რუსული პროპაგანდისტული მესიჯები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
16.03.2017
16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კაცების დროში“ საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნის პერსპექტივაზე ისაუბრეს. "ლტოლვილთა ვნებანი" - გადაცემა ასე იყო დასათაურებული. საუბრისას არაერთხელ აღინიშნა, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამი, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ლტოლვილთა ბანაკების აშენების საკითხი ევროკავშირის საზღვრებს მიღმა, მაგალითად, ბალკანეთსა და საქართველოში, შესაძლოა ევროკავშირის სატყუარა იყოს და ვიზის ლიბერალიზაციის სანაცვლოდ, საქართველოს ლტოლვილთა ბანაკების აშენება მოუწიოს. საკითხი სტუდიაში პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან და ისტორიკოს პაატა ჩიქოვანთან ერთად განიხილეს.

წამყვანის შესავალი:

„ჩვენ ამ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ასეთი განცხადება, რომ კარგი იქნება, რომ საქართველოში განთავსდეს ლტოლვილთა ბანაკები. ბუნებრივია, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, გამოითქვა ბევრი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, თავად ბატონი სებასტიანი, ვინც ახსენა, თქვა, რომ საერთოდ მე ეს არ ვიგულისხმე, საქართველო საერთოდ სხვა კუთხით ვახსენე და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენთვის გახდა ინსპირაციის საგანი და შთაგონების საგანი, რომ ვისაუბროთ ლტოლვილთა მიღების ცენტრებზე“.

მეორე წამყვანი აქვე ცდილობს დააზუსტოს, ვინ სებასტიანზეა საუბარი: „ჯობს დავაზუსტოთ ვინ სებასტიანზეა საუბარი, ეს არ არის იოჰან სებასტიან ბახი, ეს იყო... ვინ სებასტიანზეა საუბარი?“ - მიმართავს კითხვით სტუმარს, რომელიც განგვიმარტავს, რომ საუბარია სებასტიან კურცზე, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრზე. მისგანვე ვიგებთ, რომ ის ახლაგაზრდა და თანაც ფლეიბოია.

გადაცემაში ისმის ის მესიჯები, რაც რამდენიმე დღის წინ პრორუსულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. კურცის განცხადება გადაცემაში დაკავშირებულია ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან და ისეა წარმოჩენილი, თითქოს, ევროკავშირი საქართველოსგან ვიზის ლიბერალიზაციის სანაცვლოდ, ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობას ითხოვს.

წამყვანი: „ხომ არ არის რაღაცა ტიპის საფასური, აი თქვენ ვიზა ლიბერალიზაცია მიიღეთ, მალე ვთქვათ შემობრძანდებით ევროპულ თავისუფალ ზონაში და აი ამის გამო ... ჩვენ ქართველებს ლოჯების მიშენება გვიყვარს და ამ ლოჯის მაგვარ რაღაცას ხომ არ გულისხმობს, იმ სატყუარასთან რაც მანამდე არის“- ჟურნალისტის ეჭვებს საფუძვლიანს უწოდებს სტუმარი მამუკა არეშიძეც.

ამ საკითხს მამუკა არეშიძე კიდევ ერთხელ ბალკანეთის კონტექსტშიც შეეხო:

„მან (კურცმა) ახსენა დასავლეთ ბალკანეთი, იგულისხმა სერბეთი. მე უკვე ველაპარაკე სერბ კოლეგებს და ნუ იქ არიან დასაბმელები. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და ამის გამო ყველაფერს, რასაც უნდათ გვეუბნებიან, გვავალებენო“. ამავე სტუმრისგან მოგვიანებით, ისმის შფოთვა, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ეთნიკური სიჭრელის გამო:

„კრიტიკულმა მასამ პლეხანოვზე უკვე მიაღწია, მე არ ვამბობ რომ ისინი კრიმინალები არიან, მაგრამ ჭრელია ძალიან“, აღნიშნა სტუმარმა და ჩამოთვალა, რა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი დაამატა: „ამ პატარა ქუჩაზე ყველაფერი არეულია“ - სტუმრის დისკრიმინაციულ გამოხატვას წამყვანებისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დისკრიმინაციული ენის ტრიბუნად იქცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსულ მედიაში აქტიურად ისმოდა პროპაგანდისტული მესიჯი, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ვიზის ლიბერალიზაციის სანაცვლოდ ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობას ითხოვდა. ერთ-ერთი პირველი მათ შორის იყო Gazeta.ru, რომელმაც ინფორმაციის დასტურად მოიყვანა რუსეთის დუმის სენატორის, ალექსეი პუშკოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული იმავე შინაარსის განცხადება. უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ, ბანაკების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ქართული გამოცემების ნაწილმაც გამოაქვეყნა.

Gazeta.ru-ს შემდეგ, ეს ინფორმაცია თითქმის ყველა ძირითადმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა, მათ შორის NTV-მ, Russia Today-მ და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, რუსული მედია ეყრდნობოდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მიერ გერმანულ გაზეთ ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ლტოლვილთა ბანაკების აშენების საკითხი ევროკავშირის საზღვრებს მიღმა, მაგალითად, ბალკანეთსა და საქართველოში. თუმცა, ინტერვიუში არსად არ არის ნახსენები, რომ ეს საქართველომ უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ უნდა გააკეთოს.ეს კავშირი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსი სენატორისა და რუსული მედიის ინტერპრეტაცია.

რუსული მედიის ამ ნარატივს მიჰყვა რამდენიმე ქართული მედიასაშუალებაც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: “ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის, ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”.


ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ