გენდერული სტერეოტიპები უცვლელი რაკურსით
27.01.2017
„ცხოვრებისეული და საინტერესო, აქტუალური და აუცილებელი, ზოგჯერ, საჭირბოროტოც, ზოგჯერ - ოჯახის ნგრევის მიზეზიც,“ - ასე დააანონსა გია ჯაჯანიძემ 26 იანვრის „სხვა რაკურსი“.

წამყვანი დაინტერესდა „რძალ-დედამთილს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულით,“ იმით, თუ „რა სწყინთ და რა უხარიათ დედამთილებს;“ „როგორ უნდა მოვიპოვოთ მათი გული;“ „რა პრეტენზიები აქვთ რძლებს?“ „როგორ უნდა მოვხიბლოთ დედამთილები...“ ამ შეკითხვებზე პასუხებს წამყვანი და მოწვეული სტუმრები ერთად ეძებდნენ.

გადაცემაში არაერთხელ გაიჟღერა სექსისტურმა ფრაზებმა, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებდა:

„ყველაფერი არის ბიჭზე, ბიჭი თუ არ ვარგა, იქ არც დედა ვარგა და არც ცოლი. როგორ შეიძლება კაცი იყოს თავის სიმაღლეზე და იმან არ დააყენოს დედაც და ცოლიც თავის ადგილზე?“ - ეს შეკითხვა გადაცემის სტუმარმა, ლალი ბადურაშვილმა, დასვა და მისი პოზიცია ერთხმად გაიზიარა აუდიტორიამ.

გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი, ხატია სიჭინავა, შეეცადა თავისი დედამთილის უკმაყოფილების მიზეზის ახსნას, რაც, საბოლოოდ, წარმოაჩენდა, თითქოს, „ოჯახის ქალმა“ აუცილებლად უნდა იცოდეს საჭმლის კეთება, გააჩინოს ბევრი შვილი და „არ იტლიკონოს“: „რატომ ვენდომებოდი ჩემს დედამთილს, როცა ჩემი დედამთილი არის აბსოლუტურად სხვა თაობის. მე ვიყავი ერთი გაწრიპული, მოტლიკინე გოგო, რომელიც ჩანდა ტელევიზორში. რა თქმა უნდა, ჰქონდა წარმოდგენა, რომ არც საჭმლის კეთება ვიცოდი და მით უმეტეს, ოჯახის ქალად არ გამოვდგებოდი. მართალი გითხრა, მე თვითონაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარი ოჯახის ქალი გამოვიდოდი, მე თვითონაც გაოცებული ვარ ჩემი თავით. ყველას ეგონა, რომ გავაჩენდი ერთ შვილს დ არასოდეს არ მეყოლებოდა მეტი. ჩემი დედამთილი კი არა, ნახევარი საქართველო დღემდე ვერ მიტანს და რა გასაკვირია ახლა, რომ ამხელა ქალს არ ვდომებოდი რძლად?“

კიდევ ერთი ფრაზა, რომლითაც კაცი „ოჯახის უფროსად“ წარმოჩინდა, აუდიტორიამ ოდნავ მოგვიანებით თავად წამყვანისგან მოისმინა: „რძალ-დედამთილს შორის რომ უსიამოვნებაა, ეს მაინც, ვფიქრობ, რომ არის კაცის ბრალი იმიტომ, რომ კაცმა უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა...“

-„რასაკვირველია, რა თქმა უნდა, არ ვარგა კაცი მაშინ!“ „ საერთოდ, მოასკუპოს დედა ცალკე და ცოლი ცალკე კაცმა და დამთავრდა, ვა!“ - ასე შეხვდნენ გადაცემის სტუმრები წამყვანის მოსაზრებას.

მოგვიანებით, „რძალ-დედამთილის ჰოროსკოპი“ გახდა განხილვის თემა. წამყვანი და სტუმრები მიხეილ ცაგარელთან ერთად არკვევდნენ, „რომელ დედამთილს რომელი რძალი შეესაბამება.“ დასასრულ, კი გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, სოფო ბედიამ, „საქართველოს დედამთილებს“ უმღერა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ