რა შეიცვალა "გამომძიებელ რეპორტიორში"
05.07.2016
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, განახლებული „გამომძიებელი რეპორტიორი“ ეთერში მაისში გავიდა. ჯერჯერობით, სულ 2 გადაცემა მომზადდა. მიზეზი, რაც მაუწყებლის ხელმძღვანელობამ 2015 წლის შემოდგომაზე პროგრამის შეჩერების საფუძვლად დაასახელა, მისი ხარისხი იყო, როგორც შინაარსობრივი, ისე - ტექნიკური.

ნაკლებად მძიმე კადრები და მეტი მტკიცებულებები - ეს არის ის, რაც განახლებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ერთი შეხედვით არის შესამჩნევი. ხარისხობრივად ფაქტობრივად, სხვა არაფერი შეცვლილა.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ პირველი გადაცემა ეთერში 2014 წლის შემოდგომაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელი იყო გასული, თავდაპირველად, გადაცემები მთლიანად ყოფილი ხელისუფლების საქმიანობას ეხებოდა.

პირველი ფილმის სახელწოდება იყო „ძალაუფლების ტყვეები“ და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მყოფი თანამდებობის პირების საქმიანობას ეხებოდა, შემდეგი ფილმიც, „სოდომის მოქალაქეები“, ასევე ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაზე მომზადდა. საერთო ჯამში, დღემდე, გამომძიებელმა რეპორტიორმა 20-ზე მეტი გადაცემა მოამზადა, საიდანაც ნახევარზე მეტი ყოფილ ხელისუფლებას ეხება, დანარჩენი ნაწილი - ორივე ხელისუფლებას, უფრო მცირე ნაწილი კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს.

2015 წლის შემოდგომაზე „გამომძიებელი რეპორტიორის“ გადაცემების ეთერში გაშვება მოულოდნელად შეწყდა, როგორც გაირკვა, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით. 2016 წლის 10 მარტს, თბილისში, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო გადაცემის შინაარსთან. მან არ განმარტა, კონკრეტულად რას გულისხმობდა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებულ პრობლემებში, რაზეც მან დეტალურად საუბარი არ ისურვა: “ნახეთ ბოლო ფილმი, წინა ფილმი და მიხვდებით რას ვგულისხმობ”.

გადაცემის დროებით შეჩერებამდე, „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ორი ფილმი გაუშვა, ერთი „რუსთავი 2-ის“ წილების გაყიდვის ისტორიას ეხებოდა, მეორე კი თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმირების პროცესს ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ორივე გადაცემის ბრალდების მთავარი ადრესატები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ 2014-2015 წლებში მომზადებულ გადაცემებში, ხშირად შეხვდებით დაუსაბუთებელ ბრალდებებს, დასკვნებსა და ჟურნალისტის მიერ წარმოთქმულ რადიკალურ შეფასებებსაც. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ მოამზადა გადაცემა „სოდომის მოქალაქეები“, რომელიც ეხებოდა პატიმართა წამებას, მუხროვანის ამბოხის, ლაფანყურისა და ფოტოგრაფების საქმეებს. გადაცემა დასრულდა ჟურნალისტის ტექსტით: „მათ ერთსა და იმავე საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება, ერთმანეთის გვერდით, დასჯილებსა და დამსჯელებს, ეს კი საშიშია“.

მოგვიანებით მომზადებულ ერთ გადაცემაში, რომელიც ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის თემას ეხება, ისმის მსგავსი პათოსის ტექსტი: „ვახტანგ მაისაიას, ფოტოგრაფების, ენვერის, ლაფანყურის საქმეებში ეჭვმიტანილ კონტრდაზვერვის ყოფილ თანამშრომლებს თანამდებობებზე აწინაურებენ – ეს კი საეჭვო განზრახულებას ჰგავს და საზოგადოების სახიფათო გამოწვევაა“.

„გამომძიებელ რეპორტიორს“ არაერთ გადაცემაში (მათ შორის ვაზაგაშვილის საქმეზე), გამოყენებული აქვს სისხლიანი კადრები, ახლო ხედით გადაღებული დაცხრილული და დამწვარი გვამები და ა.შ.

საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დოდო შონავამ, 2016 წლის 10 მარტის შეხვედრაზე გიორგი გვიმრაძის მიერ გამოთქმული შენიშვნა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებით არ მიიღო და გადაცემის ხარისხის ეჭვქვეშ დაყენება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან თავის არგუმენტად „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ ევროკავშირის პრიზის მიღება დაასახელა. მოგვიანებით, მან მედიაჩეკერთან ინტერვიუში თქვა, რომ გადაცემას სჭირდებოდა როგორც ტექნიკური, ისე რეჟისორული დახმარება და განახლებული ჟურნალისტური გამოძიება იქნებოდა უფრო საინტერესო და გამართული.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის მაისში, „გამომძიებელი რეპორტიორი“ ეთერში დაბრუნდა. ჯერჯერობით, სულ ორი გადაცემა მომზადდა - ორივე მოქმედი ხელისუფლების პირობებში მომხდარ ამბებს ეხება, ჟურნალისტური გამოძიების მთავარი ობიექტიც მათი საქმიანობა და პოლიტიკაა. განახლებული ეთერის პირველი გადაცემა ეხება პოლიციელსა და მოქალაქე ვაჟა ნაჭყებიას შორის მოხმდარ კონფლიქტს, მეორე გადაცემა კი ვერეს ხეობაში სტიქიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკას. უარყოფითადაა შეფასებული სახელმწიფო უწყებების ქმედებები სტიქიის შემდგომ პერიოდში. თავად გადაცემის თემები საკმაოდ აქტუალურია და მნიშვნელოვანია, საზოგადოება ამ თემებზე ინფორმაციას ფლობდეს. თუმცა, გადაცემების ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, ვაჟა ნაჭყებიას საქმეზე მომზადებულ ფილმში ვხვდებით არარელევანტურ შედარებებს წლების წინ მომხდარ სხვა კრიმინალურ შემთხვევებთან, რამდენიმე ფაქტი კი არაზუსტადაა მოყვანილი, გადაცემაში ვერ ვხედავთ მეორე მხარის, პროკურატურის პოზიციას.

ამავე ფილმის მიხედვით, პოლიციელი ინციდენტის დროს პოლიციელის უფლებამოსილებას არ ასრულებდა, თუმცა ჟურნალისტი "პოლიციის შესახებ კანონს" იშველიებს და ამბობს: „რატომ არ შეასრულა პოლიციელმა მანუჩარ მაისურაძემ კანონით დაკისრებული ვალდებულება, რატომ არ გააფრთხილა სროლის წინ ნაჭყებია? რატომ არ ისროლა ჰაერში გასაფრთხილებლად? პასუხი მრავალგვარი შეიძლება იყოს: იქნებ იმიტომ, რატომაც არ გააფრთხილეს ბუტა რობაქიძე, როცა ესროდნენ, გიორგი გამცემლიძე, როცა ესროდნენ, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, როცა ესროდნენ. პოლიციის მაღალჩინოსნებმა გვითხრეს, რომ ამ ფაქტებთან მაისურაძის გასროლის გაიგივება არ შეიძლება, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში სხვა დროში და სამსახურებრივი დავალებით მოქმედებდნენ. მაგრამ რა შეღავათია ეს დაჭრილი ნაჭყებიასთვის?“

ერთ-ერთი მოწმე კი, გადაცემის ავტორთა მიერ წამოჩენილია თვითმხილველად, თუმცა ამავე გადაცემიდან ვიგებთ, რომ მოწმე უარყოფს შემხთვევის ადგილზე ყოფნას, შესაბამისად, გაუგებარია, რას ეყრდნობა ჟურნალისტი, როცა პირს თვითმხილველად მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებს. კიდევ ერთ მონაკვეთში კი ჟურნალისტი კიდევ ერთ მოწმეს ინიციალებით მოიხსენიებს, თუმცა კადრში, რომელიც ამ ტექსტს ადევს, მოწმის სრული სახელი და გვარი ჩანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ეპიზოდში ჟურნალისტის მოსაზრებები წარმოჩენილია ფაქტად, ან ეს მოსაზრებები არ გამომდინარეობს ფაქტებიდან. გარდა ამისა, გადაცემა დაუბალანსებელია, არ ჩანს პროკურატურის პოზიცია, და არც რაიმე მცდელობა, უწყებიდან ინფორმაციის მოპოვებისა.

ამავე გადაცემაში ჟურნალისტი ამბობს „პოლიციელმა თითქმის ინვალიდ ახალგაზრდას ესროლა“, „ნახევრად ხეიბარი ახალგაზრდა“. სპეციალისტები სიტყვა „ინვალიდს“ შეზღუდული შესაძლებლობების აღწერისას დისკრიმანციულად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, აღნიშნული ტერმინოლოგია არ გამოეყენებინათ.

საბოლოო ჯამში, „გამომძიებელი რეპორტიორის“ პირველ ორ გადაცემას განახლება, პირველ რიგში, თემატიკის შერჩევაში დაეტყო. წინა სეზონისგან განსხვავებით, ახალი გადაცემების მთავარი ფოკუსი ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობის კვლევაა. გარდა ამისა, კადრებში ვეღარ ვხედავთ იმდენ სისხლს, რამდენსაც წინა სეზონზე გვაჩვენებდნენ, სამწუხაროდ, განახლება სხვა მიმართულებით, ფაქტობრივად არ მომხდარა.

როგორც გიორგი გვიმრაძემ 2016 წლის გაზაფხულზე დააანონსა, „გამომძიებელი რეპორტიორი“ შემოდგომის სატელევიზიო სეზონამდე სულ 4 გადაცემას მოამზადებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ