27.02.2015
26 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში - „მაესტროს ცხრიანი“ გავიდა სიუჟეტი - "ნინო გვენეტაძის
შანსი". სიუჟეტში ჟურნალისტი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულმა
კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო
გვენეტაძეს მხარი რეგლამენტის დარღვევით დაუჭირა: "დღეს ჩვენთვის
ცნობილი გახდა, რომ გუშინ, იურიდიულ კომიტეტზე დაირღვა რეგლამენტი,
რადგან საჭირო 8 დეპუტატის ნაცვლად დარბაზში 7 კანონმდებელი
იმყოფებოდა. ეს ინფორმაცი "მაესტროს" ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიაწოდა,
რომელიც უარს ამბობს ვინაობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით. ის ასევე
გვეუბნება, რომ გუშინ კომიტეტს არ ჰქონდა უფლება, რომ ნინო გვენეტაძის
კანდიდატურისთვის კენჭი ეყარა. დღეს, ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით
კომიტეტის თავმჯდომარისაგან, უკავშირდება თუ არა ეს ინფორმაცია
სიმართლეს, თუმცა, ვახტანგ ხმალაძესთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ".
ამის შემდეგ ჟურნალისტი პარლამენტარების გამოკითხვით არკვევს, "რა
შანსი აქვს პრეზიდენტის ფავორიტს" და დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარი 25 თებერვალს
დაუჭირა. სიუჟეტში არ ჩანს, რომ ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული
ინფორმაციის დასაზუსტებლად ჟურნალისტმა "ყველა გონივრული ზომა
გამოიყენა" და ინფორმაცია საკუთარი ძალისხმევითაც მოიძია - გაარკვია,
რეგლამენტის თანახმად რამდენი პარლამენტარი უნდა დასწრებოდა სხდომას,
კანდიდატისთვის მხარის დასაჭრად რამდენი ხმა იყო საჭირო, მოიძია
ვიდეოჩანაწერი ( მითუმეტეს, რომ ამ სხდომას თითქმის ყველა
ტელეკომპანია აშუქებდა), ან ინფორმაცია იურიდიული კომიტეტის წევრებთან
გადაამოწმა.