24.02.2015
24 თებერვალს ტელეკომპანია
„კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვება "დღეში" გავიდა მოკლე ინფორმაცია
სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესახებ.
„ეროვნული ვალუტის რეკორდული
ვარდნის გამო სააფთიაქო ქსელმა „პეესპემ“ პირველადი მოხმარებისათვის
საჭირო მედიკამენტების ფასი გააიაფა. როგორც პეესპეში აცხადებენ, იმ
მედიკამენტებზეა შემცირებული ფასი, რომელიც მოსახლეობაში ხშირი
გაყიდვით სარგებლობს, მათი თქმით, მედიკამენტებზე ფასები იქამდე არ
მოიმატებს, ვიდრე ლარის კურსი არ დასტაბილურდება"- აღნიშნავს
ჟურნალისტი თავის საკადრო ტექსტში.
ამავე მასალის სინქრონში
რესპონდენტი ამბობს: "ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გაიაფებაზე და დღესაც
ათეულობით მედიკამენტი გავაიაფეთ,", "ჩვენ უარს ვამბობთ მოგებაზე,
რათა ჩვენი საქციელით გვერდში დავუდგეთ საქართველოს
მოსახლეობას".
რესპონდენტს არ ადევს ტიტრი და
მისი ვინაობა მაყურებლისათვის უცნობი დარჩა. კადრ-სინქრონში არ ჩანს,
დაინტერესდა თუ არა მედია, რა მდგომარეობაა სხვა სააფთიაქო ქსელებში,
მათაც გააიაფეს თუ არა მედიკამენტები ან, ზოგადად, რა ვითარებაა,
ლარის კურსის ვარდნის ფონზე სააფთიაქო ბაზარზე.
მასალას არ ჰქონდა მინიშნება იმის
შესახებ, რომ ის სარეკლამოა.
ქართული კანონმდებლობა ტერმინ
„ფარულ რეკლამას“ არ ცნობს, თუმცა სარეკლამო მასალის სარედაქციო
მასალისგან გამიჯვნას არეგულირებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და
კანონი მაუწყებლობის შესახებ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად , რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და
პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.
ქცევის კოდექსის 59-ე მუხლში კი
აღნიშნულია, რომ რეკლამისა და პროგრამის შინაარსის მკაფიო გამიჯვნა
არის გადამწყვეტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აუდიტორიის მიმართ
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისათვის.
„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ
ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების
რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი
პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე“- აღნიშნულია
ქცევის კოდექსის 58-ე მუხლში.