25.02.2015
წამყვანმა აღნიშნა: "ლუდსახარშმა „ზედაზენმა“ დღეს რუსთავი 2-სა და „მარაოს“ წამყვანებს უმასპინძლა. ცნობილმა სახეებმა ახალი პროდუქტის, დიეტური ლიმონათის დამზადების პროცესი ნახეს. ლიმონათი 0 კალორიით არა მხოლოდ ჭარბი წონისგან დასაცავად, არამედ დიაბეტით დაავადებულთათვისაც არის დასაშვები".
წამყვანის ტექსტის შემდეგ რესპონდენტები ამ ლიმონათის დადებით მხარეებზე საუბრობენ. ვიდეომასალაში საუბარი არ არის სხვა კომპანიის მიერ წარმოებულ ლიმონათებზე, არის თუ არა ბაზარზე სხვა ლიმონათი დიაბეტით დაავადებულთათვის, რა განსხვავებაა მათ შორის როგორც შემცველი ნივთიერებების, ასევე ფასების მიხედვით. ვინაიდან მასალაში ყურადღება მხოლოდ „ზედაზენის“ დადებით მხარეზეა გამახვილებული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მასალა სარეკლამო ხასიათისაა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 63), რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. ამავეს იმეორებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 57-ე მუხლი. 58-ე მუხლის თანახმად კი „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე“.
ზემოთ აღნიშნულ მასალაში კი მითითებული არ ყოფილა პროდუქტის ინოვაციურობის შესახებ. მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, აქამდე ბაზარზე უკვე არსებობდა დიაბეტური ლიმონათი, თუ მხოლოდ „ზედაზენმა“ შექმნა ასეთი გამორჩეული პროდუქტი.