„კაცების დროში“ კაცების დისკრიმინაციაზე იმსჯელეს
26.01.2017
26 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კაცების დროში“ მთავარი თემა კაცების დისკრიმინაცია იყო. ერთმა წამყვანმა გადაცემა დააანონსა, როგორც „საკმაოდ მნიშვნელოვანი და ისეთი, შეიძლება ითქვას, სკანდალური“. მეორე წამყვანმა კი დააზუსტა, რომ გადაცემაში განიხილავენ „გენდერულ თანასწორობას მამაკაცების ჭრილში“: „ანუ რამდენად არის ჩვენი, მამაკაცების უფლებები დაცული“. თემის სტუდიაში განხილვამდე ეთერში გავიდა ქუჩის გამოკითხვა, სადაც ჟურნალისტი მოქალაქეებს შემდეგ შეკითხვებს უსვამდა:

- მამაკაცების საპენსიო ასაკი განისაზღვრება 65 წლიდან, ქალბატონების, 60 წლიდან, როგორ ფიქრობთ, ეს ერთგვარად, მამაკაცების ჩაგვრა ხომ არ არის?

- დედას შეუძლია მამის გარეშე ბავშვის მოშორება, როგორ ფიქრობთ, ეს გარკვეულწილად, მამაკაცების ჩაგვრა და დისკრიმინაცია ხომ არ არის?

- საქართველოში ჯარში იწვევენ მარტო მამაკაცებს, ქალბატონებს არა, როგორ ფიქრობთ, ეს ერთგვარად მამაკაცების ჩაგვრა არის?

- იმ შემთხვევაში თუ მამაკაცს აქვს არასრულწლოვან ქალბატონთან ურთიერთობა მამაკაცებს სჯიან, თუმცა მსგავსი ფაქტი ქალბატონების შემთხვევაში არ ხდება. როგორ ფიქრობთ, მამაკაცის დისკრიმინაცია არის თუ არა ეს?

- თუ ქალს და მამაკაცს აქვთ სექსუალური კავშირი, ქალის ოჯახის წევრები მიდიან მამაკაცთან და აძალებენ, რომ ცოლად მოიყვანონ, თუმცა კაცის შემთხვევაში ესე არ ხდება. როგორო ფიქრობთ, ეს მამაკაცის დისკრიმინაცია არის?

- არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცების მიმართ აგრესია დიდია, მაგრამ არატრადიციული ორიენტაციის ქალების მიმართ ასეთივე აგრესია არ არის, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს მამაკაცების დისკრიმინაცია?



საკითი სტუდიაში სტუმართან, ბლოგერ ირინა ტორონჯაძესთან ერთად განიხილეს. სწორედ სტუმარი იყო გადაცემის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც მონდომებით ცდილობდა შეკამათებოდა წამყვანების სექსისტურ დამოკიდებულელებს.

გადაცემაში მთავარ თემას არაერთხელ გადაუხვიეს და სიცილით ისე განიხილეს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის, ოჯახში ძალადობის საკითხები, რომ მაყურებელთა ნაწილს შესაძლოა, დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ იუმორისტულ გადაცემას უყურებდა.

წამყვანები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით, პრობლემები არ არის. მაგალითად, როცა სტუმარი ამბობს, რომ ქალებს და კაცებს ერთ პოზიციაზე თანაბარ ანაზღაურებას არ აძლევენ, წამყვანი გურამ შეროზია მას „არგუმენტირებულად“ ეკამათება და ეუბნება: „10 - ამდე კომპანიაში მიმუშავია და არსად ასე არ ხდება“.

აღსანიშნავია ამავე წამყვანის კიდევ ერთი შეკითხვა: „მაინტერესებს, რამდენად არის კაცების დისკრიმინაცია როცა აღვნიშნავთ ქალთა დღეს, დედების დღეს, ან განვიხილოთ მხოლოდ ქალთა სახეები და არ განვიხილოთ მამაკაცთა სახეები? (...) თუ ყველა დღე ქალების უნდა იყოს, მაშინ ერთ ტელევიზიაში და ერთ გადაცემაში რომ იყოს კაცების დრო, რა დაშავდება მაგით“.

„გარკვეულწილად, ფემინისტური ჯგუფების მიერ ხდება პროპაგანდა, თუ რას ნიშნავს ფემინიზმი, ხშირად მოგვისმენია, რომ ფემინიზმი გულისხმობს არა თანასწორობას, არამედ იმას, რომ კაცი არის რაღაც ესეთი ცუდი ტიპი, რეალურად თუ ჩაუჯდებით და ჩემს ბლოგებს თუ გადახედავთ, მე ყოველთვის ვღაღადებ იმას, რომ მე თვითონაც ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც ქალი იყო ლიდერი“.

ამ დროს საუბარში მეორე წამყვანი ხუმრობით ერთვება: „თუ ატყობთ, გურამი ცოტა შეშინებულია“.

ერთი სიტყვით, მსჯელობა ვერ გასცდა ზედაპირულ განხილვას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ წამყვანებს გენდერული საკითხების შესახებ არა მხოლოდ ბაზისური ცოდნა, არამედ თემის მიმართ მინიმალური მგრძნობელობაც არ აქვთ. მაშინ როცა ქვეყანაში გენდერული თანასწორობა, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, ფემიციდი, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო დროს კაცების დისკრიმინაციაზე საუბარს უთმობს. არადა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ თემის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა მოეთხოვება საკუთარი ეთიკის კოდექსითა და პროგრამული პრიორიტეტებით, რომლის თანახმადაც, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს მრავალფეროვნება ისე, რომ „ ხელი შეუწყოს კონსტრუქტიული დიალოგის და განვითარებაზე ორიენტირებული, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას“.

ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ