როგორ გაშუქდა "რუსთავი 2 -ის" საქმე ტელემედიაში
03.03.2017
2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ საქმეზე იმსჯელა და კომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მთელი დღის განმავლობაში, სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

მედიაჩეკერი დააკვირდა, როგორ გაშუქდა საკითხი მაუწყებლების პრაიმტაიმში (20:00 – 00:00 სთ ). რუსთავი 2-ის თემა ტელემაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებშიც პირველ ამბად მოხვდა. ტელეკომპანია პირველი და რუსთავი 2 საინფორმაციო გამოშვებების ნაცვლად, სპეციალური გადაცემებით, პირდაპირი ეთერით გავიდნენ (რუსთავი 2 „არჩევანით“, ხოლო ტელეკომპანია პირველი „დღის ამბებით“). დანარჩენმა არხებმა თემა საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია „რუსთავი 2 - ის" საქმე პირველ ამბად მოხვდა. გამოშვება უზენაესი სასამართლოდან ჟურნალისტის ჩართვამ გახსნა, რომელმაც დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები მოკლედ შეაჯამა. წამყვანისა და ჟურნალისტის მიერ აღინიშნა, რომ აქციაში მონაწილეობას რუსთავი 2 -ის მხარდამჭერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იღებდნენ.

ჩართვაში აღინიშნა, რომ „პირველი, ვინც (აქციაზე) ღია მიკროფონით ისარგებლა, გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სახე გია ბარამიძე. სიტყვით მიმართეს აქ შეკრებილებს სხვა ლიდერებმაც. აქციას მსვლელობით შემოუერთდა "ევროპული საქართველო", ყოფილი ნაციონალები. აქ იყვნენ 9 პოლიტიკური ძალისგან შემდგარი საბჭოც“ - ამბობს ჟურნალისტი. ჟურნალისტმა საკოორდინაციო საბჭოს, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გარდა, აქციაში მონაწილე სხვა პარტიები არ დააკონკრეტა, ამ პარტიების წარმომადგენლების აზრი ვერც სინქრონებში მოვისმინეთ.

გარდა "რუსთავი 2 ის" წარმომადგენლებისა, სიუჟეტში ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ბარამიძის, "ევროპული საქართველოს წევრის" გიგა ბოკერიას განცხადებები. მოვისმინეთ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის პოზიციაც.

მოგვიანებით კი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, გადაცემის მსვლელობისას თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ და მაყურებელს გადაწყვეტილების შინაარსი გააცნეს, უზენაესი სასამართლოდან ჟურნალისტი ისევ ჩაერთო, რომელმაც განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტელეკომპანიასთან გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო გამოშვებაში, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სატელეფონო ჩართვების სახით, ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ადვოკატებმაც შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, გამოშვების ბოლოს კი „მოამბემ“ მაყურებელს ქიბარ ხალვაშთან სატელეფონო ინტერვიუც შესთავაზა.

მოამბის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სერიალი „ველვეტი“ გავიდა. საინფორმაციო გამოშვების გარდა, პრაიმ ტაიმში (20:00 -23:00) საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რუსთავი 2 - ის საქმეზე არაფერი თქმულა.

„იმედი“

„ქრონიკა 20 საათზე“ ეთერში საათ-ნახევრის განმავლობაში იყო. აქედან 23 წუთი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესა და არხის მხარდასაჭერ აქციებს დაეთმო. აქციის შესახებ მომზადებულ მასალაში წამყვანებმა და ჟურნალისტმა არაერთხელ ახსენეს, რომ აქციას მხარს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები უჭერდნენ.

ნანა ლეჟავას შესავალი ტექსტი: „სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერები ოპოზიციურ პარტიებთან და მხარდამჭერებთან ერთად დღეს უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ და იქ ელოდებოდნენ განჩინების გამოცხადებას. სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართული აქცია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გახსნა“.

ლევან ჯავახიშვილის შესავალი ტექსტი: „ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოუწოდებდნენ მოსამართლეებს მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება“.

ის, რომ აქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გახსნა, სიუჟეტში კიდევ ერთხელ გაიმეორა ჟურნალისტმა:

„აქცია საგანგებო მიმართვით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ გახსნა. ბარამიძის გამოსვლას საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ირაკლი ღლონტის და პაატა დავითაიას გამოსვლები მოჰყვა“.

მოგვიანებით კი, ამავე სიუჟეტიდან, კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რუსთავი 2 - ის მხარდამჭერ აქციაზე აქტიურობდნენ ევროპული საქართველოს ლიდერებიც“.

სიუჟეტის ავტორმა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მოძებნა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გოგლიჩიძეც, რომელიც სიუჟეტში აქციის მონაწილეებისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა:

„ეს არის ე.წ. შეთითხნილი საქმე, თითქოსდა იდევნება თავისუფალი სიტყვა. თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი აზრის გამოთქმას დღეს საქართველოში არაფერი არ ემუქრება, ეს არის აჟიტირებული თემა,“ - აღნიშნავდა რესპონდენტი.

აქციის შესახებ მომზადებულ მასალაში, გარდა რუსთავი 2-ის თანამშრომლების სინქრონებისა, ყოფილი და ახლანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კომენტარები მოხვდა. ტელეკომპანიას მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია აქციის მონაწილე სხვა ოპოზიციური პატიებისა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების პოზიციები, წამყვანიც და ჟურნალისტიც აღნიშნავდნენ, რომ აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ სიუჟეტში არ იყო სხვა პარტიების კომენტარები, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ „რუსთავი 2-ს“ მხარს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო უჭერს.

20:23 წუთზე, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, "ქრონიკამ" მაყურებელს გადაწყვეტილების ტექსტი გააცნო. მოგვიანებით კი, „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის, მისი ადვოკატისა და ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებიც შესთავაზა. 20:51 წუთზე საინფორმაციო გამოშვებაში უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიდან ჟურნალისტი ჩაერთო, რომელმაც მაყურებელს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებიდან კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კომენტარები შესთავაზა.

„ქრონიკის“ შემდეგ „იმედის“ ეთერში სერიალი „ნამსხვრევები“, გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსი“, და "გრიფით საიდუმლო“ გავიდა. „ქრონიკის“ გარდა, პრაიმ ტაიმში, იმედის ეთერში, რუსთავი 2 -ის საქმეზე არაფერი თქმულა.

მაესტრო

„რუსთავი 2“- ის საქმე მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველ ამბად გააშუქა ტელეკომპანია მაესტრომაც. „კონტაქტი რვაზე“ საათ-ნახევარს გაგრძელდა. თემაზე საუბარი ამ შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოდან ჟურნალისტის ჩართვით დაიწყო, რომელმაც სასამართლოსთან დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები მოკლედ შეაჯამა. ჟურნალისტის ჩართვას სიუჟეტი მოჰყვა, რომელიც ნიკა გვარამიას ხალვაშისადმი მიმართვით დაიწყო. ტელეკომპანიის წარმომადგენლების შემდეგ, ფაქტი ნაციონალური მოძრაობის, ევროული საქართველოს და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პოზიციებიც. საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, წამყვანმა უზენაესი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო აუდიტორიას. გარდა ამისა, “რვიანმა“ მაყურებელს ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, რუსთავი 2 -ის იურისტის და ქიბარ ხალვაშის სატელეფონო ჩართვებიც შესთავაზა.

„მაესტროს“ პარიმტაიმში საკითხის აღარ მიბრუნებიან.

TV პირველი

ტელეკომპანია პირველი 21: 16 წუთზე ეთერში „დღის ამბების“ სპეციალური გამოშვებით შევიდა და მთელი გადაცემა რუსთავი 2 -ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიეძღვნა. 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საგანგებო და უწყვეტ რეჟიმში ვისმენდით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, სტუდიაში დიანა ტრაპაიძე და ნინო ჟიჟილაშვილი მუშაობდნენ, ხოლო რუსთავი 2-ის შენობასთან მიმდინარე აქციის შესახებ ინფორმაციას ვახო სანაია აწვდიდა მაყურებელს. ტელეკომპანიის ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში გვაცნობდნენ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ შეფასებებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

გელა ბოჩიკაშვილი

ნატალია ვახტანგაშვილი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ