როგორ გაშუქდა ირაკლი კორძაიას განცხადება
18.07.2017
15 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გავიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, ირაკლი კორძაიას ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან მართლაც გაიყვანეს. რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ მერაბიშვილის გაყვანაში საქართველოს მაშინდელი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, მსჯავრდებულის გაყვანის შესახებ ინფორმაცია მას მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დაუდასტურა.

სიუჟეტი ამ თემაზე, ინტევრიუს გასვლიდან მეორე დღეს, კვირის “კურიერ P.S. -შიც” გავიდა. საკითხი ამავე დღეს გააშუქა “TV პირველის” დღის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამაც, თუმცა ვერ მოხვდა “მოამბისა” და “ქრონიკის” ვერც კვირის შემაჯამებელ გადაცემაში და ვერც ორშაბათის დღის მთავარ გამოშვებებში.

16 ივლისი, "კურიერ P.S", "იმედის კვირა", "კვირის მოამბე", "TV პირველის" დღის მთავარი გამოშვება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თემის გაშუქებას 16 ივლისის 4 საათიან გამოშვებაში 1 წთ და 16 წამი დაეთმო. აღსანიშნავია, რომ კადრ-სინქრონი ეხებოდა არა კორძაიას განცხადებას, არამედ მის განცხადებაზე ვანო მერაბიშვილის ადვოკატისა და “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის პასუხს. კახიძის სინქრონის დაწყებამდე კი წამყვანმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ადასტურებდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას. თუმცა თავად მასალაში კორძაიას განცხადებას აღარ შეხებიან და არც მისი ინტერვიუდან მოგვისმენია ნაწყვეტი.

1 წთ და 6 წამი დაეთმო იმავე საკითხის გაშუქებას “იმედზე,” 16 ივლის 2 საათიან გამოშვებაში. მასალიდან მაყურებელი ვერ შეიტყობდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ადასტურებდა, ამ ინტერვიუს შესახებ საერთოდ არაფერი თქმულა. მასალაში მხოლოდ, ოთარ კახიძის კომენტარი იყო, რომელიც ამბობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების დუმილი მოისყიდა და ხელისუფლებას, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძიების დაწყების მოთხოვნისკენ მოუწოდებდა. ირაკლი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ “იმედინიუსის” გვერდზე არის ხელმისაწვდომი.

ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, შუაღამეს, ის #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს და მიიყვანეს სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. მაშინ, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მსჯავრდებულს “ციხიდან გაყვანა მოელანდა”.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ციხიდან გაყვანის ფაქტი ნამდვილად მოხდა, რადგან:

ვანო მერაბიშვილი დამაჯერებლად და დეტალურად აღწერდა შემთხვევის დეტალებს;

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ევროსასამართლოს არ მიაწოდა ვიდეო კამერების ჩანაწერები, რასაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო ფაქტი;

მაღალი თანამდებობის პირები კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწინააღმდეგებოდნენ აპლიკანტის განცხადებების საფუძველზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას;

სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც იგი მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

სახელმწიფოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ამ შემთხვევის რაიმე სახის ყურადსაღები ახსნა.

ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასმართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ