“კურიერში” ძალადობის შესაძლო მსხვერპლის პირადი ცხოვრება გასაჯაროვდა
19.07.2017
18 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გოგოზე. სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ის ამჟამად გაუჩინარებულია. მასალის ავტორი, რესპონდენტებთან ერთად, მაყურებელს უყვება 18 წლის ახალგაზრდის პირადი ცხოვრების დეტალებს, იდენტიფიცირებულია მისი ვინაობაც და უფრო მეტიც, სიუჟეტში გამოყენებულია ამ გოგოსა და მშობლების შეხვედრისას გადაღებული კონფლიქტური სცენა. რამდენიმეწამიან კადრში ჩანს, რომ ის სასოწარკვეთილია.

გოგო რომ შესაძლო ძალადობის მსხვერპლია, საუბრობენ მისი მშობლებიც. კერძოდ, მათი მონაყოლის მიხედვით, ის 17 წლის ასაკში, მოტყუებით დააქორწინეს, უფრო კონკრეტულად კი, მისმა ბიძამ “გაყიდა”. ოჯახისა და ჟურნალისტის მონაყოლის მიხედვით კი მას ქმრის ოჯახი მონურ პირობებში ამყოფებდა.

18 წლის ახალგაზრდას მამა ინტერვიუში ასევე ამბობს: “რაც ცხოვრება დაენგრა, მას მერე ვერ აზროვნებს, სანამ გათხოვდებოდა, ასეთი პრობლემები არ ჰქონდა”.

მასალაში არ არის თავად ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის კომენტარი, როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, ის გაუჩინარებულია და შესაბამისად, მაუწყებელს ვერ ექნებოდა მისგან თანხმობა, მისი პირადი ცხოვრების გასაჯაროების შესახებ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა სრულად იყო იდენტიფიცირებული, ითქვა მისი სახელი და გვარი, გვიჩვენეს ვიდეოკადრები სადაც ის ჩანდა და დეტალურად მიმოიხილეს მისი პირადი ცხოვრება.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არ დაიწყო, რადგან თავად შესაძლო დაზარალებული ძალადობას უარყოფდა. რაც შეეხება სიუჟეტის დანარჩენ ნაწილს, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამბავში აქცენტი გაკეთებულია სკანდალსა და სანახაობაზე და - არა პრობლემის არსზე, კრიტიკულად არ არის შეფასებული გოგოს ოჯახის ქმედება, არ ჩანს კომპეტენტური სპეციალისტის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არის მიუღებელი და საზიანო ადამიანის მიმართ მსგავსი მოპყრობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. საკითხი ისე უნდა გაშუქდეს, რომ ზიანი არ მიადგეს მსხვერპლს, მის შვილებსა და ახლობლებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეკომენდაციას აძლევს მედიას, რომ მოერიდოს მსხვერპლის იდენტიფიცირებას, რადგან ამან შესაძლოა, დააზიანოს მსხვერპლი.

“კარგად გააანალიზეთ, დაცული იქნება თუ არა მსხვერპლის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მის ისტორიას მოჰყვებით. რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია არათუ სახელის, გვარის და სახის დაფარვა, არამედ ისტორიის დეტალების შეცვლაც კი მოგიწიოთ”, - აღნიშნულია ქარტიის რეკომენდაციაში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში კი ვკითხულობთ:

მუხლი 34. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი

მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

მუხლი 35. 3 მაუწყებლის მიერ მასალის მოპოვების მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს პროგრამის შინაარსის პროპორციული.

მუხლი 35. 6. ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ