17.05.2016
$140 მილიონი - ეს არის თანხა, რაც ამერიკულმა, ჭორებზე ორიენტირებულმა ინტერნეტ გამოცემა Gawker-მა უნდა გადაუხადოს ამერიკელ მოჭიდავესა და ტელევარსკვლავ ჰალკ ჰოგანს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამქოვეყნებისათვის. Gawker-მა 2012 წელს გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, რომელიც ასახავდა ჰოგანისა და მისი მეგობრის ცოლის სექსუალურ კავშირს. ფლორიდაში გამართულ სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ Gawker Media-მ, რომელიც Gawker-ის გარდა კიდევ არაერთ მედიასაშუალებას ფლობს, ცნობილ მოჭიდავესა და ტელევარსკვლავს მიაყენა მორალური ზიანი. თანხის დაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად: სასამართლომ იმსჯელა, რომ ჰოგანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მედიასაშუალების ბრენდის ღირებულება $15 მილიონით გაიზარდა, თავად ვარსკვლავს მიადგა $60 მილიონის ზიანი, გარდა ამისა, ვიდეოს თითოეულ ნახვაზე ჰოგანს უნდა გადაეცეს 4.95$, რამაც საკომპენსაციო თანხა ათეულობით მილიონით გაზარდა. Gawker Media აცხადებს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრებას ნიშნავს. კომპანიის ხელმძღვანელმა ნიკ დენტონმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა,“კარგი იქნებოდა მცოდნოდა, ჰოგანს ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა”. დენტონის თქმით, რედაქციები იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას რა გამოაქვეყნონ, თუ რამდენად მწვავე რეაქცია შეიძლება ამას მოყვეს მათი პოტენციური “მსხვერპლისგან”. Gawker Media-ს იმედი აქვს, რომ ზემდგომი ინსტანცია მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Gawker-მა ცნობილების სექს ისტორიებით სცადა ყურადღებისა და პოპულარობის მოპოვება, თუმცა, მსგავსი ოდენობის კომპენსაცია მათთვის აქამდე არავის მოუთხოვია.
პირადი ცხოვრების დარღვევისთვის სოლიდურ კომპენსაციას – 55 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს ამერიკული ცეკვავენ ვარსკვლავების თანაწამყვანი და სპორტის ჟურნალისტი ერინ ენდრიუსი. როგორც გაირკვა, 2008 წელს ტელევარსკვლავს ერთი პირი უთვალთვალებდა, რომელმაც ოთახი იმ სასტურმოში იქირავა, სადაც ენდრიუსი ჩერდებოდა. მოთვალთვალე, მაიკლ დევიდ ბარეტი, ნომერს ზუსტად ტელევარსკვლავის ოთახის გვერდით ქირაობდა. მან გადაიღო ფარულად გადაიღო შიშველი ერინ ენდრიუსი და ჩანაწერის გაყიდვას შეეცადა. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ჰოლივუდურმა ტაბლოიდმა TMZ-იმ ჩანაწერის შესყიდვაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერი ონლაინ გამოაქვეყნა.
გარდა ფულადი ჯარიმისა, ბარეტს 27–თვიანი პატმრობაც მიუსაჯეს.
როგორც ერინ ენდრიუსი ამბობს, ის მომხდარის გამო შერცხვენილი და შეურაცხყოფილი იყო და დღემდე სტანჯავს დეპრესია, იღებს შეურაცხმყოფელ წერილებს და სტრესს ამ დრომდე ვერ დააღწია თავი. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ ტელევარსკვლავის პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის პასუხი იმ სასტუმროებსაც უნდა ეგოთ, სადაც ფარული ჩანაწერი გაკეთდა. საბოლოოდ, თანხის თითქმის ნახევრის გადახდა ორ ამერიკულ სასტუმროსაც დაეკისრა.
სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის გაცილებით მკაცრად სასჯელი ელოდება 36 წლის რაიან კოლინსს. ის 2016 წლის გაზაფხულზე დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2012–2014 წლებში სწორედ მან გატეხა გუგლისა და ეფლის 100–ზე მეტი ანგარიში და უკანონოდ დაეუფლა ცნობილი პირების, მათ შორის მსახიობ ჯენიფერ ლოურენსის ინტიმურ ფოტოებს. აღნიშნული ფოტოები კოლინსმა სხვადასხვა სოციაური ქსელით გაავრცელა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ციფრული მედიისა და ტექნოლოგიის განვითრებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ბალანსის პოვნა გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვას შორის. პირადი ცხოვრების ხელყოფას, ეს განსაკუთრებით ეხება ცნობილ ადამიანებს, ხელს უწყობს ყვითელი მედიის ინტერესი, მოიზიდონ უფრო მეტი მკითხველი, მოიპოვონ უფრო მეტი სენსაციური მასალა და აჯობონ კონკურენტებს, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად ელვის სისწრაფით იზრდება.
მედიასაშულაებები, რომლებსაც სხვისი პირადი ცხოვრების დარღვევისთვის მილიონების გადახდა უწევთ, აპელირებენ სიტყვის თავისუფლების უფლებაზე და ამბობენ, რომ თავისუფალი სიტყვა უფრო დიდი ღებულებაა, ხოლო მსგავსი მასშტაბური ჯარიმები მედიის თავისუფლებასა და მდგრადობას საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ არგუმენტებს რიგ შემთხვევაში, არ იზიარებენ სასამართლოები, მაგალითად, როგორც ეს მოხდა ჰალკ ჰოგანის შემთხვევაში.
University College London-ის სამართლის პროფესორი ერიკ ბარენდტი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციას იშველიებს და ამბობს, რომ პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება ამ დოკუმენტებით გარანტირებული უფლებებია. რა ხდება მაშინ, როცა ეს ორი უფლება ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის? ბარენდტი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ორივე შეიძლება შეიზღუდოს, რადგან კანონს არ შეუძლია ორივე უფლება ერთდროულად დაიცვას.
პროფესორის თქმით, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და უნდა განვიხილოთ და მზა რეცეპტი ამ საკითხზე არ არსებობს. თუ საქმე ეხება ისეთ ამბავს, რომელსაც აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა და ამას მნიშვნელოვნად შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადო საკითხზე მსჯელობას, მაშინ უპირატესობა გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ მედია აქვეყნებს პირის პირადი ცხოვრების ინტიმურ, ჯანმრთელობის, ან სხვა სახის დეტალს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საზოგადოებრივ ინტერესთან, პირადი ცხოვრების უფლება უპირობოდ იმარჯვებს.