ქორწილი საბავშვო ბაღში - თემის მედიაგაშუქება
14.11.2016
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში ჩატარებული საქორწილო რიტუალი, რომელშიც ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიასაშუალებების უმეტესობამ თემა ისე გააშუქა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც რიტუალის სცენები იყო ასახული, ან საერთოდ არ გამოაქვეყნა, ან გამოაქვეყნა ისე, რომ ბავშვების სახეები დაფარა. თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალებამ ვიდეო პირდაპირ, რედაქტირებისა და ბავშვების სახეების „დაბლარვის“ გარეშე გვიჩვენა. მათ შორის იყვნენ ონლაინგამოცემები, sazogadoeba.ge, droni.ge ტელეკომპანია იმედის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ და TV პირველის დილის გადაცემა. მოგვიანებით Sazogadoeba.ge-მ ვიდეო წაშალა, droni.ge-ზე კი მასალა დღესაც იძებნება.

არის თუ არა აუცილებელი, რომ ამ ტიპის მასალაში ბავშვები იდენტიფიცირებულნი არ იყვნენ? რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თავად ვიდეოში მონაწილე ბავშვებისთვის მასალის ტირაჟირება? რატომ მიიღეს რედაქციებმა ბავშვების იდენტიფიცირების, ან პირიქით, მათი დაფარვის გადაწყვეტილება? ამ საკითხებზე მედიაჩეკერი თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს და ბავშვთა უფლებების სპეციალისტებს ესაუბრა.

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ნინო ჯაფარიძე მედიაჩკერთან საუბარში ამბობს, რომ ვიდეოს გამოქვეყნებამდე რედაქციაში ბევრი იმსჯელეს. იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეოკადრები უკვე უამრავ ადამიანს ჰქონდა ნანახი სოციალური ქსლების მეშვეობით, მათაც გადაწვიტეს, რომ მასალა პირდაპირ, რედაქტირების გარეშე გაეშვათ და ბავშვის სახეები არ დაუფარავთ.

მასალაში ბავშვების იდენტიფიცირებაში პრობლემას ვერ ხედავენ droni.ge- შიც:

„ვიდეო სახეების დაფარვის გარეშე გამოვაქვეყნეთ, რადგან ითქვა, რომ ეს იყო ბაღის ოფიციალური პროგრამა, საქმე არ გვქონდა არანაირ კანონდარღვევასთან, შესაბამისად, ვერ ვხედავთ პრობლემას ვიდეოს ამ ფორმით გამოქვეყნებაში. გარდა ამისა, ეს ვიდეო ისედაც ნახა უამრავმა ადამიანმა სოციალური ქსელების მეშვეობით. არ მგონია ჩვენი მასალა იმაზე უფრო ზიანისმომტანი იყოს ბავშვებისთვის, ვიდრე ის, რაც ვიდეოშია აღწერილი, ანუ ის, რაშიც ბავშვები ბაღის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ . ის, რომ ბავშვები ასეთ აქტივობაში მონაწილეობდნენ, მშობლებმაც იცოდნენ, თვითონაც იღებდნენ და სოციალურ ქსელებში ტვირთავდნენ ამ ვიდეოებს, შესაბამისად, პრობლემას ვერ ვხედავთ“, ამბობს ელა ლიონიძე, droni.ge -ს რედაქტორი. მედიაჩეკერის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ვიდეოს გამოქვეყნებაზე ნებართვა თავად ამ ბავშვების მშობლებისგან, droni.ge- ს რედაქტორი პასუხობს, რომ ყველა მშობლისგან ნებართვას ვერ აიღებდნენ.

განსხვავებულია TV პირველის გადაცემა „საქმიანი დილის“ პროდიუსერის ეკა ბაშარულის პოზიცია. ის ფიქრობს, რომ მათ მასალაში ბავშვების იდენტიფიცირება შეცდომა იყო: „ვფიქრობ, რომ ჯობდა, ვიდეო იმ ფორმით არ გაგვეშვა, რა ფორმითაც გავუშვით და ბავშვების სახეებიდაგვეფარა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ვიდეომ მოიარა სოციალური ქსელები, ფაქტობრივად ყველამ ნახა და რამდენად ჰქონდა აზრი, რომ ჩვენ დაგვეფარა და ისე გაგვეშვა, არ ვიცი. როცა ბაღში ქორწილის ინსცენირების შესახებ გავიგეთ, სიმართლე გითხრათ, აღვშფოთდით. დავუკავშირდით, ბაღების სააგენტოს, სადაც ამბობდნენ, რომ ქორწილის ინსცენირება ბავშვების სურვილით მოხდა. ფაქტობრივად, მხოლოდ ბავშვებს ბრალდებოდა მომხდარი. მივიჩნიეთ, რომ ამ ამბავში მთავარი სწორედ ეს იყო და აქცენტიც ამაზე გავაკეთეთ და ბავშვების დაფარვის საკითხი გამოგვრჩა…კარგად არ გვიმსჯელია, როგორ გაგვეშვა ვიდეო - ბავშვების იდენტიფიცირებით, თუ იდენტიფიცირების გარეშე. მომავალში, ვეცდებით, რომ ასეთ შემთხვევებში, ჩვენს მასალებში ბავშვების იდენტიფიცირება არ მოხდეს“.

Sazogadoeba.ge-ს რედაქტორი თეა მაჭარაშვილიც ფიქრობს, რომ ვიდეოს პირდაპირ, სახეების დაფარვის გარეშე გამოქვეყნება შეცდომა იყო: „იმ დღეს, როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, ვერ გავაკონტროლეთ სიტუაცია, არ ვიყავით ადგილზე… ბუნებრივია, არანაირად არაა სწორი მსგავსი ტიპის ინფორმაციის ასეთი ფორმით გაშუქება, არც ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ამიტომ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს, ვიდეო წაშლილია, მოხდა შეცდომა და ამაზე მზად ვართ მოვისმინოთ კრიტიკული შენიშვნებიც ".

გამოცემა ON.ge - ზე კი ინფორმაცია ვიდეოკადრების გარეშე გამოქვეყნდა. სიახლეს ვიდეოდან მოჭრილი ფოტო (ე.წ. სქრინშოთი) ერთვოდა, რომელშიც ბავშვების სახეები დაფარული იყო.

თაზო კუპრეიშვილი, ON.ge-ს რედაქტორი: "ჩვენი მთავარი მოტივატორი, რატომაც ვიდეო არ გავუშვით იყო ის, რომ სრულად ვერ დავბლარავდით იმ კონკრეტულ მომენტში, რადგან დროში ვიყავით შეზღუდული. პლუს, ამბის გადმოსაცემად და საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისი იყო ის ფოტო, რაც გამოვაქვეყნეთ. ფოტოს დაბლარვა, პირველ რიგში, გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ დაგევცვა ბავშვების ინტერესი. როცა სპეციალისტებს ვესაუბრეთ, მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ შესაძლოა ეს იყო ძალადობის გარკვეული ფორმა, რადგან ეს ინციატივა, დიდი ალბათობით, იყო უფროსებისგან თავსმოხვეული, რადგან ეს იყო საბავშვო ბაღის პროგრამაში და არ იყო თავად ბავშვებისგან წამოსული. ბავშვებმა შესაძლოა მართლაც ითამაშონ სხვადასხვა სახის როლური თამაშები, თუნდაც ოჯახობანა და ეს ნორმალურია, თუმცა სპეციალურად ცერემონიის მოწყობა უფროსების მიერ, ამ შემთხვევაში ბაღის მიერ, არ შეიძლება აღქმული იყოს ამ ბავშვების ნებად. ასეთი იყო იმ სპეციალისტების მოსაზრება, ვისაც ვესაუბრეთ და ვიდეოს არგაშვების, ფოტოზე კი ბავშვების სახეების დაფარვის გადაწყვეტილება ამ მოტივით მივიღეთ.

ვიდეო გამოაქვეყნა Palitra.tv-მაც, თუმცა ისე, რომ ბავშვების სახეების დაფარვით.

გიორგი გიორგაშვილი, Palitra.tv-ს რედაქტორი: „სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ვიდეოში მნიშნველოვანი მისი შინაარსი იყო. არ არსებობდა არანაირი საჭიროება, მაყურებელს ბავშვების სახეები ენახა. რაც შეეხება ზიანს, საფრთხეებს: ვიცით, რომ ბავშვებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მედიას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ ციფრულ სამყაროში, რომელსაც არაფერი ავიწყდება, მედია ტოვებდეს რაიმე ტიპის ვიზუალურ, თუ ტექსტურ ინფორმაციას ბავშვზე, რომელსაც შესაძლოა, დღეს არ შეექმნას სტრესი მასზე, ან მისი მონაწილეობით გამოქვეყნებული მასალის გამო, თუმცა უნდა დავუშვათ, რომ ერთი შეხედვით ისეთმა "უწყინარმა ვიდეომაც" კი, როგორიც საბავშვო ბაღში გამართული საქორწინო ცერემონიაა, ზრდასრულ ასაკში მიაყენოს რაიმე ზიანი, შეუქმნას დისკომფორტი“.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ როცა მედია ასეთი დილემის წინაშე დგება, აუცილებელია კარგად გაიაზროს ყველა ის რისკი ან ზიანი, რაც შესაძლოა მის მასალაში მონაწილე პირებს მიადგეთ: „ცხადია, ამგვარმა საკითხმა შიდასარედაქციო ფილტრები უნდა გაიაროს, გამოქვეყნებამდე რედაქციამ უნდა იმსჯელოს, რა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, ხომ არ არის მედიაპროდუქტი ზიანის მომტანი მონაწილე ბავშვებისთვის, არის თუ არა საჯარო ინტერესი ბავშვების იდენტიფიცირებაში? მეორე საკითხია, რომ ზოგადად, ბაღში ნებართვის გარეშე ვერავინ შევა და ვერ გაესაუბრება ბავშვებს. მედია უნდა ფიქრობდეს, რატომ არსებობს ამგვარი წესი? რას ემსახურება მისი არსებობა? სანამ გამოაქვეყნებს მასალას, მედიას ამ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ფორმით გაავრცელოს ინფორმაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კეთილსინდისიერი აუდიტორიის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბავშვები რომლებიც ვიდეოკადრებში ჩანან, რეალურად, გახდნენ დაცინვის ობიექტები თავად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ აქტივობას ესწრებოდა და ეს კადრებშიც ნათლად ჩანს. ის მედიასაშუალებები, რომლებმაც დაფარეს ბავშვები, ჩემი აზრით, მოიქცნენ ძალიან მაღალეთიკურად. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ვინც არ დაფარა, ის რადიკალურად არაეთიკურად მოიქცა. უნდა გამოვიდეთ ვიდეოს კონტექსტიდან. ვიდეოში რასაც ვხედავთ, ეს არ არის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. მეორე მხრივ, ცხადია, არსებობს საჯარო ინტერესი, იმის შესახებ, თუ რა ხდება ბაღებში, მაგრამ საერთოდ არ არის საზოგადოების ინტერესი, ვიცოდეთ რომელი ბავშვია ამ აქტივობის მონაწილე. მთავარი აქ არის თავად ამბავი და არა ის, კონკრეტულად ვინაა ვიდეოში გამოსახული, შესაბამისად, ვფიქრობ რომ ასეთი ვიდეოს მედიაგაშუქებისას, ბავშვების დაფარვა იქნებოდა უკეთესი“.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ