გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი - გაშუქება ტელემედიაში
16.09.2016
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი - მეორე დღეა, ეს თემა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების ინტერესის საგანია. საკითხი 15 სექტემბერსაც გაშუქდა, თუმცა განსხვავებული იყო გაშუქების კუთხეები. ტელეკომპანიების უმეტესობამ ძირითადი აქცენტი სატელეფონო საუბრის შინაარსზე გააკეთა, სიუჟეტებში მსჯელობა იმაზე მიდიოდა, რამდენად ეთიკურია ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან პოლიტიკოსის დაშანტაჟება. სიუჟეტების ნაწილში კი თემა არა მედიაეთიკის, არამედ ფარული მიყურადების კონტექსტში გაშუქდა.

გთავაზობთ, ხუთი ტელევიზიის 15 სექტემბრის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში თემის გაშუქების მიმოხილვას:

საზოგადოებრივი მაუწყებელი



„ფარული ჩანაწერები“ - ასე ერქვა 8 საათიან „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს. წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის ტექსტი იყო მიუკერძოებელი და არ მოიცავდა შეფასებით სიტყვებს. საკითხი მთლიანად ფარული მოსმენების კონტექსტში იყო გაშუქებული, არც ჟურნალისტებს და არც ჩაწერილ რესპონდენტებს საუბრის შინაარსზე აქცენტი არ გაუკეთებიათ.

პირველივე წუთიდან, სიუჟეტში ისმის ჟურნალისტის შეკითხვა, რომელსაც ის პაატა ბურჭულაძეს უსვამს - „ვის კვალს ხედავთ გამოქვეყნებაში?“ „სუსის“- პასუხობს პოლიტიკოსი.

გარდა ბურჭულაძისა, სიუჟეტში მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილს შეფასებები, რომ ჩანაწერები შესაძლოა, თავად გვარამიას მიერ იყოს გამოქვეყნებული. ასევე, მოვისმინეთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარებიც, ისინიც თემას ფარული მოსმენების კონტექსტში განიხილავდნენ.

„მესამე სექტორის შეფასებით, ქვეყანაში ფარული მიყურადების პრაქტიკა საგანგაშო ხასიათს იღებს, მოსმენები, თვალთვალი, შანტაჟი, არასამთავრობოებს სჯერათ, რომ ძველი მეთოდებით ბრძოლა მაშინ დასრულდება, როცა კანონი შეიცვლება, კანონი, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა ჯერ კიდევ მოქმედია“ - ასეთი იყო ჟურნალისტის საკადრო ტექსტი, სიუჟეტის მიწურულს. თემა კი მომდევნო სიუჟეტში სწორედ ამ სადავო კანონზე საუბრით გაგრძელდა და მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ამბის სრული კონტექსტი გაეგო.

მაესტრო



„მედია და პოლიტიკა“ - ეს კი ტელეკომპანია მაესტროს მიერ თემაზე მომზადებული სიუჟეტის სათაურია. სიუჟეტში ფართოდ მიმოიხილეს ჩანაწერის შინაარსი, იმსჯელეს, რამდენად ეთიკური და სამართლიანია, ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან პოლიტიკოსთან ამგვარი საუბარი. ფარული მოსმენების საკითხი სიუჟეტის მთავარი თემა არ ყოფილა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ ამბის შესავსებად და ფორმალური ბალანსის საჩვენებლად გამოიყენეს.

„სარედაქციო ვაჭრობა, თუ პროვოკაციული ზარი წინასწარგაწერილი სცენარით“ - სიუჟეტის შესავალი ტექსტიდანვე, საკითხი სწორედ ასე იყო დაყენებული.

წამყვანის შესავალი ტექსტი:

„უდგენს თუ არა ტელემენეჯერი პოლიტიკოსებს დღის წესრიგს. ურთიერთობების ე.წ. წარმოუდგენელი სტანდარტი, მედიაექსპერტებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. აქვს თუ არა სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელს უფლება, განსაზღვროს ამა თუ იმ პარტიის სამოქმედო გეგმა და თამაშის საკუთარი წესები შესთავაზოს. ამ მიმართულებითაც დაისვა დღეს კითხვები. სარედაქციო ვაჭრობა თუ პროვოკაციული ზარი წინასწარგაწერილი სცენარით, რაზეც მმართველ გუნდშიც საუბრობენ“.

„მედიაექსპერტების განმარტებით ეს ის შემთხვევაა, როცა მედია პოლიტიკოსებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი და შემდეგ, ექსპერტების კომენტარებს გვთავაზობს.

ამავე სიუჟეტში გაიხსენეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გვიჩვენეს ის ნაწყვეტი, სადაც სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ რუსთავი 2 - ის შენობასთან ბარიკადები უნდა შეიქმნას. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჩანაწერის „შეხსენების“ მიზანს, იმის ხაზგასმა წარმოადგენდა, თუ რა ტიპის ურთიერთობები აქვს გვარამიას პოლიტიკოსებთან.

ამ სიუჟეტის შემდეგ, ცალკე კადრ-სინქრონი გავიდა ფარული მოსმენების შესახებ. მასალის ორი წყაროდან ერთი, საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობს, მის კომენტარს კი სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას შეფასება მოსდებს, რომ სუსი არის მიუკერძოებელი და ის უკანონოდ არავის უსმენს.

2030



„ბურჭულაძე -გვარამიას სკანდალური აუდიოჩანაწერი და შეკითხვები, რომლებიც მისი გავრცელების შემდეგ გაჩნდა, ვინ ვის უსმენს და აძლევს თუ არა კერძო ტელევიზიის დირექტორი თავს უფლებას, პოლიტიკური ძალის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენოს. რას ეუბნება მსგავსი ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს“ - ამ ტექსტით დააანონსა 2030 -ის წამყვანმა გადაცემაში განსახილველი თემა. საკითხზე მსჯელობა ჯერ პატრიოტთა ალიანსის ლიდერთამ, ირმა ინაშვილთან, შემდეგ მანანა ნაჭყებიასთან, ბოლოს კი ირაკლი სესიაშვილთან გაგრძელდა.

ირმა ინაშვილთან ინტერვიუს დაწყების წინ, წამყვანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ტექსტი, მცირედი ცვლილებებით: “ვინ უსმენს და რატომ აძლევს კერძო ტელევიზიის დირექტორი თავს უფლებას, პოლიტიკური ძალის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენოს. რას ეუბნება მსგავსი ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს. შეკითხვებს ირმა ინაშვილი პასუხობს“.

სამივე სტუმრის შემთხვევაში, მსჯელობა ძირითადად, სატელეფონო საუბრის შინაარსის განხილვით წარიმართა. სტუმრები აფასებდნენ, რამდენად ეთიკურად იქცევა ნიკა გვარამია, როცა ასე ესაუბრება პოლიტიკოსს. ბუნებრივია, საუბრის ამგვარად წარმართვას ხელი წამყვანის შეკითხვებმა შეუწყო.

მაგალითად, წამყვანი დაინტერესდა, ირმა ინაშვილთან თუ ხორციელდება ამგვარი ზარები, რაზეც სტუმარმა უპასუხა, რომ ამას გვარამია ინაშვილს ვერასოდეს გაუბედავს, შემდეგ კი საუბარი იქითკენ წავიდა, თუ „რომელი პარტია ვის ნავში ზის“.

სტუმრად მიწვეულ მანანა ნაჭყებიას კი, წამყვანი ჯერ იმას ეკითხება, თუ ვის ინტერესში შედის ჩანაწერის გამოქვეყნება, შემდეგ კი ინტერესდება, რამდენად მისაღები იყო ნაჭყებიასთვის „ულტიმატუმის, დირექტივის ენა“, რომელიც გვარამიას მხრიდან სატელეფონო საუბარში ჩანს.

„ჯიდიესის დირექტორს ამ ტონით, ამ პათოსით რომ დაერეკა, თუნდაც თქვენთან, რამდენად მისაღები იქნებოდა ეს თქვენთვის“ - ასე ჟღერდა იმავე სტუმრისთვის დასმული კიდევ ერთი შეკითხვა.

ბოლო სტუმარსაც წამყვანმა ის კითხა, თუ რაზე მიუთითებდა ეს ჩანაწერი... რაზეც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად მიუღებელია, როცა ტელეკომპანიის დირექტორი ასე თავხედურად ელაპარაკება პოლიტიკური პარტიის ლიდერს.

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნიკა გვარამია აშანტაჟებს ბურჭულაძეს? - ჩაეკითხა წამყვანი.

სესიაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისთვის ეს საუბარი მიუღებელია, ამბობს, რომ შერცხვა, როცა ეს ჩანაწერი მოისმინა.

-თქვენ რატომ შეგრცხვათ, ბატონო ირაკლი? - დაინტერესდა წამყვანი.

სტუმრებთან საუბარი მთლიანად, სატელეფონო ჩანაწერის შინაარსის განხილვის მიმართულებით წარიმართა, ფარული მოსმენები კი რამდენჯერმე გაკვრით, ფორმალურად ახსენეს.

იმედი

„ბურჭულაძე-გვარამიას საუბარი“ - „ქრონიკის“ მიერ თემაზე მომზადებული სიუჟეტიც, გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ნაწყვეტით იწყება. მართალია, ფარული მოსმენების კონტექსტიც მეტნაკლებად წარმოჩენილია, მაგრამ მასალის ძირითადი აქცენტი, აქაც სატელეფონო საუბრის შინაარსზეა.

„პაატა ბურჭულაძე დღეს იმის დამტკიცებასაც ცდილობდა, რომ ამგვარი საუბრები მას სხვა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთანაც აქვს“, ამბობს ჟურნალისტი და შემდეგ, ბურჭულაძის კომენტარს ვისმენთ, სადაც ის განმარტავს, რომ ეს საუბარი შედგა არა პოლიტიკოსსა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელს შორის, არამედ დიდი ხნის ნაცნობებს შორის. ეთერში ისმის ჟურნალისტის შეკითხვაც ბურჭულაძის მისამართით: სხვა არხებთანაც გაქვთ მსგავსი მოლაპარაკებები?

სიუჟეტი მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული შეფასებებით გაგრძელდა. „გვარამია-ბურჭულაძის საუბარს გაუგებარს უწოდებენ მმართველ გუნდში, ქართული ოცნების თავმჯომარე ფიქრობს, რომ ამ საუბარმა ფარდა ახადა ნაციონალებისა და ბურჭულაძის ურთიერთობას“ - ამბობს ჟურნალისტი, შემდეგ, გია ვოლსკის სინქრონს ვისმენთ.

„ალასანიას გუნდისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს დირექტორი გვარამია მუქარის ენით, ოპოზიციური პარტიის ლიდერთან“- ჟურნალისტის ამ ტექსტს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის გია ცაგარეიშვილის კომენტარი მოსდევს, რომ „მოსმენები გრძელდება, მაგრამ ამასთანავე, წარმოუდგენელია ასე ესაუბრო და დაამუნათო პარტიის ლიდერი“.

სიუჟეტში რამდენიმეწამიან კომენტარებში ფარული მოსმენების შესახებ ფაქტრობრივად, მხოლოდ თავად პაატა ბურჭულაძე და ნაციონალური მოძრაობის წვერი თინათინ ბოკუჩავა საუბრობენ, დანარჩენ სინქრონებსა და ჟურნალისტის ტექსტში კი ძირითადი აქცენტი სატელეფონო ჩანაწერის შინაარსზე კეთდება.

რუსთავი 2

„ფარული მოსმენების საქმე“ - სიუჟეტი „კურიერის“ მიერ ასე იყო დასათაურებული. სათაურიდანაც ცხადია, რომ ძირითადი აქცენტი სწორედ ფარულ მოსმენებზე გაკეთდა.

სიუჟეტში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩანაწერის შინაარსზე საუბრით, ყურადღება მთავარიდან - ფარული მიყურადების პრობლემიდან, მეორეხარისხოვან საკითხზე - ჩანაწერის შინაარსზე გადაიტანოს.

წამყვანების შესავალი ტექსტი:

„გამოძიება მიმდინარეობს, საქმის მთავარი მოქმედი პირები კი ჯერ გამოსაკითხად არ დაუბარებიათ. თუმცა ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის ჩვენებები, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური იქნება. რადგან ხელისუფლების გზავნილები, მორიგი ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, უკვე ცნობილია.

ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ ლიდერების ვერსია საკუთარ გადაცემაში მტკიცებულებით ფორმაში გადაიყვანა და ფარული ჩანაწერების გავრცელებაში რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორი დაადანაშაულა. ივანიშვილისთვის, ისევე როგორც მისი თანაგუნდელებისთვის, საუბრის შინაარსია მნიშვნელოვანი და არა თავად უკანონო მიყურადების ფაქტი. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი გაცილებით უფრო შორს წავიდა შეფასებებში ქართული ოცნების ახალი სახე, რომელმაც ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის პირადი საუბარი ჰილარი კლინტონის სკანდალსაც შეადარა“.

ჩანაწერის შინაარსზე და მედიაეთიკაზე ქართული ოცნების წევრის, თამარ ჩუგოშვილის კომენტარებში იყო საუბარი, თუმცა მის კრიტიკას ნიკა გვარამიას პასუხები მოსდევდა.

„სირცხვილია, როცა შინაარსზე აკეთებენ აქცენტს“ - ამბობს კიდევ ერთი რესპონდენტი, რესპუბლიკელი თამარ კორძაია.

ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ