23.08.2016
თუმცა, საინტერესო იყო სათაურები, რომლითაც მედიასაშუალებებმა სავარაუდო ტერაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
სათაურები, პირობითად, ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ერთი ნაწილი პირდაპირ, უტყუარ ფაქტად წარმოაჩენდა, რომ „ქვეყანაში ტერაქტი აღიკვეთა“, მეორე ნაწილში კი, ჩანდა, რომ ფაქტი იყო არა ტერაქტის აღიკვეთა, არამედ სუსის ნათქვამი, რომ მათ ტერაქტი აღკვეთეს.
უფრო კონკრეტულად: „ქვეყანაში ტერაქტი აღიკვეთა“ - ამ ტიპის სათაურში ფაქტია, რომ ტერაქტი იგეგმებოდა და ის სუსმა აღკვეთა. „სუსი ამბობს, რომ ტერაქტი აღკვეთა“- ამ ტიპის სათაურში კი, ფაქტია არა ტერაქტის აღკვეთა, არამედ ის, რომ სუსმა ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე გამოცემას იდენტური სათაური ჰქონდა:
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მედიასაშუალებებმა დაიწყეს წერა ვარაუდებზე, რომ დაკავებულებს კავშირი უკრაინასთან ჰქონდათ.
ფაქტების ქრონოლოგია:
20 აგვისტო - სუსის განცხადებით ირკვევა, რომ ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულები 20 აგვისტოს დააკავეს, თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ორი დღის შემდეგ 22 აგვისტოს ამცნეს. პირველი სიახლე სწორედ 22 აგვისტოს, ბრიფინგის შემდეგ გაჩნდა.
22 აგვისტო, 11:00 სთ - სუსის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, ბრიფინგის შესავალში სპიკერმა თქვა, რომ ტერაქტი იგეგმებოდა და სუსმა ის აღკვეთა, თუმცა საერთოდ არ უხსენებია უკრაინა ან ბრალდებულების შესაძლო კავშირი უკრაინასთან. უკრაინა არც ოფიციალურ განცხადებაშია ნახსენები.
ბრიფინგზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა: „დაკავებულებიდან რომელიმეს ჰქონდა თუ არა კავშირი უკრაინელ მებრძოლებთან (“იმიტომ, რომ თავად ეს პირები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დააკავეს მათიანები. თუ ჰქონდა რომელიმეს კავშირი უკრაინასთან და იქ მყოფ ქართველ მებრძოლებთან?”). რა კავშირში იყო უკრაინა, რატომ დასვა ჟურნალისტმა ეს შეკითხვა მაშინ, როცა ეს ქვეყანა ბრიფინგზე და საგანგებო განცხადებაში არავის უხსენებია, ან ვინ იყვნენ ის პირები ვინც ავრცელებდნენ ინფორმაცის, რომ „დააკავეს მათიანები“, საზოგადოებისთვის იმ დროისთვის ბუნდოვანი დარჩა.
გამომძიებელ სავლე მოთიაშვილის პასუხი ასეთი იყო: “გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია”. ეს იყო ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც გამომძიებელმა პასუხის გაცემა მოინდომა, მან სხვა კითხვებს „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ აღარ უპასუხა.
დაახლოებით 13:00 საათზე, ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „საკითხს ნათელი მოჰფინა“, მან მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ წინა დღეს (21 აგვისტოს) „უკრაინაში მებრძოლ ვანო ნადირაძის ტვიტერზე გაკეთებული ჩანაწერი, რომ მისიანები დაიჭირეს, ძალიან საეჭვოა“ . ე.წ. ტერაქტის კონტექსტში ვანო ნადირაძე და მისი სტატუსი პირველად, სწორედ არეშიძემ ახსენა: „არსებული ჩანაწერი ამ ტერაქტის მისამართს უკრაინისკენ გვთავაზობს“, „სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, საეჭვოა, ბევრ კითხვას აჩენს და იმას მაინც გვკარნახობს, რომ ასოცირდებიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ გუნდს და არ მინდა, დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასეთი ბრძანება გასცა”.
ერთი სიტყვით, ტერაქტითან კავშირზე ორი რამ გავიგეთ, პირველი - სუსის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინაში ხშირად დადიოდა, და მეორე - წინა დღეს, უკრაინაში მებრძოლმა თქვა, რომ „დაიჭირეს ბიჭები, რომლებიც გვეხმარებოდნენ“.
თავდაპირველად, მედიასაშუალებებმა დაკავებულების უკრაინასთან კავშირის შესახებ თავად სუსის განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც „ერთ-ერთი დაკავებული უკრაინაში ხშირად დადიოდა, მაგრამ იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი ამ ქვეყნიდან, ჯერ დაუდგენელია“. სააგენტო პირველის მასალის სათაურში სუსი ნახსენები საერთოდ არ არის და მისი განცხადება ფაქტადაა წარმოჩენილი, ხოლო 2030news-ზე, info9-ზე და ინტერპრესნიუსზე სათაურებიდანვე ნათელია, რომ ინფორმაციის წყარო სუსია.
რამდენიმე მედიასაშუალებამ, მაგალითად On.ge-მ ამ ტიპის ვარაუდები არ გაავრცელა. ნეტგაზეთმა კი კონტექსტი აჩვენა და მიუთითა, რომ სუსის წარმომადგენლის ეს სიტყვები ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა.
მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შეფასებებიც შემოგვთავაზეს. მათი აზრები ფაქტის შეფასებისას ორ ნაწილად გაიყო, ნაწილი პირდაპირ და ღიად მიუთითებდა ტერაქტის უკრაინასთან და სააკაშვილთან კავშირის შესახებ, ნაწილი კი ამ კავშირს „იაფფასიან პოლიტიკურ ხრიკს“ უწოდებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ, რომელმაც ის მოსაზრებები გააშუქა, სადაც საუბარი იყო ტერაქტის უკრაინასთან და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე, გავრცელებული განსხვავებული შეფასებები არ გამოაქვეყნა. შესაბამისად, მკითხველმა, რომელიც მხოლოდ ამ მედიასაშუალებებზე გაეცნო ინფორმაციას, მხოლოდ ის გაიგო, რომ ტერაქტი უკრაინას და მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, მისთვის განსხვავებული ვერსიები, პოზიციები არ შეუთავაზებიათ.
ცხრილში მოცემულია სხვადასხვა მედიასაშუალებაში ტერაქტის უკრაინასთან შესაძლო კავშირის შესახებ პოლიტიკოსების, სუსის და ექსპერტების შეფასებები და მედიის მიერ მათი გაშუქება.