09.03.2015
მასალაში ადგილობრივები ადასტურებენ, რომ სანიაღვრე სისტემის მშენებლობა დაიწყეს, თუმცა თავი მიანებეს და დღეს ეს პრობლემა კვლავ არსებობს. კადრებშიც ჩანს ატალახებული ქუჩები, დაყრილი მილები.
ჟურნალისტის თქმით, სამუშაოებს კომპანია „მშენებელი 2006“ აწარმოებდა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შეარჩია. კომპანია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გია გაზდელიანს, ეკუთვნოდა. 2012 წელს საარჩევნო კამპანიის დაწყებისას, მან წილები გაასხვისა. დღესდღეობით ოფიციალური მესაკუთრე ალუდა ჩანქსელიანია, რეალურად კი კომპანიას ზეზვა ჩანქსელიანი განკარგავს.
ჟურნალისტი ზეზვა ჩანქსელიანს დაუკავშირდა. ჟურნალისტი არ ეკითხება, რატომ შეაჩერა მშენებლობა კომპანიამ, იყო თუ არა ხელშეკრულების დარღვევა, როდის აპირებენ გაგრძელებას, აქვთ თუ არა რეაბილიტაციის გაწერილი გეგმა, სად რა სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი და რა კორექტივები შევა გეგმაში, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას შეუსრულებელი პირობების გამო, აქვს თუ არა კომპანიას რაიმე კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ნაცვლად ამისა, ზეზვა ჩანქსელიანის კომენტარის მხოლოდ ის ნაწილი ჩანს, სადაც ის ადასტურებს, რომ კომპანია 2012 წელს შეიძინა და ალუდა ჩანქსელიანი მისი ძალიან ახლო ნათესავია.
სიუჟეტის ავტორი კომენტარს გამგეობასაც სთხოვს, თუმცა კვლავაც არ სვამს კითხვებს, რატომ შეისყიდეს მომსახურება გამარტივებული წესით, რა პრინციპით შეარჩიეს „მშენებელი 2006“, ამ პროცესში ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა „ქართულ ოცნებას“ შემსყიდველის შერჩევისას, მიიჩნევს თუ არა გამგეობა, რომ დაირღვა სატენდერო პირობები, აპირებენ თუ არა კომპანია „მშენებელი 2006“-ის მიმართ სანქციების გამოყენებას. ეთერში ისმის ჟურნალისტის მხოლოდ ერთი კითხვა - მარტში თოვლი რომ მოვიდეს? სავარაუდოდ გამგეობის წარმომადგენელი (ტიტრი არ აქვს) პასუხობს, ამ შემთხვევაში გადავწევთ და აპრილის თვეში გავაგრძელებთ სამუშაოებსო.
ჟურნალსტს მაყურებლისთვის არც სატენდერო დოკუმენტაცია გაუცვნია, რა ოდენობის თანხის ტენდერი იყო გამოცხადებული, რამდენი ლარია ფაქტობრივად გადახდილი, რა პირობები იყო ტენდერისას გამოცხადებული, რა ეწერა რეალურად ხელშეკრულებაში.
სიუჟეტის ავტორს არ აღუნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გია გაზდელიანმა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მას არც ის თემა განუვრცია, დღეს აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ კომპანიას ან გია გაზდელიანს „ქართულ ოცნებასთან“.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის (მე-18 მუხლი) თანახმად, პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.