29.06.2017
„ეს სიკვდილის სარეცელზე, სიმსივნესთან მებრძოლი დედის უკანასკნელი სიტყვები იყო,“ - გარდაცვლილი ქალის საუბარს ჟურნალისტის ეს ფრაზა მოსდევდა, კადრში კი ჩანს, როგორ დგას ბავშვი დედის სურათთან, ანთებული სანთლის წინ.
„ის სიკვდილმა დაამარცხა, მისი შვილები კი ცხოვრების სისასტიკემ,“ - ამბობს ჟურნალისტი. სენტიმენტალური იყო ჟურნალისტის სხვა ფრაზებიც: „ლალი გადამწყვეტ ომში მარტო არ ყოფილა, მას ზურგს ოჯახი და ჩვენ, საზოგადოება, ვუმაგრებდით, მაგრამ სიკვდილმა დაგვამარცხა;“ „ბავშვებიც გრძნობდნენ დედის ცუდად ყოფნას, ლალის შვილები აძლიერებდნენ“.
ავტორი ხაზს უსვამდა, რომ „პალიტრანიუსზე“ ამავე თემაზე ადრე გასული სიუჟეტის შემდეგ, ავადმყოფი ქალი „პირადად მოინახულეს სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმა და მატერიალურ დახმარებასთან ერთად, მორალური მხარდაჭერა გამოუცხადეს“.
სიუჟეტის შუა ნაწილიდან ავადმყოფი ქალი კადრიდან ქრება და ჟურნალისტი შავ-თეთრი კადრით იმ ცარიელ საწოლს გვიჩვენებს, სადაც ქალი გარდაცვალებამდე იწვა: „ის სახლი, სადაც ლალიმ მეუღლესთან ქორწინების 10 წელი გაატარა, დღეს იმაზე მდუმარეა, ვიდრე ოდესმე,“ - ამბობდა ჟურნალისტი.
მომდევნო კადრებში ჩანს, როგორ ანთებს არასრულწლოვანი სანთელს დედის სურათთან, როგორ ტირიან ის და გარდაცვლილის მეუღლე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:
· ბავშვი არ გამოიყენოთ როგორც რაიმე ობიექტი, რომელიც უფრო სენტიმენტალურს ხდის მასალას ან ალამაზებს ეთერს;
· მოერიდეთ ბავშვის ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარმოჩენას. ხშირად, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა ჯგუფები საკუთარი პიარკამპანიისთვის, იმიჯის შესაქმნელად აქტიურად იყენებენ ბავშვებს, მიდიან მათთან და ურიგებენ საჩუქრებს. მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ამ ჯგუფებს, აწარმოონ საკუთარი პიარკამპანია ბავშვების გამოყენებით;
· ბავშვს უნდა აჩვენოთ, რომ კი არ გეცოდებათ, არამედ უსმენთ;
· ეცადეთ ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს;
· ბავშვის თანდასწრებით, არ ასაუბროთ მშობელი იმის შესახებ, თუ რა გართულებები ანდა ლეტალური შედეგი მოჰყვება ავადმყოფობის პროგრესირებას. ამან დამატებითი სტრესი შესაძლოა გამოიწვიოს;
· მოერიდეთ მძიმე ემოციური კადრების გამოყენებას;
· რაც არ უნდა მძიმე იყოს ისტორია, ეცადეთ წარმოაჩინოთ პოზიტიური დეტალებიც. მაგალითად, ყველა ბავშვს, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, აქვს ინტერესები, ჰობი. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად, უყვარს თამაში, კითხვა, ხატვა და ა.შ. მნიშვნელოვანია ამგვარი დეტალების ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოჩენაც.
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.