04.08.2016
გადაცემის წამყვანები არიან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი, ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი და ასევე ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე. მათ გადაცემა კვირის დღეებში მორიგეობით მიჰყავთ, პარასკევს კი, შემაჯამებელ „ფაქტორს“ ერთობლივად უძღვებიან.
გადაცემა ხშირად ეხება მიმდინარე, აქტუალურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ-საკითხებს. წამყვანები არ გამოირჩევიან სტუმრების მიმართ დასმული კრიტიკული კითხვებით, არ უწევენ მათ ოპონირებას და შესაბამისად, სტუმრებსაც, ძირითადად, მონოლოგის რეჟიმში უწევთ საუბარი.
მაგალითად, 21 ივლისის "მაესტროს ფაქტორის" ერთ-ერთი სტუმარი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყო. წამყვანს მისთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები თუნდაც მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. კითხვების ფორმულირება საშუალებას აძლევდა სტუმარს ესაუბრა იმაზე, რაც თავად სურდა და იმდენ ხანს, რამდენიც სურდა. მაგალითად, ჟურნალისტის კითხვები შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:
„ამომრჩეველს რამდენად აქვს დღეს ანალიზის უნარი, რომ გადალახოს ეს სტერეოტიპები და რაც არის ეს ნაკადი, ზღვა ბრალდებების“.
„მე მინდა გაიხსენოთ ის პერიოდი, რა არჩევანის წინაშე იდექით, როცა მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდებოდით?“
24 ივნისის "მაესტროს ფაქტორში" სტუმარად პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასა და ევროკავშირის მომავალზე სასაუბროდ იყო მოწვეული. მართალია, გადაცემაში კიდევ ორი სტუმარი ჰყავდათ, რომლებიც საკითხს არ განიხილავდნენ ევროსკეპტიციზმის ჭრილში, თუმცა, ისინი გადაცემის სხვა ბლოკში იყვნენ, მეჭიაურს კი ოპონენტი არ ჰყოლია. ჟურნალისტმა თამაზ მეჭიაურს მისცა შესაძლებლობა, უაპელაციოდ, დაუსაბუთებლად გაევრცელებინა მცდარი, ანტიევროპული განცხადებები. მაგალითად, რესპონდენტმა თქვა: „მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს ევროპელთა რაოდენობას და უმრავლესობაში ისინი იქნებიან და არა – ევროპელები“; „ადგილობრივი მოსახლეობა შევიწროებულია“; „შეიმჩნევა ემიგრანტების სიჭარბე“ და ა.შ.
ჟურნალისტს არ უცდია, დეპუტატისგან მოეთხოვა მოსაზრების უფრო მეტი დასაბუთება და არც გაზვიადებული ცნობის შესწორება. სინამდვილეში, ალბათობა იმისა, რომ მიგრანტთა რაოდენობამ ევროპის მაცხოვრებელთა რაოდენობას გადააჭარბოს, ან თუნდაც გაუტოლდეს, არარეალურია.
2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა თავშესაფარი სულ 292 ათას მიგრანტს მისცეს, ევროპის მაცხოვრებელთა რაოდენობა კი 500 მილიონს აჭარბებს. რაც შეეხება საშუალოსტატისტიკურ მონაცემებს, ევროკავშირში 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 260 თავშესაფრის მაძიებელი მოდის.
ნაცვლად იმისა, რომ წამყვანს ოპონირება გაეწია სტუმრის ანტიდასავლური, ევროსკეპტიკური გამონათქვამებისთვის, თავისი კითხვებით საშუალება მისცა, გაეგრძელებინა მსგავსი საუბარი „ევროკავშირში ყოფნა რას ნიშნავს – დაკარგვას ტრადიციების, თვითმყოფადობის და ისტორიის?“ „რომელი ფასეულობაა, რომელიც შეიძლება არ იყოს თავსებადი ევროკავშირთან?“
8 ივლისის კი „მაესტროს ფაქტორის“ თემა იყო ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები. გადაცემის სტუმრები იყვნენ პარლამენტარი ირაკლი სესიაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი. ჟურნალისტის კითხვები ამჯერადაც ნატოს მიმართ სკეპტიციზმით იყო გაჯერებული:
„კომუნიკეში არის აღიარება ჩვენი პროგრესის, ასევე მოლოდინი, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალდემოკრატიულ ხარისხში, მაგრამ არაფერი ახალი და ხელშესახები თავად ნატოში ინტეგრაციისა და გაწევრიანების თაობაზე. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას?“
„ეს ადრეც ითქვა, რომ გაგვაჩნია ყველა ინსტრუმენტი, ფართოვდება თანამშრომლობა, მაგრამ წევრობაზე არ არის ლაპარაკი“.
„როგორ იქნება საქართველო უფრო მეტად დაცული, თუკი არ არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და წევრობაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი?“
„მხარდაჭერა 2008 წელს გვქონდა, მაგრამ ამან ხომ ომისგან ვერ დაგვიცვა“.
13 მაისის გადაცემაში, რომელიც საქართველო-ნატოს ერთობლივ სწავლებებს, ღირსეული პარტნიორი 2016-ს ეხება, წამყვანი გადაცემას შემდეგი ტექსტით იწყებს: „ქართულ ამერიკული წვრთნები, რომელმაც ქვეყნის საგარეო ვექტორზე, ევრო–ატლანტიკურ პერსპექტივაზე და რუსული აგრესიის პროვოცირებაზე ქვეყანაში დიდი დებატები გახსნა. რა საფრთხეს შეიცავს ღირსეული პარტნიორი 2016?“.
„ვისი ღირსეული პარტნიორია საქართველო და რას იღებს პარტნიორობის და ღირსების სანაცვლოდ?“
გადაცემის შესავალშივე, აქცენტი გაკეთებულია საქართველო-ნატოს დაახლოებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე, გარდა ამისა, ორაზროვანია ტიტრი, რომელიც გადაცემას გასდევს: „ამერიკული ტანკები საქართველოში“.
მაესტროს ფაქტორის იშვიათად, გამონაკლისის სახით, მაყურებელს ინტერაქტივსაც სთავაზობს, თუმცა, ამ იშვიათ შემთხვევებსაც გადაცემა გარკვეულო მანიპულაციისთვის იყენებს.
მაგალითად, 2015 წლის 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორის“ კითხვა იყი „ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რუსეთის, თურქეთის თუ ნეიტრალური?“. ინტერაქტივის შეკითხვა და მთელი გადაცემაც სწორედ ამ „დილემის“ მიმოხილვას მიეძღვნა. თურქოფობიის ტირაჟირება, ისტორიული მოვლენების ცალმხრივი შეფასებები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პარალელები - ეს იყო ის ძირითადი პრობლემები, რაც 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორში“ გამოიკვეთა.
მაესტროს ფაქტორის” ინტერაქტივმა 2016 წლის 12 იანვარსაც მიიქცია ყურადღება, გადაცემის ბოლოს დათვლილი მონაცემებით, 5700-მდე მაყურებლიდან 97%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, “მიმდინარეობს თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია”.
მთელი გადაცემის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო მიზანმიმართულ კამპანიად შეფასებულიყო იმ ადამიანთა ქმედებები, რომლებიც ინტერესდებიან, რომელმა უწყებამ საზოგადოების საჯარო ფინანსების რა ნაწილი დახარჯა პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავად; რატომ ფინანსდება საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით და ნამდვილად იხარჯება ეს ფინანსური რესურსი, ისე როგორც ამას ძნელად ხელმისაწვდომი, ისედაც მწირი დოკუმენტები ითვალისწინებს?
რაც მაესტროს ფაქტორის არაერთი გადაცემის დაკვირვებისას გამოიკვეთა, ეს არის კრიტიკული, მწვავე კითხვების ნაკლებობა, სტუმრებისთვის შესაძლებლობების მიცემა, გაავრცელონ დაუსაბუთებელი, მცდარი მოსაზრებები და ასევე, მანიპულაცია ინტერაქტივის კითხვებით. მაშინ, როცა რესპოდენტს გადაცემაში ოპონენტი არ ჰყავს, ჟურნალისტის მოვალეობაა, თავად გაუწიოს მას ოპონირება მწვავე კითხვებით, რათა მაყურებელმა მიიღოს ამომწურავი, ყოველმხრივი ინფორმაცია. ხოლო ინტერაქტივის საშუალებით არ უნდა ხდებოდეს მანიპულირება და მაყურებლის ისეთი მცდარი არჩევანის წინაშე დაყენება, რაც რეალურად არ არსებობს.