05.03.2015
6 მარტის გადაცემის მეორე ბლოკი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის საკითხებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა. დავით აქუბარდიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა პაატა კოღუაშვილი, ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში.
„ჩადი, აბა, ბატონო, და იყიდე მიწა ერევანში. რაც სასოფლოა, რაც მწვანეა შტატი, მით უფრო გართულებულია რეგულაციები. ...სომხებმა როგორ უნდა გვასწავლონ ყველაფერი“ - განაცხადა კოღუაშვილმა. სტუმრის ამ განცხადებაზე გადაცემის წამყვანს რეაქცია არ ჰქონია.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლის #3 და #4 პუნქტებში წერია:
3. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება;
4. თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას ან ნებისმიერ სხვა ნისაქნს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.
დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეზე აღნიშნულია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ #7 პრინციპშიც, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“