“ანტიქრისტეს ბეჭდის” ალტერნატივის ძიება “იმედის დროში”
29.03.2017
26 მარტის „იმედის დროის“ სიუჟეტი ელექტრონულ პირადობებს ეხებოდა. სიუჟეტში წარმოჩენილი იყო საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის შიშები, თუმცა, კითხვები, რომელსაც ჟურნალისტი ე.წ. ID ბარათების შესაძლო “სატანისტურ წარმომავლობასთან” დაკავშირებით სვამდა, უპასუხოდ დარჩა.

დაახლოებით 13–წუთიანი სიუჟეტის პირველი 7 წუთის განმავლობაში, მოქალაქეები და სასულიერო პირები საუბრობდნენ ელექტრონული პირადობის “სატანისტურ წარმომავლობასა” და “არაქრისტიანულობაზე. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ალტერნატიული აზრი, რომელიც გააქარწყლებდა ადამიანთა ნაწილის ცრუ წარმოდგენებს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ, ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე.

სიუჟეტში რესპონდენტებისგან ისმოდა ფრაზები, რომ “ეს არის რეპეტიცია ეშმაკის ბეჭდის დასმამდე”, “სურათის გადაღების დროს ხდება ანტიქრისტეს ბეჭდის დასმა შუბლზე”, “კოსმოსიდან გაგაკონტროლებს მთავრობა” და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი სიუჟეტის მთავარი სათქმელი - თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი მომზადება, ჟურნალისტი ირიბად აკისრებდა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, რომელიც თითქოს მოქალაქეებს ID ბარათების “ალტერნატივას არ სთავაზობს”. სწორედ ამ კითხვას სვამს ჟურნალისტი სიუჟეტის ფინალში: “ID ბარათი კომფორტია და აქვე უნდა ვიკითხოთ, ამ საყოველთაო კომფორტის ფონზე, ირღვევა თუ არა იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ID ბარათისა და შესაბამისად, პენსიის, შემოსავლის, სოციალური დახმარებისა და კიდევ ძალიან ბევრი სერვისის გარეშე ცხოვრობენ”.

ჟურნალისტს სიუჟეტში არაფერი უთქვამს იმ მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობაზე, რომლებიც პირადი გადაწყვეტილებით არ იღებენ ელექტრონული პირადობის მოწმობას, ამის საშუალებას საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არ აძლევენ, რის გამოც ისინი რჩებიან არაერთი სერვისის გარეშე, მათ შორის სკოლის ატესტატის, დაზღვევის და ა.შ.



მოქალაქეების ნაწილის მთავარი შიში ეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის ჩიპს და ბიომეტრიულ პასპორტს. ისინი აქცენტს სწორედ ამ ორი დეტალის “ეშმაკისეულ” წარმომავლობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მათ მიღებას სიკვდილი ურჩევნიათ.

ჟურნალისტს სიუჟეტში არ განუმარტავს მკაფიოდ, თუ რას წარმოადგენს ტექნიკურად ბიომეტრიული ფოტო, რატომ არის ის აუცილებელი თანამედროვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტისთვის, ასევე, რა ფუნქცია აქვს რეალურად პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ჩიპს.

“იმედის დროს” სიუჟეტში, ასევე იყო მანიპულაციური, ცრუ განცხადებები სასულიერო პირების მხრიდან, რაც ასევე არ განუმარტავს ჟურნალისტს, არ აუხსნია, რომ ამ განცხადებას შეიძლება შეცდომაში შეჰყავდეს ადამიანთა ნაწილი.

მაგალითად, ერთ–ერთი ვიდეო ფრაგმენტში, რომელიც ჟურნალისტმა გამოიყენა, სასულიერო პირი მრევლს უხსნის, თუ რას ნიშნავს ID ბარათი:

“I ინგლისურად ნიშნავს “მე” D – დემონს, ანუ დემონი ვარ”.

სინამდვილეში, ID ბარათი არის ინგლისურენოვანი Identity Document-ის, ანუ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოკლე დასახელება და მას არანაირი კავშირი არ აქვს დემონთან.

მართალია სიუჟეტის მეორე ნახევარში, ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობა, სინოდის და ორი სასულიერო პირის მოკლე განცხადებებით წარმოეჩინა ალტერნატიული აზრი, რომ ელექტრონული პირადობების მოწმობებთან მსგავსი დამოკიდებულება ფანატიკურია და არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან, თუმცა საერთო ჯამში, ეს არ იყოს საკმარისი საკითხის სრულყოფილად, ყოველმხრივ წარმოსაჩენად. სიუჟეტის დროის აბსოლუტური უმრავლესობა დაეთმო ფაქტებით გაუმყარებელი მოსაზრებების, ცრურწმენებს ტირაჟირებას, საკმარისად არ იყო წარმოდგენილი კონტრარგუმენტები, არ იყო ახსნილი, რეალურად რა ფუნქცია აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობას, ბიომეტრიულ ფოტოსა და პასპორტს.

რა არის ბიომეტრიული ფოტო?

ბიომეტრული ფოტო არის თანამედროვე სტანდარტების დოკუმენტის ფოტო, სადაც ადამიანის ისეთი ბიოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა კანისა და თვალის ფერი, სახის ფორმები და ა.შ, უნდა იყოს მკაფიო და უფრო დეტალური, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტო. სწორედ ეს გამოარჩევს მას ჩვეულებრივი ფოტოსგან. მის გადაღებასა და შემდეგ ამობეჭდვას, ფოტოაპარატისა და პრინტერის არასწორი პარამეტრების გამო, ხშირად კარგად ვერ ახერხებენ ფოტოსტუდიები. სწორედ ამის გამო, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ელექტრონული პირადობის მოწმობისთვის, მისი გადაღება მხოლოდ იუსტიციის სახლებში განთავსებულ ფოტო კიოსკებშია შესაძლებელი. ეს აპარატი ფოტოს გადაღებისას ადამიანის ორგანიზმზე არანაირ კვალს არ ტოვებს.

რა არის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩიპი?

ის, რაც ბიომეტრიულ პასპორტსა და თანამედროვე ელექტრონული პირადობის მოწმობას საერთო აქვს და რაც მათ განასხვავებს ძველი დოკუმენტებისგან, არის მცირე ზომის მეტალი – მიკროპროცესორი, ანუ ჩიპი.

ჩიპი განთავსებულია პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ზედაპირზე. აღნიშნულ ჩიპს ერთადერთი ფუნქცია აქვს – მასზე ელექტრონულად დატანილია ის ინფორმაცია, რაც ხილულად ისედაც ჩანს ქაღალდის დოკუმენტზე. ეს არის დაბადების თარიღი, ვინაობა და სხვა მონაცემები. გარდა ამისა, ჩიპზე დატანილია თითის ანაბეჭდები. ჩიპზე არსებული მონაცემების წაკითხვა სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოთია შესაძლებელი.

რატომ არის აუცილებელი ბიომეტრიული ფოტო, ბიომეტრიული პასპორტი და ელექტრონული პირადობის მოწმობა?

ბიომეტრიული დოკუმენტები, კომფორტზე მეტად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის გამო არის მნიშვნელოვანი. ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, უფრო მარტივი გახდა ფოტოებისა და დოკუმენტების გაყალბება. სწორედ ამიტომ დადგა მსოფლიოს დღის წესრიგში პირადობის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტების შექმნა, რომელიც გაყალბებისგან მაქსიმალურად იქნება დაცული. ჩიპზე დატანილი მონაცემების გაყალბება კი ისეთი მარტივი და არ არის, როგორც ჩვეულებრივი ქაღალდის დოკუმენტის. ამჟამად სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა სწორედ ბიომეტრიულ პასპორტებს გასცემს თავის მოქალაქეებზე.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ