს”
შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში - “დღის შოუ” გასული კლიპი ვნახოთ. ამ კლიპში 18 წლის ახალგაზრდა საკუთარი სხეულის მიუღებლობას რეპავს:
“მინდოდა რომ ზაფხულს მაინც შევხვედროდი ღირსეულად, სარკეში რომ ვიხედები, ჩემი თავი მძულს. როცა ვხედავ სხვა გოგოებს შორტებით და მოკლე კაბით, ხალხო, თქვენთან ვაღიარებ, ძაან მაგრად მშურს. ხვალიდანვე გავაგრძელებ უფრო მკაცრად მე დიეტას, მაინც არ დავემსგავსები ძირსგავარდნილ ჭურს. გახდომა მსურს, ეს მიშფოთებს სულს. გახდომა მსურს, გული მხოლოდ ამას წუხს.”
გახდომის და სხეულის “იდეალური” ფორმის მიღწევის მსურველებს მედია ათასგვარ ექსტრემალურ დიეტას სთავაზობს. წონაში დასაკლები რეცეპტები შაინინასგან , სამ კვირაში 10 კილოს დაკლების მეთოდი სალომე გოგიაშვილისგან , დიეტა მარგო ლუჩკოსგან და ნინო ჩხეიძისგან. დიეტებს ყოველთვის ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ, თანაც როგორც ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოს.
არ არსებობს ყველასათვის მისაღები და გასაზიარებელი უნივერსალური დიეტა
“ნებისმიერი კვების მოდელის შეფასება პროფესიული განხილვის საგანია და ჩემი მხრიდან არ იქნება სერიოზული, სათანადო არგუმენტების და დეტალური მტკიცებულების გარეშე, ამა თუ იმ სახის კვებით შეზღუდვაზე და შედეგების ავკარგზე ზოგადი მსჯელობა. დიეტა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამისად შედგენილი ერთდღიანი მენიუ–რაციონია და გულისხმობს სწორ, დაბალანსებულ, რაციონალურ კვებას ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში. არ არსებობს ყველასათვის მისაღები და გასაზიარებელი უნივერსალური დიეტა, რადგან ყოველი ადამიანი ერთადერთი და განსაკუთრებულია. დიეტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ყოველდღიური რეჟიმი, სტრესორი, სეზონი, ხასიათის და ფსიქო–ემოციური თავისებურება,” - ამბობს ექიმი მარი მალაზონია, - “განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვენ მოზარდები, ისევე, როგორც ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები. ისინი „სპეციალური კვების ჯგუფს“ განეკუთვნებიან, რადგან საკვებ ნივთიერებებზე ანუ ნუტრიენტებზე სპეციფიკური მოთხოვნილება აქვთ. მათ კვებას საგანგებოდ გააზრება და შერჩევა სჭირდება და, შესაბამისად, კვების რომელიმე მოდელის ბრმა გაზიარება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის. თუ სხეულის მასის ინდექსი (მასა კილოგრამებში გაყოფილი მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატზე) ნაკლებია 18,5–ზე, ცხიმოვანი მასის მკვეთრი დეფიციტი გავლენას ახდენს ჰორმონულ ცვლაზე და შეიძლება გამოიწვიოს გოგონებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გაზარდოს უნაყოფობის რისკი. ზოგადად, დაქვეითდეს იმუნიტეტი. ამგვარად, წონის დეფიციტი ისევე საშიშია, როგორც სიჭარბე, მაგ., პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი უკან იხევს წონის მოწესრიგებისთანავე.”
დიეტა და კვებითი აშლილობები
ბრიტანელი ექიმი, პედიატრი კოლინ მიჩი, რომელიც პედიატრთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის კვებითი განყოფილების ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც კვებითი ფუნქციის დარღვევით ხვდებიან საავადმყოფოში, ძირითადად ცნობილი სახეების გავლენის ქვეშ არიან. მისი თქმით, ბავშვებზე საკმაოდ ძლიერად ზემოქმედებს რეკლამები.
2003-2004 წლებში კვებითი აშლილობით საავადმყოფოში 19 წლამდე ასაკის 658 პაციენტი მოხვდა. 2013-2014 წლებში ეს ციფრი 1791-მდე გაიზარდა. პაციენტთა 90 პროცენტზე მეტი გოგონა იყო. მოზარდების დიდ ნაწილს ანორექსია ჰქონდა.
კვებითი აშლილობა - ანორექსია და ბულემია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. “ანორექსიის განვითარებას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს. მათ შორის: გენეტიკური, სოციალური და ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური. თუმცა, მრავალ კვლევაში, მათ შორის, ტიგერმანის და გარდნერის კვლევაში, რომელიც 2000 წელს ჩატარდა, აღნიშნულია, რომ ტინეიჯერ გოგონებში სიგამხდრის სურვილის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი მედია იყო,” - ამბობს ანა არგანაშვილი.
მოზარდებში არასწორ ფასეულობათა სისტემის დამკვიდრებაში საზოგადოებასთან ერთად მედიას ადანაშაულებს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მანანა შარაშიძეც. ის აცხადებს, რომ ამ სისტემაში მთელი ყურადღება კონცენტრირებულია ფიზიკურ სრულყოფილებაზე და არა სულიერ ან ინტელექტუალურ განვითარებაზე: “ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადები გოგონები არიან. მათ უნდათ, რომ მათი გარეგნობა აბსოლუტურად სრულყოფილი იყოს. თუ სრულყოფილი არა ხარ, არ იმსახურებ პატივისცემას და ვერც წარმატებას მიაღწევ - აი, ასეთ მესიჯს უგზავნის მათ მედია. ეს კი მოზარდების ფსიქიკაზე, რომლებიც პერფექციონისტები და ამავე დროს ძალიან მგრძნობიარეები არიან, დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. შეიძლება ამით ავხსნათ, რომ ძალიან გახშირებულია არასრულწლოვნებში დეპრესია და კვებითი აშლილობა. წინა წლებთან შედარებით, ბევრად მეტი ადამიანი მოგვმართავს ამ ჩივილებით. მათ შორის 14-15 წლის ბავშვებიც არიან. ანორექსიას ფსიქიკურ აშლილობებს შორის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ის განკურნებადია, მაგრამ განკურნებისთვის სერიოზული და ძვირადღირებული მკურნალობაა საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოში არც ამ დაავადების მკურნალობისთვის საჭირო ფსიქოთერაპიის ცენტრი გვაქვს და არც კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს.“
შარაშიძე ამბობს, რომ მედიას შეუძლია იყოს სასარგებლო და სხეულის არარეალური, იდეალიზებული ფორმების და ექსტრემალური დიეტების პოპულარიზაციის სანაცვლოდ, აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე გააკეთოს: მკითხველს, მაყურებელს და მსმენელს უთხრას, რომ გარეგნობისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს, სხეულის დახვეწა კი დაბალანსებული კვებით, სწორი დღის რეჟიმით და ფიზიკური ვარჯიშითაც შეიძლება.