16.07.2016
ბოლო დღეებში მედიის განხილვის თემად იქცა არა მხოლოდ ბრალდებულის შვილისა და მეუღლის მკვლელობის საქმე, არამედ მისი პირადი ცხოვრება, მათ შორის, ქორწინებამდელი ურთიერთობებიც.
სტატიები ხმაურიანი სათაურებით ვრცელდებოდა, რამდენიმე მათგანის სათაური ასეთია:
“სისხლიანი ნივთები მკვლელობის ადგილიდან, რომლებიც სასამართლოზე წარმოადგინეს - კადრები მონტაჟის გარეშე”.
ბრალდებული: "ახლა რომ არ მრცხვენოდეს, ჩემს შიშველ მუცელს გაჩვენებდით...".
"მკვლელობამდე ხვდება მეგობარ მამაკაცს, გადასცემს თავის ოქროულობას და აფრთხილებს, რომ იმ დღეს არ დაურეკოს".
ბრალდებულის პირადი ცხოვრების შესახებ პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა და რამდენიმე მოწმემ ისაუბრეს. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის, მთავარი მოწმის ჩვენება, რომელსაც მედია ბრალდებულის „მეგობარ მამაკაცად“ მოიხსენიებს, სასამართლომ დახურულ რეჟიმში მოისმინა, თუმცა მათი ურთიერთობის ზოგიერთი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მაინც გახდა, რადგან პროკურორმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
მედიამ და საზოგადოებამ იმის გარჩევა დაიწყო, უყვარდა, თუ - არა ბრალდებულს მისი მეუღლე და რას სწერდა სხვა მამაკაცს დაქორწინებამდე სკაიპში.
ასევე, მედიამ გაამახვილა ყურადღება ბრალდებულს და მის დედამთილს, ასევე სხვა ახლობლებს შორის დაპირისპირებაზე. მედიასაშუალებების ნაწილმა შემოგვთავაზა ვიდეომასალა სასამართლო პროცესიდან, სადაც რძალ-დედამთილის სიტყვიერი დაპირისპირება, შეურაცხყოფა და ურთიერთბრალდებები ვნახეთ.
მედიამ გაშუქებისას ფაქტობრივად დაკარგა თემის ფოკუსი. ორი ადამიანის მკვლელობის საქმის გაშუქება დაემსგავსა ბრალდებულის პირადი ცხოვრების გაშუქებას. მედია აშუქებდა პირის ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომელსაც საქმესთან საერთო არ აქვს და მათი ცოდნა არც საზოგადოებას აძლევს რაიმეს. მედია აშუქებდა ისე, რომ არ გახსენებია, ბრალდებულის უფლება, სარგებლობდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით. საბოლოოდ, გაშუქება ჭორაობაში გადაიზარდა.
სხდომა დახურული არ ყოფილა, მედიას შეეძლო დასწრება და გაშუქება. დაიხურა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც მთავარი მოწმე დაიკითხა.
მედიის უფლება, დაესწროს და გააშუქოს სასამართლო სხდომები, უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. თუმცა, გქონდეს სასამართლოზე დასწრების და გაშუქების უფლება, არ ნიშნავს გქონდეს უფლება აჩვენო პირის პირადი ცხოვრება, აჩვენო სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეო, რომელზეც ცხედრებია ასახული, განიხილო პირადი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლის ცოდნაც არაფერს აძლევს საზოგადოებას.
ბუნებრივია, მედიამ უნდა გააშუქოს სისხლის სამართლის საქმეები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმის მიმართ გარკვეული საჯარო ინტერესი არსებობს. შესაძლოა ღია სასამართლოზე მოსმენილის და ნანახის ეთერში ჩვენება კანონდარღვევა არ იყოს, მაგრამ კანონის გარდა, არსებობს პროფესიული ეთიკაც, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, გარკვეული ეთიკური სტანდარტებისა და ნიუსღირებულების საფუძველზე გაფილტროს ჟურნალისტის მიერ ნანახი და მოსმენილი ინფორმაცია.
კითხვაზე, როდის ხვდება, ან როდის უნდა ხვდებოდეს ამბავი მედიის დღის წესრიგში, პასუხი ასეთია - როცა ამბავს აქვს საინფორმაციო ღირებულება, საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესია განმსაზღვრელი არა მხოლოდ იმისა, უნდა გაშუქდეს თუ არა ამბავი მედიაში, არამედ იმისაც, რა დოზით და როგორ უნდა გაშუქდეს ის.
აუცილებელია, დაისვას კითხვა, არის კი ამ კონკრეტული საქმის მიმართ საჯარო ინტერესი იმდენად მაღალი, რა დოზითაც მედია მას აშუქებს? შეესაბამება გაშუქება და საჯარო ინტერესი ერთმანეთს? ხომ არ არის მედიის გადაჭარბებული ინტერესი არაადეკვატური? რას ემსახურება მედია, რომელიც ამ საქმეს ასე და ამ დოზით აშუქებს, საზოგადოების საჯარო ინტერესს თუ უბრალო ცნობისმოყვარეობას, იქექოს სხვისი პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებში? ეს ის შემთხვევა ხომ არ არის, სადაც ისევ ერთმანეთში ვურევთ საზოგადოების ინტერესს და უბრალო ცნობისმოყვარეობას?