გადაუმოწმებელი ინფორმაცია „იმედის დროში“
27.02.2017
26 თებერვალს „იმედის დროში“ გასული სიუჟეტის მიხედვით, პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მისი ბეჭედი და ფაქსიმილიე დაიკარგა. ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე და თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილზე დაყრდნობით გავრცელდა. სიუჟეტში რელევანტური წყაროების მხრიდან არ დასტურდება ბეჭდის დაკარგვის ისტორია, არ ჩანს ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა.

სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, წამყვანმა სხვა არხის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა:

„სასულიერო პირების მეგობრობა ჟურნალისტებთან, ცალკეული ჟურნალისტების კავშირი პატრიარქის დაცვასთან და ჭეშმარიტების სახელით გავრცელებული ე.წ. ობიექტური ინფორმაცია მრევლს აბნევს, ბერში კი უნდობლობას აჩენს. „იმედის დროს“ წყარო ამბობს, რომ დაჯგუფებებს შორის ერთ-ერთი ფრთის დამცველი პატრიარქის დაცვის უფროსია. სწორედ, სოსო ოხანაშვილმა დაიწყო დამოუკიდებელი თამაში საპატრიარქოს კარზე. ვის სასარგებლოდ, ამ კითხვაზე დღეს პასუხი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ მიერ შეთავაზებულ პირდაპირ ეთერზე დაცვის უფროსმა, რომელიც საპატრიარქოს მიღმა აღმოჩნდა, სამდღიანი ფიქრის შემდეგ უარი განაცხადა. თავშეკავების მიზეზად მომავალში დაგეგმილი პრესკონფერენცია დაასახელა, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი ჟურნალისტისთვის გამართა, ან გაამართინეს. ჩვენ ვეძებთ ფაქტებს, რომლის პოვნაც ძალიან რთულია. იცვლება პატრიარქის დაცვა, მდივანი პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს იკარგება პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი".

სიუჟეტი კი, რომელიც ამ შესავალ ტექსტს მოსდევდა, თეოლოგი რესპონდენტის, გიორგი ტიგინაშვილის სიტყვებით იწყება: „ბეჭედი არის, ფაქტობრივად, უზენაესი ხმა კათოლიკოს პატრიარქისა“. თეოლოგის განმარტების შემდეგ, ჟურნალისტის ტექსტს ვისმენთ: „ვინ მოიპარა პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე? - ამ კითხვაზე პასუხი უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ ნივთების გაქრობა პატრიარქის გერმანიაში წასვლას ემთხვევა“.

თეოლოგი ამბობს, რომ „ილია მეორეს ბეჭედი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში ვაკანტური თანამდებობის შესავსებად გამოიყენეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე დაინიშნა“, ანუ, სანამ პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, მისი ბეჭედი და ფაქსიმილიე მოიპარეს და მეუფე გერასიმე ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიის დორებით მმართველად დანიშნეს.

რატომ მოიპარეს ბეჭედი - ამ საკითხზე სიუჟეტში კიდე ერთი ვარაუდი ისმის: „ბეჭდის და ფაქსიმილეის მოპარვა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში ყოფილიყო პატრიარქის ანდერძის გაყალბებასთან“ - ამბობს ჟურნალისტი და ამ ვარაუდის ავტორად „ანონიმურ წყაროს“ ასახელებს და ამატებს, რომ თეოლოგიც იმავე აზრზეა.

ბუნდოვანი დარჩა, რატომ არის თეოლოგი რელევანტური წყარო, რა კავშირი აქვს მას საპატრიარქოსთან, მან რატომ შეიძლება იცოდეს ბეჭდის დაკარგვის ისტორია, ან თუ იცის, რაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას, რატომ არის საინტერესო ანონიმური წყაროს ვარაუდი, რომ ბეჭედი ანდერძის გასაყალბებლად მოიპარეს, რას ეფუძნება ეს ვარაუდი და საერთოდ, რატომ ითქვა ფაქტის სახით, რომ ბეჭედი და ფაქსიმილიე მოიპარეს, მაშინ როცა, სიუჟეტში წარმოდგენილი არ არის არც ერთი რელევანტური წყარო თუ დოკუმენტი, რომელიც ინფორმაციას დაადასტურებს. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ სურდა მოეპოვებინა საპატრიარქოდან ინფორმაციის უარმყოფელი, ან დამადასტურებელი კომენტარი.

სიუჟეტის გასვლიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, 21:09 წუთზე ჩაერთო „იმედის“ ეთერში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძე, რომელსაც გადაცემის წამყვანმა, ჩართვიდან 10 წუთის შემდეგ (21:20), ჰკითხა ბეჭედთან, ფაქსიმილიესთან და მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში დანიშვნასთან დაკავშირებით. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უარყო ყველა ის ინფორმაცია, რაც დაახლოებით საათნახევრის წინ, არხმა ფაქტის სახით გაავრცელა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ