06.06.2017
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხს პირველი მარტიდან დღემდე, სულ რამდენიმე სტატიით შეეხო. ამ საკითხზე გამოქვეყნებული ყველა მასალა, არის ქსენოფობიური. გაზეთის ძირითადი მესიჯებია რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვა არის„ანტიეროვნული“ და „ანტიმართლმადიდებლური“ ქმედება რომლითაც: „არაბები, ჩინელები, ინდუსები და სხვები, თავიანთი ბანკების მეშვეობით, კაპიკებში დაისაკუთრებენ ქართულ მიწას და არაქართული დასახლებები წალეკავს საქართველოს“.
გამოცემის აზრით, უცხოელების ჩამოსახლებით იქმნება დემოგრაფიული პრობლემა და ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან: „კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რამოდენიმე რაიონში ჩინელების, ინდუსების, არაბების მასობრივი ჩასახლება იგეგმება! შედეგად, ზოგიერთ რაიონში დემოგრაფიული სურათი კატასტროფულად შეიცვლება და ქართველები, შესაძლოა ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ,“-ვკითხულობთ გაზეთში.
იდენტურ ტენდენციას ვაწყდებით გაზეთ „ალიაშიც“. აქაც „პრობლემად“ არის წარმოჩენილი უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის საკითხი, ვხვდებით სიძულვილის ენასა და ქსენოფობიას, რაც თავისთავად, აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ სტიგმებს და იწვევს შუღლის გაღვივებას მათ წინააღმდეგ. ნათქვამის კიდევ უფრო გასამწვავებლად, ჟურნალისტი იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ერის გადაგვარების საფრთხე“, „ქვეყნის ღალატი“ და სხვა. „ალიას“ ტექსტებშიც აქცენტი კეთდება იმაზე,რომ თუ მათ მივცემთ საშუალებას ჩვენს ქვეყანაში შეიძინონ მიწა შეიძლება, „მიცვალებულების დასამარხი ადგილიც აღარ დაგვრჩეს.“ და „იმის ნაცვლად რომ ჩვენ ადამიანური ცხოვრების პირობები შეგვიქმნან, მოგვცენ შესაძლებლობა, დავამუშაოთ მიწა, ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა, გამოვაცოცხლოთ დაცლილი სოფლები, თურმე, მთელი ქვეყანა უცხოელი ბანკირების, ჩამოსახლებული ჩინელების ინდოელების, არაბების, თურქების და ა.შ. საკუთრებად უნდა აქციონ“.
ნეიტრალურად აქვს გაშუქებული ეს საკითხი გაზეთ „კვირის პალიტრას“. ფაქტის სახით გვაწვდის ინფორმაციას საკონსტიტუციო განხილვის შესახებ და დაფიქსირებულია, როგორც გასხვისების მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე მხარის პოზიციები. რაც შეეხება, გაზეთ „ქრონიკა პლიუს“ აქ არ გვხვდება სიძულვილის ენა, არ არის ქსენოფობიური განწყობები, რომელიმე კონკრეტული ეროვნების მიმართ, მაგრამ დამოკიდებულება საკითხისადმი აშკარად ნეგატიურია და თემა წარმოჩენილია საფრთხისშემცველად: „ერთი სიტყვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის მიყიდვის ლეგალიზება სერიოზულ პრობლემებს გვიქადის,“ - ვკითხულობთ გაზეთში.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაზეთი „რეზონანსი“. პირველი მარტიდან მოყოლებულიდღემდე, ამ თემაზე 15 მასალა გამოქვეყნდა. გაშუქებისას ძირითადი მესიჯია,რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებისაკრძალვა აუცილებელია. მთავარი მოტივი, რატომაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწა არ უნდა მივყიდოთ, სტატიების მიხედვით, არის,ის, რომ მიწა“ეროვნული საუნჯე და ქართველი ხალხის სამკვიდროა“. სტატიების უმრავლესობაში არ არის წარმოჩენილი განსხვავებული პოზიციები, არ ისმის კონტრარგუმენტები, რატომ არ უნდა აიკრძალოს მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება, შესაბამისად, „რეზონანსის“ მკითხველი მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას იღებს.
პრობლემურია ასევე ის გარემოებაც, რომ სტატიების უმრავლესობის სათაურშივე უკვე იკვეთება განწყობა: „დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან!“, ან აქვე ქვესათაურად შევხვდებით, იმ რესპონდენტთან ციტატებს, რომლებიც გასხვისების წინააღმდეგი არიან: „უცხოელებზე გაყიდვა დაუშვებელია, ამაზე არც უნდა ვბჭობდეთ, რადგან მიწაზე ფასეული ქვეყნისათვის არაფერია.“ გარდა ამისა, სტატიებში ჰედლაინად არის გამოტანილი, ისეთი შინაარსის მქონე ფრაზები, რომელიც ამყარებს არგუმენტებს მიწის გასხვისების აკრძალვაზე: „მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში.“ -წერია გაზეთში.
„რეზონანსის“ ერთი სტატია კი, ქსენოფობიური გამონათქვამების წყარო იყო. სტატია შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები, ირანელები და თურქები ინაწილებენ“. თემა ცხადია „პრობლემადაა“ დასახული, საკითხის უფრო მეტად გასამწვავებლად კი ჟურნალისტს მოჰყავს რესპონდენტის ციტატა: „ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვა საშიში ტენდენციაა, ეს შეცდომა ჩვენმა წინაპრებმაც დაუშვეს თავის დროზე და დღეს არ უნდა ვიმეორებდეთ, ცნობილი ფაქტია, რომ წარსულში მაჩაბელმა ჩამოიყვანა რამდენიმე ოჯახი პირუტყვის მოსავლელად და ეს პროცესი დიდი ხნის შემდეგ დასრულდა იმით, რომ ამ ტერიტორიიდან ქართველები გამოყარეს,“ - ვკითხულობთ გაზეთში.
დასკვნის სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მკითხველს რჩება მხოლოდ ერთი არჩევანი, სჯეროდეს რომ მიწის უცხოელებზე გასხვისება ნეგატიურ ეფექტს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისათვის და საზოგადოებისათვის. გაზეთი არათუ, არ აწვდის თავის მომხმარებელს, ამომწურავ, დაბალანსებულ და ორივე მხარის არგუმენტირებულ მსჯელობას მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით, არამედ, რიგ შემთხვევებში არის ქსენოფობიური და სიძულვილის ენის წამახალისებელი.
ფოტო: http://livelihood.gov.ge