03.11.2016
პირველ ოქტომბერს იგივე თემა “შაბათის კურიერმაც” განავრცო. გადაცემაში წამყვანი ამბობს: “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ეს სინამდვილეში “ნაციონალების” მიერ ჩატარებული გამოკითხვაა და ეს დღესაც მოვისმინეთ და არანაირ ნდობას არ იმსახურებს, იმიტომ, რომ ისინი ხელოვნურად ზრდიან თავის რეიტინგს. ამ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი “ნაციონალი” ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. სააკაშვილის პარტიის რეიტინგი მან რამდენიმე დღეში თითქმის ნულოვანი მაჩვენებლიდან 30%-მდე გაზარდა. აი, დააკვირდით: დაახლოებით ათიოდე დღის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ ვერ შესულიყო პარლამენტში, ანუ ის ვერ მოახერხებდა მანდატების მოპოვებას ვერც პარტიული და ვერც მაჟორიტარული სიით”.
გადაცემაში გამოყენებულია კადრი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი შეხვედრიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს: “კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად, არავითარი შანსი მათ არ აქვთ, რომ ხელისუფლება აიღონ. 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და ეხლა, ნუ, მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უკეთესი შედეგი... და უარესი შედეგი მაგათი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ.”
ამის შემდეგ წამყვანი აცხადებს: “ე.ი. თუ პარტიას პარლამენტში ვერცერთი დეპუტატი ვერ შეჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მან 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ მოახერხა. თუ პარტია 10 კაცით შედის საკანონმდებლო ორგანოში, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ბარიერი ძლივს გადალახა და შესაძლოა, 1-2 მაჟორიტარული ოლქიც მოიგო. ანუ, ყოფილი პრემიერის ნათქვამიდან გამომდინარე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით 5%-ის ფარგლებში ჰქონია რეიტინგი ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. გავიდა რამდენიმე დღე და ბიძინა ივანიშვილისგან სულ სხვა შინაარსის განცხადება მოვისმინეთ... ანუ ახლა აღმოჩნდა, რომ ბევრ ოლქში მეორე ტურიც გაიმართება და როგორც ჩანს, ამის მთავარი მიზეზი ის იქნება, რომ “ნაციონალების” რეიტინგი თურმე საშუალოდ 30% ყოფილა. აბა ჩვენ რას გვერჩიან, ჩვენს კვლევას რატომ აკრიტიკებენ, ფაქტობრივად ჩვენც ზუსტად იგივეს ვამბობთ ხოლმე ამდენი ხანია”.
განცხადება, რომელსაც “რუსთავი 2” იმოწმებს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ მედიასთან 29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
თავდაპირველად მან ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირებაზე ისაუბრა: “სხვათა შორის, უტყდებათ მაგათ: ის სოლიდური რაც ჰყავდათ მხარდამჭერები, დაიწყო ქვემოთ ჩამოსვლა. 200 000 შეიძლება აღარ იყოს მაგრამ ას ორმოცდაათიც ბევრია. რას ელოდებიან, რა უნდათ ამ ხალხისგან აი, ეს ზოგჯერ მაოცებს.”
“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა მეორედ მან პროპაგანდაზე საუბრისას ახსენა: “ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არის პროპაგანდის მსხვერპლი, აბსოლუტურად გეთანხმებით და ამ პროპაგანდაში ძირითადი როლი და წამყვანი როლი აქვს “რუსთავი 2-ს” და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობ ელექტორატზე და არ ვარ კმაყოფილი, რომ 30% ისევ ფიქრობს, რომ 100 და 150 000 – 200 000 ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს, რა თქმა უნდა ისინი მსხვერპლნი არიან ცრუ პროპაგანდის.”
როგორც ჩვენ მიერ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ “30% ისევ ფიქრობს” ( ეს სიტყვები გარკვევით ისმის “რუსთავი 2-ის” მიერ გამოყენებულ ჩანაწერშიც და სავარაუდოდ, ამ 30%-ში ბიძინა ივანიშვილი გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გულისხმობს - მ.ვ.) და არსად უთქვამს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 30%-იანი მხარდაჭერა აქვს.