ambebi.ge: “მაგთი” აბონენტებს კარგავს“
15.04.2015
ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “მაგთი” აბონენტებს კარგავს“. მასალა „მაგთის“ თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორ “მაგთისატის” წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიებს შეიცავს.

როგორც ჟურნალისტი წერს, “მაგთიმ” მომხმარებელს, გარდა იმისა, რომ სასურველი არხი არ ჩაურთო, სხვა უსიამოვნო “სიურპრიზებიც” შესთავაზა.

სტატიაში აღწერილია, როგორ მოატყუა “მაგთისატმა” ერთ-ერთი მომხმარებელი, რომ მათი პაკეტის აღების შემთხვევაში მალე ჩაერთვებოდა “პალიტრა TV”.

გაბრაზებულმა მომხარებელმა მოგვიანებით კომპანიას მომსახურების შეწყვეტა სთხოვა:

"მაგთისატის" თეფშის მოხსნაში მომთხოვეს 30 ლარი. წარმოგიდგენიათ?! "მაგთის" უპასუხისმგებლობამ კიდევ უფრო გამაბრაზა და თეფში ჩემი ხელით ჩამოვხსენი! ასევე მოიქცნენ ჩემი მეზობლებიც - კორპუსში "მაგთისატის" თეფშები უმრავლესობამ ჩამოხსნა და სხვა საკაბელო კომპანიის აბონენტი გახდა. სხვათა შორის, "მაგთი" აბონენტებს გამომძალველივით ექცევა”.

სტატიაში საუბარია კიდევ ერთ რესპონდენტზე, რომელმაც ასევე გააუქმა “მაგთისატის” მომსახურება, რადგან “პალიტრა TV”-ს ყურების შესაძლებლობა არ მიეცა.

სტატიაში “მაგთისატის” პოზიცია არ არის შემოთავაზებული.

იმავე თემაზე, „კვირის პალიტრის“ 23-29 მარტის ნომერში, დაიბეჭდა ინტერვიუ „პალიტრა TV“-ის დირექტორ ინგა დადიანთან, სათაურით - „იმიჯის „განულების“ საფრთხე „მაგთისთვის“. მასალაში ასევე გვხვდება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის, მამუკა ანდღულაძის, კომენტარიც.

ინტერვიუში „პალიტრა TV“-ის დირექტორი „მაგთის“ შანტაჟში, მოტყუებასა და „მასთ-ქერის“ კანონის ინტერპრეტირებაში სდებს ბრალს.

„აბა, როგორ ვუწოდო „მაგთის“ სერიოზული ბიზნესპარტნიორი, როდესაც ის, წელიწადნახევარია, ფაქტობრივად, გვატყუებს“, „..თუ ერთხელ ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდა და „მაგთის“ ერთხელ „გაუვიდა“ კანონის ინტერპრეტაცია და მაყურებლების უფლების შელახვა, ეს შეიძლება გამეორდეს და მივალთ იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე, როცა ზოგიერთ ტელევიზიას გავრცელებას ხელოვნურად უბლოკავდნენ. ეს სახიფათო პრეცედენტი იქნება და „მასთ ქერის“ პრინციპი საბოლოოდ დავიწყებას მიეცემა“, - ამბობს ინგა დადიანი.

კერძო დავის ეტაპობრივი მიმოხილვისას „პალიტრა TV“-ის დირექტორი ამბობს, რომ „მაგთიმ“ სამომხმარებლო პაკეტში განთავსების სანაცვლოდ მათგან ჯერ ყოველთვიური ფულადი გადასახადი, ბოლოს კი „პალიტრამედიის“ ინტერნეტ-პორტალებზე უფასო სარეკლამო მომსახურება მოითხოვა. „ვწუხვარ, რომ „მაგთი“ შანტაჟის გზას დაადგა“, - აცხადებს ინგა დადიანი და იქვე დასძენს: „ბოლო პერიოდში წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომ „მაგთი“ არა მხოლოდ პარტნიორებთან, საკუთარ აბონენტებთანაც კი არაკეთილსინდისიერად იქცევა“.

ინტევრიუს ბოლოს არის ორი მოკლე ინფორმაცია სათაურებით: „მაგთიმ“ ყველა მოგვატყუა“ და „მაგთი“ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულეს“. პირველი ნიუსი გვაცნობს კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს მოსახლეობის პრეტენზიებს „მაგთისატის“ მიმართ“, ხოლო მეორე ნიუსი „მაგთიკომის“ მიერ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული კორპორატიული აბონენტების უფლებების დარღვევის შესახებ მოგვითხრობს.

მასალაში ასევე, მოყვანილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსის, მამუკა ანდღულაძის, კომენტარი და ამავე ორგანიზაციის განცხადებიდან ამონარიდი, რომელიც სათაურადაა გამოტანილი: „მოვუწოდებთ „მაგთის“, გაითვალისწინოს აუდიტორიის მოთხოვნა“.

თემის გაშუქებისას არსად არის წარმოდგენილი მეორე მხარის ანუ „მაგთიკომის“ პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ “მაგთისატსა” და “პალიტრა TV”-ს დღეისათვის დავა აქვთ. “მაგთისატი” “პალიტრა TV”-ს თავის პაკეტში არ სვამს.

“პალიტრა TV”-ს, გაზეთ „კვირის პალიტრას“ და ambebi.ge-ს მედიაჰოლდინგი “პალიტრა მედია” აერთიანებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ