უვიზო მიმოსვლის უარყოფითი კონტექსტი ანტიდასავლურ მედიაში
28.03.2017
ონლაინ გამოცემების ნაწილმა, რომელიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების ამბავი ცალსახად უარყოფით კონტექსტში გააშუქა. ამ მედიასაშუალებების სარედაქციო წერილები, სტატიები და ინტერვიუები, ძირითადად იმ რამდენიმე მესიჯის გარშემო ტრიალებდა, რის გამოც, მათი აზრით, უვიზო მიმოსვლა ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. მედიაჩეკერი გთავაზობთ იმ ძირითად გზავნილებს, რასაც ანტიდასავლური ონლაინ მედიასაშუალებები თავიანთ მკითხველს აწვდიდნენ.

“უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს მუშახელის გადინებას”

ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებას პირდაპირ უკავშირებს ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინებას და “ქვეყნის დაცლას”.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქინფორმმა გამოაქვეყნა ინტერვიუ თავის რედაქტორთან, არნო ხიდირბეგაშვილთან, რომელიც მან გამოცემა Eurasia Diary-ს მისცა. აღნიშნულ სტატიაში ხიდირბეგაშვილი ამბობს: “უვიზო მიმოსვლის უარყოფით მხარეებზე თუ ვილაპარაკებთ, ვშიშობ, ის ქვეყნიდან მოსახლეობის, კვალიფიციური მუშახელის გადინებას გამოიწვევს, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა”. “საქინფორმის” რედაქტორს აღნიშნული პარალელით შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი - არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს, სხვა არაერთი სარგებლის გარდა, აქვთ მუშაობის უფლება ევროკავშირის ქვეყნებში. მათთვის ევროპის სამუშაო ბაზარი ღიაა, რაც საშუალებას აძლევს მათ, იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს ექვსთვიან პერიოდში 90-დღის ხანგრძლივობით უვიზოდ გადაადგილებას გულისხმობს და არ ითვალისწინებს მუშაობისა და სწავლის უფლებას. საქინფორმის რედაქტორი ასევე ამტკიცებს, რომ რადგან მუშაობის უფლება არ ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს, “ევროპაში ჩვენ იძულებული ვიქნებით, დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დავსაქმდეთ, მაგალითად - მომვლელებად, დამლაგებლებად. ჭურჭლის მრეცხავებად”.

მსგავსი მოსაზრებების გასამყარებლად, საქინფორმმა გაავრცელა გაზეთ ასავალ-დასავალში, გასულ წელს პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელიც გაჯერებულია შეურაცხმყოფელი დისკრიმინაცული ტექსტით. ჭაჭია ასევე ამტკიცებს, რომ “უმუშევარი ახალგაზრდობა ევროპის ქვეყნებს მიაწყდება, ოფიციალურად მუშაობის უფლების არქონის გამო, გადავა არალეგალურ მდგომარეობაში და შავი სამუშაოების შესრულებით შეეცდება ფულის შოვნას”. პოლიტოლოგი ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის გამო, საქართველო თურქეთისთვის “იაფფასიანი მეძავების” მიმწოდებელია, ევროპაში კი საქართველოს “ბანდიტების ქვეყანად” იცნობენ.

მედიასაშუალებამ, “საქართველო და მსოფლიომ”, ამავე კონტექსტში გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია “ქართველების გადინების გეგმაზე”: “ელიზბარ ჯაველიძე: ეს ყველაფერი არის საქართველოდან ქართველების გადინების მიზანმიმართული გეგმა, რომელიც წლების წინ შემუშავდა”.

“უვიზო მიმოსვლა თუ სოხუმი და ცხინვალი”

ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უვიზო მიმოსვლის გაშუქებისას გამოიკვეთა, არის საქართველოს კონფლიქტური რეგიონების პრობლემით მანიპულირება. მედიასაშუალებების ნაწილი, სოციალური პრობლემების მსგავსად, უვიზო მიმოსვლას უპირისპირებს ისეთ სენსიტიურ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება სოხუმსა და ცხინვალში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკის” ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ გამოაქვეყნა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან, სადაც ის ამბობს: “ევროპასთან უვიზო რეჟიმის ფაქტი პოზიტიურია, მაგრამ ეს ატეხილი აჟიოტაჟი უადგილოა. რადგან ეს არის მოკლევადიანი, თანაც არასამუშაო ვიზები. და, მეორე, ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალი კი არ დაგვიბრუნებია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია წავიდე სოხუმსა და ცხინვალში არა უცხოელის სტატუსით, არამედ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში დავდივარ, ვიდრე პარიზში ან ბრიუსელში წავიდე. პარიზში სიარული კი მიყვარს, მაგრამ ცხინვალი და სოხუმი მირჩევნია”.

“საქართველო და მსოფლიომ” უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის წინა დღეს, 27 მარტს გამოაქვეყნა ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან სათაურით: “ნიკოლოზ მჟავანაძე: ქართველი ხალხის დაკვეთა ის კი არ იყო, რომ პრემიერის თვითმფრინავი ბრიუსელში დაშვებულიყო, ქართველი ხალხის ოცნება იყო სოხუმთან და ცხინვალთან დაახლოება”.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების კონტექსტში, უვიზო მიმოსვლის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს აღვივებს “საქართველო და მსოფლიო” გულბაათ რცხილაძესთან გამოქვეყნებულ მცირე ზომის ინტერვიუში, სადაც რცხილაძე ამბობს: “მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს ეს არ შეცვლის და არანაირი დადებითი ძვრები კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამას არ მოჰყვება. ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ არ გამოჩნდება, რომ ეს ვიზალიბერალიზაცია რამე სიკეთის მომტანია ჩვენთვის; და არაფრის მომტანი რომ არაა, ამას უკვე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. საერთოდ, ხელისუფლებამ ამ საკითხით მანიპულირებისგან და რაღაც მოლოდინების შექმნისგან თავი უნდა შეიკავოს”.

“ხალხი გაჭირვებულია, რა დროს უვიზო მიმოსვლაა”

კიდევ ერთი გზავნილი, რომელსაც ემყარება ანტიდასავლური პროპაგანდა, არის აპელირება ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და იმის ხაზგასმა, რომ ხელმოკლე ადამიანები მოგზაურობას “მაინც ვერ შეძლებენ”.

უვიზო მიმოსვლასა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ადარებს ერთმანეთს ინტერნეტ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”. 10 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა წერს: “ნაწილი ტორტისა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის მომდევნო ეტაპის წარმატებით დასრულების გამო გაჭრეს; აი, იმ გაყინული დედა–შვილისთვის (იგულისხმება ბათუმში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი. ავტ.) რომ გაემეტებინათ, ეგებ არც კი გაყინულიყვნენ.

იმავე სტატიაში ავტორი არაერთხელ უპირისპირებს მძიმე სოციალურ ყოფას უვიზო მიმოსვლას, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, უვიზო მიმოსვლა არის ყველა პრობლემის სათავე. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიო” წერს: “ჰო, გასაგებია, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ოჯახის გაყინვა და სიკვდილი რა სახსენებელია”.

სააგენტო “სპუტნიკის” ქართულმა ფილიალმა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, “სპუტნიკის მკითხველთა უმრავლესობა ევროპაში წასვლას არ აპირებს”.

კიდევ ერთი მედიასაშუალება, რომელმაც უვიზო მიმოსვლის მინიჭება უარყოფით კონტექსტში გააშუქა, სააგენტო “ივერიონია”. მაგალითად, სტატიაში “ჰამლეტ ჭიპაშვილი: არ ვართ ჩვენ ევროპელობის ღირსი!”, საუბარია ქვეყანაში არსებულ იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რის გამოც, სტატიის ავტორის აზრით, საქართველო “არ იმსახურებს ევროპას”.

ძირითადად შეურაცხმყოფელი ტექსტებით გაჯერებული მასალით გამოეხმაურა სააგენტო “თბილისი 24” უვიზო მიმოსვლას. ამ მასალაში, ძირითადად, თავმოყრილია უცენზურო ფეისბუკ პოსტები, სადაც ავტორები ლანძღავენ იმ ადამიანებს, ვისაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გაუხარდათ, ან რაიმე წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. ამ მედიასაშუალებამ რამდენიმე კვირის წინ, უვიზო მიმოსვლა დაუკავშირა საქართველოში თითქოს, სირიელ ლტოლვილთა ბანაკების განთავსების ვალდებულებას, რაც სიცრუე იყო.

რუსეთის ფაქტორი

მაშინ, როცა უვიზო მიმოსვლის ოფიციალურად ძალაში შესვლამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა, ანტიდასავლურმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს სტატიების მომზადება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო მინიჭებაზე.

“საქართველო და მსოფლიოს”, “სპუტნიკის”, საქინფორმისა” და სხვების სტატიების საინფორმაციო საბაბი, ამ შემთხვევაში, იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებები. აღნიშნული ცნობების მიხედვით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის და “ლავროვმა არ გამორიცხა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება”.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ