08.06.2016
Bild-ის სტატიის მიხედვით, გერმანიაში ქურდობისა და ბინების ძარცვისთვის უფრო და უფრო მეტი ქართველი ჩადის, ამის მიუხედავად კი ევროკავშირი ქვეყანას უვიზო მიმოსვლას ჰპირდება.
ჟურნალისტ ფრანც ზოლმს-ლაუბახს ინტერვიუ აქვს ჩაწერილი გერმანიის მმართველი კოალიციის, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების წევრ არმინ შუსტერთან და ახსენებს როგორც ექსპერტს. რესპონდენტის მიხედვით, ქართველები მასობრივად არიან ჩართულნი ორგანიზებულ დანაშაულში, უფრო მეტადაც ვიდრე სხვა ჯგუფები და ამიტომ, უვიზო რეჟიმის მიცემით ქვეყნისთვის, დანაშაულებრივი ქმედებები სამომავლოდაც წახალისდება.
სტატია რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი. ერთ-ერთის სათაურია “გამძვინვარებული ქართული მაფია გერმანიაში”. ამ ქვეთავში ავტორი საუბრობს, რომ ქართული დაჯგუფებები, ძირითადად, ბინების გატეხვით არიან დაკავებულები, გერმანიაში დაფიქსირებული ყაჩაღობების უკანაც, უმეტესწილად, სწორედ ქართველები დგანან. BDK-ს ინსპექტორი, ანდრე შულცი კი სტატიაში ამბობს, რომ მომზადება დანაშაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ბევრ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ქართული მაფია სპეციალურად უკავშირდება კრიმინალებს საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში ჩასვლაში ეხმარება.
სინამდვილეში, იმ წყაროს თანახმად, რომელიც გაზეთს აქვს მოყვანილი და რომელიც გერმანიაში 2015 წელს პოლიციის მიერ აღწერილ კრიმინალურ სტატისტიკას მოიცავს, აღნიშნულია, რომ არაგერმანელების მიერ ჩადენილ კრიმინალში ქართველები ბოლოდან მესამე ადგილს იკავებენ. პირველ სამ ადგილს სირიის, თურქეთისა და ავღანეთის მოქალაქეები ინაწილებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელთან შედარებით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი, 1.1%-დან 0.9%-ამდეა შემცირებული. რაც შეეხება ბინების ძარცვის სტატისტიკას, ოფიციალური წყაროს მიხედვით ის 167.136-ია, თუმცა არ არის აღნიშნული, რომ ყველა ეს დანაშაული ქართველების მიერაა ჩადენილი.
სტატიის ბოლო ქვესათაური შემდეგი შინაარსისაა: “ვიზის ლიბერალიზაციის გარდა, საქართველო ვერც ნატოს წევრი ხდება”.
საქართველო ასეთ კონტექსტში გერმანულ პრესაში პირველად არ გაშუქებულა. 5 ივნისს, Die Welt-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “მთავრობას ქართული დაჯგუფებების ეშინია.” მასალის მიხედვით, გერმანიის მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს სასწავლი აქვს, თუ როგორ ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს. სტატიას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს ძარცვისა და მძარცველის ფოტო, რომელიც დასაწყისშივე აქვს დართული. ასევე ბინის ძარცვის ორი ვიდეო, მათგან ერთ-ერთს აწერია, რომ მძარცველთა ასაკი 20 წლამდეა.
აღსანიშნავია, რომ როგორც Bild-ი ასევე Die Welt, ბერლინში მდებარე, აქსელ შპრინგერის საგამომცემლო სახლს ეკუთვნის. მათ შორის Bild ტაბლოიდია, და მედიასტანდარტების დაცვით არ გამოირჩევა, რაც შეეხება Die Welt-ს ის Sueddeutsche Zeitung-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის შემდეგ, რიგით მესამე გამოცემად მიიჩნევა გერმანიაში როგორც დაბალანსებული, მიუკერძოებელი ინფორმაციის, ასევე გაყიდვებისა და პოპულარობის მხრივ.