„ასავალ-დასავალის“ ალტერნატიული რეალობა აფგან მუხთარლის საქმეზე
07.03.2017
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იყო დევნილი და თავს საქართველოში აფარებდა, დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, გაიტაცეს, რაშიც მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა.

ჟურნალისტის გატაცების ამბავი თითქმის ყველა მედიასაშუალების, მათ შორის, პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა მედიაჩეკერის სამონიტორინგო გაზეთებიდან „ასავალ - დასავალი“ იყო ის გამონაკლისი, რომელმაც აფგან მუხთარლის გატაცების ამბავი სრულიად განსხვავებულ კონტექსტში შემოგვთავაზა და ალტერნატიული „რეალობა“ გვაჩვენა. გაზეთში გამოკვეთილი მესიჯების ძირითადი აქცენტებია რომ:

  • აფგან მუხთალი საქართველოში ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშა ორგანიზაციის წევრია
  • შესაბამისად, არ არის ჟურნალისტი;
  • და ამიტომ არ ღირს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაფუჭება.

ამ „მხილებების“ საილუსტრაციოდ, გაზეთი 12-18 ივნისის ნომერში წერს: „ის უბედურ დღეზე გაჩენილი აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის სპეცრაზმში მსახურობდა და კაცის დაჭერასა თუ მიტინგების დარბევაში სპეცმომზადებას გადიოდა, ჟურნალისტი არასოდეს ყოფილა“.

ვერსიის უფრო მეტად გასამტკიცებლად და ასევე, მუხთარლის საშიშ პიროვნებად წარმოსაჩენად , გაზეთში გამოქვეყნებულია რესპონდენტების ასეთი ციტატები: „აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი მუხთარლი არაერთხელ არის მხილებული ფულის გამოძალვის მიზნით აზერბაიჯანის მთავრობის წევრთა დაშანტაჟებაში“. სტატიებში ბუნდოვანი რჩება, რას ეფუძნება ბრალდებები.

გარდა ამისა, მრავლად შევხვდებით რესპონდენტების მტკიცებით ფორმაში გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მუხთარლის მრავალჯერ გადაულახავს უკანონოდ ქვეყნის საზღვარი და ბოლო შემთხვევაც მსგავსი იყო, რომლის დროსაც დაიჭირეს, ხოლო მისი აზერბაიჯანში გადასვლის ძირითადი მიზანი ალიევის ოპოზიციის წარმომადგენლებისათვის ფულის გადაცემა იყო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ-ერთი ძირითადი მესიჯი, რითიც გაზეთი აპელირებს ქვეყნებს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა: „როცა აზერბაიჯანი შენი სტრატეგიული პარტნიორია და მეზობელი სომხეთისგან განსხვავებით, ოფიციალური ბაქო, დევნილი ქართველების აფხაზეთში დაბრუნებას მხარს ულაპარაკოდ უჭერს, აფგან მუხთარლის გამო მოკეთესთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს!“ - ვკითხულობთ გაზეთში.

გაზეთი ნეგატიურად აფასებს ჟურნალისტების მიერ გამართულ სოლიდარობის აქციებს: „ძაღლმეშოკებო, ძაღლიც მიგაკვდათ მეშოკში!“- სტატია ამ სათაურით გამოქვეყნდა. „ალისტრახოები ხართ თქვენ, ელისტრახოები, კვესისტრახოები, ჩერგოსტრახოები, გაბუნსტრახოები და სულ „ტრახოები“ და „ტრახოები“- კითხულობთ სტატიაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ