08.04.2015
„მამუკა ხაზარაძემ და ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მამუკა ხვედელიანმა, რომელიც მხილებულია მამათმავლობაში და ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში, მას (შალვა აბულაძეს) მიუქსია კრიმინალები“- ამბობს ჩუბინიძე "მაესტროსთვის" მიცემულ კომენტარში.
მამუკა ხაზარაძის მხრიდან აბულაძის შევიწროებაზე სიუჟეტშივე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც: „ეს ყველაფერი აგორდა მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს შეეჭიდა და ხაზარაძეს რომ ვერ მოუგებდა, უნდა სცოდნოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტი ბორჯომიდან.
სიუჟეტში არ არის წარმოჩენილი იმ პირების პოზიცია, რომელთაც რესპონდენტები საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ. არ ჩანს მედიასაშუალების მცდელობა, რესპონდენტებთან დაკავშირებისა. გარდა ამისა, ერთ-ერთი რესპონდენტის მიმართ გამოყენებულია სიძულვილის ენა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის #12 და #13 მუხლებში, რომელიც ჯეროვანი სიზუსტის დაცვას ეხება, ვკითხულობთ: “ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით. (...) მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე. მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს დასაზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რაც თავის თავში გულისხმობს ფაქტების გადამოწმებას იმ ადამიანთანაც, რომელსაც ამბავი ეხება.
რაც შეეხება რესპონდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მისამართით, აღნიშნულზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #7 მუხლში ვკითხულობთ: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
მუხლის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული სახის დისკრიმინაცია არ უნდა ჩანდეს ჟურნალისტის პოზიციაში, საჯარო პირის მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამის დატოვება უნდა მოხდეს, კერძო პირის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამოჭრა, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.