25.02.2015
„ირანელი ტურისტი შემოვიდა, არაფერი არა მაქვს ირანელების საწინააღმდეგო, 3 დოლარი ედო ჯიბეში, ფეხზე ეცვა სანდლები თუ რაღაცა და გამოჭრა ყელი მარიამ კოჩალიძეს, პატარა აჭარელ გოგონას. არ შეიძლება, რომ ყველამ, ვისაც მოუნდება, გამოიაროს საქართველოში. უნდა არსებობდეს რეგულაციები, ევროკავშირიც ამას ითხოვდა ჩვენგან,“- განაცხადა ძიძიგურმა.
წამყვან გიორგი გაბუნიას, ამ კომენტარის გამო, რესპონდენტისთვის არც შენიშვნა მიუცია და არც კონტრკითხვა დაუსვამს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ჯგუფის აზრით, დეპუტატის ნათქვამში ეთნიკურად ირანელები ნეგატიურ კონტექსტში იყვნენ ნაჩვენებნი. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს, ისინი საქართველოში შემოდიან უფულოდ და ხოცავენ ხალხს. მათთვის რეგულაციების დაწესებას კი ევროკავშირი ითხოვს. გარდა ამისა, კონკრეტული პირის ეთნიკური იდენტობა უადგილოდ იყო ნახსენები და მას არანაირი კავშირი არ აქვს პირის ბრალდებასთან.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას ... როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“. ამავე პრინციპის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ რესპონდენტის მიერ პირდაპირ ეთერში გამოთქმულ დისკრიმინაციულ გამონათქვამს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს.