უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტიგმატიზება „იმედის დილის“ სიუჟეტში
04.07.2017
„არასრულწლოვნებზე ძალადობის შესაძლო ფაქტი,“ - ასე ერქვა სიუჟეტს, რომელიც „იმედის დილის“ ეთერში 4 ივნისს გავიდა და საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მეზობლები არასრულწლოვნების გაშიშვლებასა და ფოტოების გადაღებაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ამ მოქალაქეების ეროვნებას კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მიმართ აგრესიის ასარიდებლად,“ - თქვა გადაცემის წამყვანმა სიუჟეტის დაწყებამდე, თუმცა კადრებში სრულად იყვნენ იდენტიფიცირებულნი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სიუჟეტის მიხედვით, ძალადობის შესაძლო ფაქტთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩანდა მათი საცხოვრებელი კორპუსი და ბინის ნომერიც, მოგვიანებით კი, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობელი ინტერვიუს მსვლელობისას ამ მოქალაქეების ეროვნებასაც ამბობდა. „ერთ-ერთი ბავშვი ჩვენთან საუბარში ყვება, თუ როგორ დააღწიეს მან და მისმა მეგობრებმა თავი უცხოელებს,“ - თქვა ჟურნალისტმა და ერთ-ერთ არასრულწლოვანთან ინტერვიუც შემოგვთავაზა (ბავშვი დაფარული იყო), რომელიც ყვებოდა, როგორ შეუყვანეს ის სახლში და გახადეს მაისური.

სიუჟეტიდან ისმოდა მუქარაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მისამართით: „გაყარეთ ესენი აქედან, სანამ სისხლი არ დაიღვარა,“ - ამბობდა რესპონდენტი. მასალაში პირებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირდაპირ ბრალდებოდათ ბავშვებზე ძალადობა. გარდა ამისა, ბუნდოვანი დარჩა, რატომ გაესვა ამდენჯერ ხაზი, რომ ისინი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, რა საჯარო ინტერესი არსებობდა ამ დეტალის მიმართ.

იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ნეგატიური განწყობები შეიმჩნევა, რამდენიმე დღეში კი „ქართველთა მარში“ იგეგმება, სადაც მოქალაქეებს ფაშისტური ტექსტით მოუწოდებენ შეკრებას და „არაბებისგან, ირანელებისგან, აფრიკელებისგან ქვეყნის გაწმენდას“ ითხოვენ, ამგვარი მედიაგაშუქება სულ უფრო საშიში და სახიფათო ხდება, რადგან ის ხელს უწყობს, ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტიგმატიზებას და საზოგადოებას მათ მიმართ ნეგატიურად განაწყობს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 31: „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე“.

მუხლი 33: „მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი“.

მუხლი 48: „მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაული ან გამოიწვიოს საზოგადოებრივი არეულობა და ანტისოციალური ქმედება. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის“.

მუხლი 49: 1.მაუწყებლმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათი ან ანტისოციალურ ქმედებას. 2.დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 50: დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა: ა) არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს;

ბ) მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს საგამოძიები ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს,
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ