ანთიმოზ ბიჩინაშვილის სიძულვილის ენა „იმედზე“
07.04.2015
27 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ტოკ-შოუ „რეაქციაში“, არქიმანდრიტმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა სამომავლო გეგმებსა და ახალი ორგანიზაციის - "17 მაისის" დაფუძნების შესახებ ისაუბრა.

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი საუბრის დროს "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს "თბილისი ბორდელად იქცა":


"ვარდების მოედანზე ჩაბრძანდით ქვემოთ და რა ხდება? არის ღამის კლუბები. არაბები არიან, თურქები არიან, ქართველი გოგოები შედიან და მაპატიეთ და პუტანკობენ და რა ვიცი, ათასი სისაძაგლეა", - განაცხადა ბიჩინაშვილმა და საკუთარ მოსაზრება იქვე კიდევ ერთი მაგალითით განავრცო:

"ავიღოთ დავით აღმაშენებლის, ძველი პლეხანოვის გამზირი, გააკეთეს ლამაზად ყველაფერი და შემდეგ მიყიდეს თურქებს. დღეს გაივლით და თურქების ბირჟებია და მაპატიეთ და ბორდელებია გახსნილი, სადაც ღამე მიდიან, თურქები შედიან და ახალგაზრდა ქართველი გოგოების პროსტიტუცია ხდება".

"რეაქციის" წამყვანი რესპონდენტის მიერ გამოთქმულ არატოლერანტულ გამონათქვამებს არ გაემიჯნა.

Mediachecker-ის მედიამონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილის ნათქვამში ეთნიკური არაბები და თურქები ნეგატიურ კონტექსტში არიან ნაჩვენები. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ქართველი გოგონების პროსტიტუციაში ჩაბმაა.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის მიხედვით კი, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“. რესპონდენტის მიერ პირდაპირ ეთერში გამოთქმულ დისკრიმინაციულ გამონათქვამს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ