20.11.2016
გადაცემის ძირითად თემებს შორის ხშირად გვხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკა. უმეტესად იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა სამართლიანობა ვერ აღადგინა. განხილვის თემებს შორისაა ქვეყნის საგარეო კურსი, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა და რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ძირითადი გზავნილი კი ისაა, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, რუსეთთან კი ნორმალური, მეზობლური ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია.
გადაცემებში ხშირად ისმის პრორუსული მესიჯებიც. მაგალითად, 5 სექტემბერს, „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, მოსკოვში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ქართველი სტუდენტებისათვის რუსეთში სასწავლო პროგრამებზე ისაუბრა. წამყვანმა, ნინო რატიშვილმა, ბაღათურიასთან დიალოგში შემდეგი რამ თქვა:
„მე არ ვეკუთვნი იმ მოქალაქეებისა და იმ ჟურნალისტების რიცხვს, რომელიც ამბობს, რომ რად მინდა დოსტოევსკი და რუსული კლასიკა, რუსულ სიმღერას როგორ მოვუსმენ, რუსული შოკოლადები არ ჭამოთო, ზოგი იქამდე მივიდა, რაღაცა მარაზმამდეა მისული სიტუაცია და რუსულ ფილმებს და რუსულ პროგრამებს არ უყუროთო, მოდით, ავკრძალოთო.“
წამყვანი აღნიშნავს, რომ რუსები შეიცვალნენ და „სხვა რუსები“ გახდნენ. ჯონდი ბაღათურია კი პასუხობს:
„ის აბსოლუტურად სხვა რუსების არის ძალიან მცირე ნაწილი. ხალხი, აბსოლუტური უნმრავლესობა, დარჩა ისეთივე უბრალო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ისეთივე თავმდაბალი, კეთილი ღიმილით, როგორებიც იყვნენ და ნინო, ძალიან გვგვანან ჩვენ. იქაც, ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ეკლესიებია როგორც ჩვენთან.“
წამყვანის მორიგ კითხვაზე, თუ როგორ უნდა აღიქვას ქართველმა ახალგაზრდობამ ეს მიპატიჟება რუსეთში, ჯონდი ბაღათურია პასუხობს:
- კეთილ ჟესტად და ქართველების პოზიციების დაბრუნებად რუსეთში.
ყველაზე ხშირად არხის სტუმრებს შორის, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არიან. „ღამის სტუდია“ აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. პარტიის წევრების სტუმრობისას განსაკუთრებული აქცენტი აჭარაზე კეთდება. სტუმრები აჭარაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას თურქების მიმართ. წამყვანის კითხვები კი ხშირად, მაპროვოცირებელის როლს თამაშობს. მაგალითად, 7 ოქტომბერს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან მოურავის სტუმრობისას, წამყვანი თითქოს, რესპონდენტის პროვოცირებას ახდენდა. მაგალითად:
“ბატონო დავით, თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც აღვნიშნეთ თავში, რომ აჭარში სათავეში ჩაუდგეთ “პატრიოტთა ალიანსს.“ აჭარაში, სადაც თქვენ ძალიან ბევრი შრომა გაწიეთ, რომ აჭარის მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული თუნდაც აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით და დღეს ისევ არის საუბარი, რომ ვინმე ამას დააფინანსებს და მეჩეთი მაინც აშენდება და ა.შ. და ა.შ. სინამდვილეში 60.000-ზე მეტი ხელმოწერა არსებოს მოსახლეობის. რა პრობლემების დასაძლევად მიდიხართ აჭარაში?”
“თურქეთის იმპერიალისტურ ზრახვებს პირველი პირები არ მალავენ და საჯაროდ გამოხტავენ.”
პასუხად თარხან-მოურავი საუბრობს თურქეთის პოლიტიკაზე, თუ როგორ მუშაობს ის სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ სურთ, ოსმალეთის იმპერიის აღდგენა.
გადაცემაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა თურქული სკოლა იყო, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. მის შესახებ სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვებაშიც მომზადდა და „ღამის სტუდიაც“ არაერთხელ დაუბრუნდა.
21 სექტემბრის გადაცემაში, წამყვანი, ანი კიკნაძე, დავით თარხან-მოურავს შემდეგი კითხვებით მიმართავს:
„პირველი კითხვა მინდა დაგისვათ ყველაზე ცხელი, აქტუალური თემის შესახებ, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი ბათუმისა და აჭარის მოსახლეობისათვის. ახალი ბულვარის მიმდებარედ ახალი სკოლა გაიხსნა. ბათუმში მცხოვრები თურქი მოსწავლეებისათვის. პედაგოგებიც იქნებიან თურქები, ენა იქნება სასწავლო თურქული, პროგრამა თურქული სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, აჭარის განათლების სამინისტრო ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და როგორია „პატრიოტთა ალიანსის“ პიზიცია კიდევ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც იქნება მთლიანად თურქული და იქნება,ასე ვთქვათ, საქართველოს კანონმდებლობის მიღმა?“
„არასამთავრობო სექტორი და გარკვეული ორგანიზაციები როდესაც საუბარია კრიტიკაზე თუნდაც ამ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რითიც დავიწყეთ საუბარი, ყოველთვის ამბობენ ტერმინს „ქსენოფობია“ და მოიწოდებენ ადამიანებს, არ გააღვივონ რელიგიური შუღლი. ეს მინდოდა მეკითხა, სად გადის ზღვარი სახელმწიფო ინტერესებს, რელიგიას და ამ საკითხებს შორის?“
23 სექტემბრის გადაცემაში კი ქუჩის გამოკითხვაც გაუშვეს ბათუმიდან, სადაც კითხვას ასეთი ფორმულირება ჰქონდა: „მისაღებია თუ არა თქვენთვის საგანმანათლებლო დაწესებულება ბათუმში, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას?“
თურქოფობია გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია. მაგალითად, 22 სექტემბერს, „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისში, მამუკა არეშიძე, თურქული დაჯგუფება „რუხი მგლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატის კავშირზე საუბრობს:
ნუ დაგვავიწყდება ქვემო ქართლი. არა გარდაბანში, არა თეთრიწყაროში, სხვა რაიონში კენჭს იყრის “ნაციონალური მოძრაობიდან” პიროვნება, ჩვენ გვაქვს საშუალება, ყურადღება მივაქციოთ მის წინასაარჩევნო კამპანიას. პრაქტიკულად, ეს არის ჩათვალეთ, “რუხი მგლები.” თურქული ორგანიზაცია “რუხი მგლები,” რომლებიც შესაბამისი ტექსტებით გამოდის, რომლისთვისაც ბორჩალო თურქული მიწაა დაა.შ.“
არეშიძე ასევე ამბობს, რომ ორგანიზაცია საქართველოში ნელ-ნელა მძლავრდება.
შესაძლოა ითქვას, რომ „ღამის სტუდია“ არის როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მესიჯების, ასევე სხვადასხვა ფორმის სიძულვილის ენისა და რუსული პროპაგანდის ტრიბუნა.