სიყვარულიდან სიძულვილამდე – როგორ შეიცვალა ტრამპის იმიჯი ანტიდასავლურ მედიაში
15.05.2017
ჯერ კიდევ მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და გამოირჩეოდა არაპოლიტკორექტული განცხადებებით, ასევე რუსეთთან თანამშრომლობის ღია მოწოდებებით, მას რუსული მედია, ძირითადად, დადებითად აშუქებდა. იბეჭდებოდა სტატიები ისეთი სათაურებით, როგორიცაა “ჩვენი ტრამპი”, “ჩვენი საიმედო ტრამპი” და ა.შ.

სულ რაღაც სამი-ოთხი თვე გახდა საჭირო, რომ რუსულ მედიაში ამ განწყობების შეცვლა თვალშისაცემი გამხდარიყო და ამას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო აშშ-ს მიერ სირიაზე პირველმა ავიაიერიშმა, ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის ესკალაციის საფრთხემ და იმ არაერთმა ნაბიჯმა, რასაც კრემლში ტაშით არ შეხვდნენ. რუსული მედიის ამ დღისწესრიგს მიჰყვება ქართული ანტიდასავლური მედიასაშუალებების ნაწილი. მათ თავიდან ტრამპი წარმოაჩინეს როგორც ლიბერალების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების, ასევე არასამთავრობოებისა და ნატოს მტერი. მისი პრეზიდენტობის მეოთხე-მეხუთე თვეს კი აღმოჩნდა, რომ ტრამპი არც გეი ქორწინების გაუქმების მომხრეა, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის გამო რუსეთთან დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ასევე, მან ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც კრძალავს ამერიკის ბიუჯეტიდან უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგე ქვეყნების დაფინანსებას. სწორედ ამ ფაქტების შემდეგ, მედიის ნაწილმა, რომელიც ტრამპს “გმირს” უწოდებდა, აშშ-ს პრეზიდენტის “საგანგაშო დიაგნოზის” კვლევა და მისი ფსიქიკური სიჯანსაღის ეჭვქვეშ დაყენება დაიწყო.

აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება რუსული და ქართული მედიის რაოდენობრივ ანალიზს, თუმცა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში და იმ დროიდან ოთხი-ხუთი თვის შემდეგ დაწერილ არაერთ სტატიაში თვალსაჩინოა იმ განწყობების ცვლილება, რაც ანტიდასავლურ მედიასაშუალებებში მოხდა.

ტრამპისა და ანტიდასავლური მედიის “თაფლობის თვე”

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო მარათონი იყო, ანტიდასავლური მედიასაშუალებების ნაწილი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, უარყოფით კონტექსტში აშუქებდა და მას ხშირად უკავშირებდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილს სააკაშვილს, რითაც ხაზს უსვამდა დონალდ ტრამპის უპირატესობას. მაგალითად, 2016 წლის ივლისში, თავისივე გამოცემასთან ინტერვიუში, “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგაშვილი ამბობს, რომ “აშშ-ში ჰილარი კლინტონის გამარჯვება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას უდრის”. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპი “პუტინის გაბრაზებას მოერიდება”.

“საქინფორმის” სხვა სტატიებშიც მკვეთრად უარყოფითადაა გაშუქებული აშშ-საქართველოს შორის 2016 წლის ივნისში გაფორმებული “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია”. გამოცემა ამტკიცებს, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ამ დოკუმენტს აღსრულება არ უწერია.

“საქინფორმმა” არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას სტატია მიუძღვნა საზეიმო სათაურით “გამარჯვების დღე”, სადაც ტრამპსა და ივანიშვილს შორის შემდეგი პარალელებია გავლებული: “ბიძინა ივანიშვილმა შემთხვევით როდი დაარქვა პარტიას ქართული ოცნება, ხოლო დონალ ტრამპმა თავისი პირველი გამოსვლა ამერიკულ ოცნებას მიუძღვნა”; “ორივე მათგანი თავის სამშობლოს აყვავებაზე მეოცნებეა”; “ტრამპი ინგლისურად კოზირს ნიშნავს: აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი ის კოზირი იქნება, რომელიც ამერიკასა და რუსეთს გამარჯვებას მოუტანს”.

“საქინფორმის” გარდა, პირველ ეტაპზე, ტრამპს დადებითად აშუქებდა “საქართველო და მსოფლიოც”. აღნიშნულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატიები სათაურებით “გრანტიჭამიების” გასაჭირი, ანუ რას მოუტანს საქართველოს დონალდ ტრამპის გამარჯვება?”, “ტრამპის ვირუსი – ვინ დაუსვამს საბოლოო წერტილს ევროკავშირს?”; “ტრამპი: გეი ქორწინება ბოროტებაა, მისი ადგილი ამერიკაში არაა, ამერიკა ეკუთვნის ღმერთს”; “ტრამპის სიტყვამ ულტრალიბერალებს თავზარი დასცა” და ა.შ.

ამ სტატიებში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ტრამპი ბრძოლას არასამთავრობოების, ნატოს, ევროკავშირის, სექსუალური უმცირესობებისა და არაქრისტიანების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი სიცრუე, ან მანიპულაციაა. მაგალითად, დონალდ ტრამპმა ღიად თქვა, რომ აშშ-ში გეი ქორწინების საკითხი გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ და მას ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

ანტიდასავლური მედიასაშუალებები დონალდ ტრამპს მუდმივად დადებით კონტექსტში აშუქებდნენ რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ნათქვამი პოზიტიური განცხადებების გამო, ასევე, უკრაინის კონტექსტში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის ტენდეცია, რაც რუსულ მედიასაშუალებებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა: რუსულ სახელისუფლებო მედიაში, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპი დადებითად გაშუქდა, სწორედ პუტინის მიმართ მის მიერ ნათქვამი ფრაზები იყო, ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინის საკითხიც.

კერძოდ, რუსულმა მედიასაშუალებებმა 2016 წლის სექტემბერში დაწერეს, რომ ტრამპმა უკრიანის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უარი უთხრა შეხვედრაზე, იგივე გაიმეორა ზოგმა ქართულმა გამოცემამ. რუსული მედიის თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის განიხილავს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აღიარებას. ამ შემთხვევაშიც იგივე გაიმეორა “საქინფორმმაც”.

ანტიდასავლურ ქართულ მედიაში, მათ შორის TB24-ზე, ჩნდებოდა არაერთი ისეთი ცნობა, როგორიცაა მაგალითად, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციების გაუქმების განზრახვა და ა.შ.

რუსული ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი დონალდ ტრამპის არჩევის პირველივე დღეებში სიხარულს ვერ მალავდა და უძღვნიდა სტატიებს შემდეგი სათაურებით: “ჩვენი ტრამპი”; “ჩვენი საიმედო ტრამპი”; “და მოვიდა “მამა ტრამპი: რატომ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი ის, ვინც ოჯახური ღირებულებების მომხრეა და ეწინააღმდეგება კონფრონტაციას რუსეთთან”; “კეთილი იყოს მობრძანება ახალ სამყაროში”; სენატორმა ტრამპი “პროგრესული დასაწყისის მომტანად” შეაფასა და ა.შ.

“თაფლობის თვის” დასასრული

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტისა და ქართული ანტიდასავლური მედიის თაფლობის თვე დიდხანს არ გაგრძელებულა. მსგავსი მედიასაშუალებები მალევე მიჰყვნენ რუსული მედიის დღის წესრიგს და დაიწყეს ტრამპის “გადაფასება”, რასაც წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უძღოდა: ტრამპის ბრძანებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირი ავიაიერიში მიიტანა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სახელისუფლებო ძალებზე, რამაც კრიტიკულად დაძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, გარდა ამისა, ტრამპმა რუსეთს არც სანქციები გააუქმა, არც ყირიმის რუსეთში შესვლა აღიარა, პირიქით – ხელი მოაწერა ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც აიკრძალა აშშ-ს ბიუჯეტის ფულის დახმარების გაცემა იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსულ მედიაში ტრამპისგან განხიბვლის ერთ-ერთი სიმპტომი მისი ოჯახის წევრების, კერძოდ, სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის ჯორჯ სოროსთან კავშირის ძებნა აღმოჩნდა. რუსული სახელმწიფო მედია ასევე დაინტერესდა, თუ რამდენს ხარჯავს ამერიკის პრეზიდენტი თვითმფრინავით გადაადგილებაში, გარდა ამისა გაისმა კრიტიკა სირიაში ასადის პოზიციებზე ავიაიერიშების მიტანის გამო.

ქართული ანტიდასავლური მედია უფრო შორს წავიდა: მათ დონალდ ტრამპის ფსიქიკური სიჯანსაღის კვლევა დაიწყეს. “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “საგანგაშო დიაგნოზი, რომელიც ფსიქიატრებმა ტრამპს დაუსვეს, ძალიან ჰგავს ლიტველი ექიმების მიერ სააკაშვილისთვის დასმულ დიაგნოზს”. მართალია, აღნიშნული პუბლიკაცია ერთ-ერთი ბრიტანული ტაბლოიდიდან არის ნათარგმნი, თუმცა მედიასაშუალების განწყობის წარმოსაჩენად, არცთუ უმნიშვნელოა.

სულ უფრო აქტუალური გახდა ტრამპის “საბრძოლო სულისკვეთებაზე” უარყოფით კონტექსტში საუბარი და მისი შედარება პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან (უმცროსი) მისი საომარი მისწრაფებების გამო. სირიაზე ავიაირეიშის მიტანაზე აღნიშნულმა მედიასაშუალეამ დაწერა, რომ “ტრამპის არგუმენტები სირიის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!”, “საქინფორმმა” კი აღნიშნული ქმედება შეაფასა მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან ტრამპზე ზეწოლის შედეგად. TB24-მა კი ფაქტს “აგრესია სუვერენულ სახელმწიფოზე” უწოდა. “საქინფორმმა” ასევე მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ტრამპის მიერ ბიუჯეტის ხელმოწერა, რომლითაც აიკრძალა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის არაამღიარებელი სახელმწიფოების დაფინანსება. მედიასაშუალება წერს: “საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს პრეზიდენტ ტრამპის იძულებით დათმობასა და უბრალო პოლიტიკურ პიარსსვლას, სირიაზე აშშ–ის სარაკეტო იერიშის მსგავსად, რომელიც მიმართულია „კრემლისა და პუტინის მიმართ მისი ზედმეტი სიმპატიების“ მითის გაქარწყლებისკენ.”

როგორც ჩანს, ქართულ ანტიდასავლურ და რუსულ სახელისუფლებო მედიას ერთი ნაბიჯიც არ დასჭირვებია, რომ მათი აღტაცება ტრამპით, მის მიმართ სკეპტიციზმითა და აუტანლობით შეცვლილიყო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ