როგორ გაშუქდა ქსენოფობიური მსვლელობა ე.წ. „ქართველთა მარში“
15.07.2017
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მსვლელობა „ქართველთა მარში“, რომლის მონაწილეებიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნას აპროტესტებდნენ, მედიის ინტერესის საგანი გახდა. თემა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში პირველივე ბლოკში გაშუქდა. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო გამოშვებების ნაწილში მარშის შესახებ ინფორმაცია და იქ გაჟღერებული დისკრიმინაციული მოწოდებები პირდაპირ, ყოველგვარი ალტერნატიული აზრის გარეშე შემოგვთავაზეს, რის შედეგადაც, ეთერი სიძულვილის ენის ტრიბუნად იქცა.

მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2–მა“ ქსენოფობიური მოტივებით გამართულ „ქართველთა მარშს“ 14 ივლისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის 4 წუთი და 30 წამი დაუთმო. ფაქტები გადმოცემული იყო მშრალად, შეფასების გარეშე. არც წამყვანის ტექსტში და არც ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვისას არ ყოფილა მკაფიო განმარტება მაყურებლისთვის, რომ ტელეარხი ემიჯნება მარშის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტთა ქსენოფობიურ მოსაზრებებს, ასევე, წარმოდგენილი არ ყოფილა ალტერნატიული მოსაზრებები და შეფასებები ამ მსვლელობის შესახებ.

„ორგანიზატორთა განცხადებით, ეს შეკრება არის ახალი, ქართული გამაერთიანებელი მოძრაობა, ლიდერების განცხადებით, ამ აქციით ისინი აფრთხილებენ ხელისუფლებას და კონკრეტულ მოთხოვნებსაც აყენებენ“, – ასეთი იყო ჟურნალისტის შესავალი ტექსტი. სიუჟეტში ასევე ჩასმულია აქციის ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის მოსაზრება: „აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს „სოროსისტული, ლიბერასტული იდეოლოგიისგან, რომელიც არის თავსმოხვეული“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.

სიუჟეტში ასევე დეტალურად იყო წარმოჩენილი ორგანიზატორთა მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში უნდა შეიზღუდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და შემოსვლის უფლება.

აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, გია კორკოტაშვილმა "კურიერის" ჟურნალისტს უთხრა: „ან შენს დედიკოს, ან შენს მეუღლეს, ან დას, ღამის ათ საათზე, ძმობას გაფიცებ, გამოუშვი რა პლეხანოვზე, აი, ხვალ, ზეგ, აი, მერე ხვალ შეიძლება ასხმული მოხვიდე და დააგდო ღორივით“. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ჩაეკითხა, მისი ოჯახის წევრს ხომ არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, რაზეც კორკოტაშვილმა უარყოფითად უპასუხა და განმარტა, რომ მას ამის შესახებ სხვისგან სმენია.

"კურიერის" წამყვანებმა სიუჟეტის დასაწყისსა და დასასრულშიც თქვეს, რომ ეს იყო „ეგრეთ წოდებული ქართველთა მარში“, რაც საკმარისი არ არის რესპონდენტების ქსენოფობიური განცხადებების გასანეიტრალებლად. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ამბების გაშუქებისას გამიჯვნა იყოს მკაფიო ან თავად ჟურნალისტის ტექსტით, ან სხვა, ალტერნატიული შეფასებების წარმოდგენით.


ასეთივე იყო თემის გაშუქება TV „პირველის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ჟურნალისტი მოვლენის ადგილიდან ჩაერთო და გაგვაცნო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, მოვისმინეთ ორგანიზატორთა ინტერვიუებიც, რაც სიძულვილის ენას შეიცავდა. მაყურებელს TV პირველმა ქსენოფობიური მარშის შესახებ ინფორმაცია და ორგანიზატორთა დისკრიმინაციული მოსაზრებები პირდაპირ, ყოველგვარი ალტერნატიული, კრიტიკული აზრის გარეშე შესთავაზა, რითიც საკუთარი ეთერი შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის ტრიბუნად აქცია.

ქსენოფობიური მარში ფართო განხილვის საგანი გახდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ „ღამის სტუდიაშიც“ , წამყვანმა ნინო რატიშვილმა ჯერ მარშის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი საკითხზე მსჯელობა სტუმრებთან, გუბაზ სანიკიძესთან და მამუკა არეშიძესთან ერთად განაგრძო. მთელი გადაცემის განმავლობაში როგორც სტუმრების, ისე წამყვანის მხრიდან ისმოდა ქსენოფობიური გამონათქვამები.

განსხვავებული იყო გაშუქება 8 საათიან „მოამბესა“ და „ქრონიკაში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მართალია, აჩვენებს ქსენოფობიური მოწოდებების შემცველი ინტერვიუები, მაგრამ პირდაპირი ჩართვის შემდეგ, წამყვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაუწყებელი ემიჯნება და არ ეთანხმება მასალაში გაჟღერებულ მოწოდებებს.


„ქრონიკაში“ რედაქცია ამ ფორმით არ გამიჯვნია ქსენოფობიას, თუმცა, აღმაშენებლის გამზირიდან ჟურნალისტის ჩართვისა და მარშის მონაწილეთა ინტერვიუების შემდეგ, მაყურებელს შესთავაზეს ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის, „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის და EMC-ს წარმომადგენელ ნონა ქურდოვანიძისა კომენტარები, რომლებიც აკრიტიკებდნენ გამართულ მარშს და პირდაპირ უწოდებდნენ მას ქსენოფობიურს, ისინი ხაზს უსვამდნენ მსვლელობისა და რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კავშირს. შესაბამისად, „ქრონიკას“ მარში და იქ გაჟღერებული ქსენოფობია უალტერნატივო აზრად არ შეუთავაზებია საკუთარი აუდიტორიისთვის.


როგორ უნდა გააშუქოს მსგავსი საკითხები მედიამ ისე, რომ არ იქცეს სიძულვილის ენის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის ტრიბუნად? მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე -7 მუხლში განმარტებულია, რომ ჟურნალისტმა არათუ თავად არ უნდა გამოიყენოს დისკრიმინაციული გამონათქვამები, არამედ რესპონდენტებსაც არ უნდა მისცეს სიძულვილის ენის ტირაჟირების საშუალება. მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებები არ არის მედიასაშუალების პოზიცია, ჟურნალისტმა კრიტიკული კითხვები უნდა დაუსვას რესპონდენტს.

ისეთი საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობისას, როგორიც 14 ივლისის ქსენოფობიური მარშია, მნიშვნელოვანია, რომ გაშუქება მხოლოდ ფაქტის მშრალი აღწერით და მონაწილეთა ქსენოფობიური მოსაზრებების ტირაჟირებით არ შემოიფარგლოს, მედიასაშუალებამ ან მკაფიოდ უნდა გამოხატოს თემის მიმართ სარედაქციო მიდგომა, აღნიშნოს, რომ მსვლელობა ქსენოფობიური შინაარსისაა, თქვას, რომ რედაქცია ემიჯნება მის შინაარსს, ან სულ მცირე, მაყურებელს სხვა რესპონდენტების საშუალებით მაინც უნდა შესთავაზოს ალტერნატიული პოზიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთიკური სტანდარტების მიხედვით, ეთერი გამოყენებული იქნება შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციული ენის ტირაჟირებისთვის.

ფოტო: On.ge
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ