გივი სიხარულიძის ჰომოფობია, რასიზმი და სექსიზმი ambebi.ge-ზე
19.04.2015
ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა ჟურნალ „რეიტინგის“ მასალა სათაურით გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს. გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მსახიობი გივი სიხარულიძე ქალების, სექსუალური უმცირესობებისა და აფროამერიკელების წინააღმდეგ დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს.

„ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მოძველებულ ტრადიციებზე, თანამედროვე შეხედულებებსა და საკუთარ თავზე. აღმოჩნდა, რომ მისთვის ,,ტრუსიკოსნებს" (ასე უწოდებს იგი ქალებს) არაერთხელ უტკენიათ გული“ - წერს ჟურნალისტი ინტერვიუს შესავალ ნაწილში.

კითხვაზე, რატომ არ უყვარს სიხარულიძეს პოლიტიკოსი ქალები, რესპონდენტი ასე პასუხობს: „მეზიზღებიან! თახსირები არიან! ჩემთვის ქალი, პირველ რიგში, დაბადებულია დედად, ცოლად, ის ოჯახს უნდა უვლიდეს, ქმარს თავს ევლებოდეს და შვილებს პატრიოტიზმს უნერგავდეს. პოლიტიკა არის პროსტიტუცია, ხოლო იქ მოღვაწე ქალები - ''პრასტიტუტკები''.

ამ დისკრიმინაციული განცხადებების პასუხად, ჟურნალისტი რესპონდენტს შემდეგ შეკითხვას უსვამს: „ქალს თქვენთვის გული ძალიან უტკენია?“

მასალაში ისმის რასისტული გამონათქვამებიც: „ამერიკელები კი იცი, როგორ გვიყურებენ? როგორც ერს, რომელიც განვითარებით ფერადკანიანებზე დაბალ საფეხურზე დგას“- ამბობს გივი სიხარულიძე. ჟურნალისტს არც ამ გამონათქვამის შესახებ დაუსვამს კრიტიკული, დამაზუსტებელი შეკითხვა მისთვის.

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი რესპონდენტს უსვამს ჰომოფობიის შემცველ შეკითხვას, რომელსაც პასუხად რესპონდენტის მხრიდანაც ჰომოფობიური განცხადება მოჰყვა.

ჟურნალისტი: ჰომოსექსუალს ხელით შეხებიხართ?

რესპონდენტი: არასდროს, არც ვაპირებ. ზოგადად, აგრესიული არ ვარ. ხომ შეიძლება, მაგ ავადმყოფობით მეც დავბადებულიყავი? უნდა გაველახე ხალხს? აი, გეი აღლუმები კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ახალგაზრდებს გონებას ურევენ და ათახსირებენ.

ცნობისთვის, ჰომოსექსუალობა“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ” ჯერ კიდევ 1990 წელს ამოიღო დაავადებათა სიიდან.

ინტერვიუში გივი სიხარულიძის მიერ გამოთქმული რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებების პასუხად ჟურნალისტს არაფერი მოუმოქმედებია: ის არ შეკამათებია რესპონდენტს და არ დაუსვამს არც ერთი არგუმენტირებული, კრიტიკული შეკითხვა გამოთქმული განცხადებების საწინააღმდეგოდ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ